სამართალი და კრიმინალი

კანონი, რომლითაც გიორგი გაბუნიას გვარამია სამსახურიდან გაუშვებს

არჩილ კაიკაციშვილი, ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე:

_ მოდი, დავლაგდეთ სამართლებრივად (აბა, სხვანაირად ვერ ვლაგდებით)

გიორგი გაბუნიაზე ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსი. გაბუნია – „დასაქმებულია“, გვარამია – „დამსაქმებელი“. ტელეკომპანიის დირექტორმა საჯაროდ განაცხადა, რომ “რუსთავი 2″ არ იზიარებს გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს” და თქვა, რომ ემიჯნება.

თუ ემიჯნება, მაშინ „დასაქმებულმა“ უდავოდ დაარღვია შრომის ხელშეკრულება. შესაბამისად, გვარამია ვალდებულია გაბუნიას შეუწყვიტოს შრომითი კონტრაქტი.

კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კანონი ამბობს – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

იკითხავთ, იყო თუ არა დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა, გეტყვით, რომ „დიახ!“. კერძოდ, 2018 წლის მარტში „დამსაქმებელმა“ გვარამიამ თქვა – „გიორგი გაბუნიას საყვედური გამოეცხადა, თუმცა მისი განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში“. შეგახსენებთ, არხის დირექტორმა გაბუნია სწორედ ქრისტეს შეურაცხყოფის გამო დისციპლინური წესით გააფრთხილა.

დღეს ტელეკომპანია ბოდიშს იხდის და საკითხს არხის თვითრეგულირების საბჭოში სამართლიან განხილვას გვპირდება. ჟანრი იუმორისტულია, მაგრამ მაინც. ადეკვატური ნაბიჯი მხოლოდ გაბუნიასთან შრომითი ურთიერთობების დასრულებაა. გაბუნია უნდა წავიდეს!

ვხუმრობ, მაგრამ მაინც.

Related Articles

Back to top button
Close