საზოგადოება

სისხლიანი 7 ნოემბერი (ჩანაწერი ჟურნალისტის დღიურიდან)

(ჟურნალისტის დღიურიდან)

სისხლიანი 7 ნოემბერი

რუსთაველი
-ეს დღე დაიწყო იმით, რომ საწვიმრებში თავშეფარებულმა პოლიციელებმა მშვიდობიანი მოშიმშილეები დაარბიეს. ამის შემდეგ ტელევიზიით გამოვიდა ქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და განაცხადა, რომ მათ მხოლოდ წესრიგი დაიცვეს და რუსთაველი კარვების ქალაქად ვეღარასოდეს იქცეოდა. ნაცემ მოშიმშილეებსა და მათზე თავდასხმის კადრებს `ტელე-იმედით~გამუდმებით უჩვენებდნენ. ხალხმა მომიტინგეთა მხარდასაჭერად პარლამენტთან მისვლა დაიწყო, მაგრამ იქ უკვე იდგა პოლიციის კორდონი. მათი მეშვეობით რუსთაველზე მოძრაობა აღდგენილი იყო და საპატრულო პოლიცია ამ მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობდა. პარლამენტთან ოპოზიციის ლიდერებიც მივიდნენ. კოლმეურნეობის მოედანთან ოპოზიციის დროშებიანი ავტომანქანები შეიკრიბა. მათ ხელისუფლების ქმედებების გასაპროტესტებლად ქალაქი სიგნალებით უნდა შემოევლოთ. მე და ჩემი ჟურნალისტი მეგობარიც ამ კოლონას გავყევით, რის შემდეგაც მოვლენების შუაგულში აღმოვჩნდით. კოლონას პირველად რუსთაველის გამზირი უნდა გაევლო და ისე გასულიყო ქალაქის სხვა ქუჩებში, მაგრამ დავიძარით თუ არა, გვერდით ათამდე საპატრულო მანქანა ამოგვიდგა და სირენების წივილ-კივილით “პიონერთა სასახლემდე” მიგვაცილეს. იქ გზა უკვე გადაკეტილი დაგვხვდა. კოლონა მყისიერად შემობრუნდა და ნაძალადევისკენ აიღო გეზი. ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას ავტომანქანებიდან მეგაფონებით მიტინგზე მისვლას სთხოვდნენ, დარბეული მოშიმშილეების მხარდასაჭერად: “ქართველ ხალხს ხოცავენ, მიტინგზე მოდითო!”~ ხალხი მაღაზიებიდან და სახლებიდან გამორბოდა და ავტოკოლონას ხელების ქნევით ხვდებოდა. გზაზე სხვა მანქანებიც გვემატებოდა. ნაძალადევიდან წერეთლის პროსპექტზე ჩავედით, იქიდან გმირთა მოედანზე და საბურთალოსკენ გავწიეთ. “დელისის” მეტროსთან ვაკის მხარეს ჩავუხვიეთ, საიდანაც რუსთაველზე ჩავედით. ვაკეში ეკა ბესელიას მანქანაც შემოგვიერთდა. ამ პერიოდში გრიბოედოვის ქუჩაზე გზის გაგრძელება მანქანებით უკვე შეუძლებელი გახდა, ამიტომ პარლამენტის მხარეს ფეხით გავეშურეთ. როგორც ამბობდნენ, პოლიციელები და სპეცრაზმი იქ ხალხს უკვე ურტყამდა კონდახებს და ცრემლსადენი გაზის ბალონებს ესროდა.

10749098_720069231406566_830880464_n
გრიბოედოვის ქუჩაზე გონებადაკარგულ და თვალებდაწითლებულ ადამიანებს მოარბენინებდნენ. ყველა მხრიდან ექიმს ეძახდნენ. მედპერსონალს პირველადი დახმარების გაწევაში იქ მცხოვრები მოსახლეობაც ეხმარებოდა. მათ ოჯახებიდან სოდიანი წყალი გამოჰქონდათ და მოწამლულ ხალხს სახეზე უსვამდნენ, სოდას ასუნთქებდნენ, რომ გაზს მოქმედების ძალა დაეკარგა.

10799307_720069434739879_1271900207_n

კონსერვატორიამდე არ ვიყავით მისული, რომ მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თინა ხიდაშელი შეგვხვდა. მასაც სახეზე სოდიან წყალს ასხამდნენ. ლაღიძის ქუჩით რუსთაველზე ჩასვლას შევეცადეთ. პროსპექტზე აღშფოთებული ხალხის დიდი მასა პარლამენტისკენ მიიწევდა. აირწინაღებში და ჯავშანჟილეტებში გამოწყობილი “სპეცნაზელები” კი მათ რეზინის ტყვიებს, გაზის ბალონებს ესროდნენ და უკან ახევინებდნენ. ირგვლივ ბურუსი იდგა, ხალხის გუგუნს სროლისა და შეძახილების ხმა უერთდებოდა. თავბრუდახვეული და გონდაკარგული ხალხი ვიწრო ქუჩებში შერბოდა. მათ მაღაზიებსა და ბინებში ასულიერებდნენ. გაზმა გონება რამდენჯერმე ჩვენც დაგვიბინდა, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსვლას და “წინა ხაზზე” დაბრუნებას მაინც ვახერხებდით. ბრგე მამაკაცი უგონოდ მყოფ 4-5 წლის გოგონას მოარბენინებდა და გაბზარული ხმით ყვიროდა, ჩქარა, ექიმი, დამეხმარეთო! მოწამლული ხალხი არც სპეცრაზმელებთან და პოლიციელებთან დანებებას აპირებდა და არც მხნეობას კარგვდა. რუსთაველს “საქართველო! საქართველო!”-ს შეძახილები აყრუებდა.

1392619552_7-noemberi
ლაღიძის ქუჩაზე თვალებდაწითლებული, სახეშეშუპებული სასულიერო პირები ამოვიდნენ, ეტყობოდათ, მათაც გაზი ჰქონდათ ნასუნთქი. ხელში რამდენიმე რეზინის შავ ბურთულას ატრიალებდნენ. როგორც გვითხრეს, სპეცრაზმელებს ეს “ტყვიები” მათთვისაც უსვრიათ. მოძღვრები ნივთმტკიცების პატრიარქთან წაღებას აპირებდნენ. მამა დავითმა, სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმა გვითხრა: “რაც ხდება, ყველა თვალნათლივ ვხედავთ. სამწუხაროდ, მთავრობა ძალიან ცუდად იქცევა. ეს ანტიქრისტიანული და ანტიქართულია. ყველაფერს ყიდიან _ შენობებს, ტყეებს, მიწებს, ეკლესიებს ანგრევენ, მამათმავლები ხელისუფლებაში მოჰყავთ. პოლიტიკურ განცხადებად ნურავინ ჩამითვლის, მაგრამ ამას ქვეყნის დანგრევა ჰქვია და სხვა არაფერი. ჩვენი ბრალია ახლა რაც ხდება, რადგან ანტიქართული ძალის მოსვლას ჯერ ხელი შევუწყეთ, შემდეგ ყველაფერი ცალ-ცალკე შევარჩინეთ. ტაძარი დაანგრიეს, მაგრამ ამას ზოგიერთმა გაუგებრობა უწოდა. ეს სისხლისღვრა და უბედურება რომ არ მომხდარიყო და ხალხი შეგვეჩერებინა, სამი მღვდელი წინ გავედით, მაგრამ რეზინის ტყვიები და გაზის ბალონები ჩვენც დაგვიშინეს. ფეხებში გვიფეთქდებოდა და რა უნდა გვექნა? _ გამოვიქეცით”.

10385114_720081258072030_2104430491_n
ამ დროს ხალხს ბარბაცით მაღალი მამაკაცი გამოეყო და კედელთან ჩაიკეცა. ყელზე ფოტოაპარატი ეკიდა. სოდიანი წყლით ჩვენ მოვასულიერეთ. იგი საქართველოში მცხოვრები ფრანგი, ოღერიან ჟიღოვი აღმოჩნდა. კადრებს ერთ-ერთი ფრანგული გამოცემისთვის აგროვებდა და ამ ქარცეცხლშიც ამიტომ მოხვდა. რუსთაველზე ორომტრიალი და გაუგებრობა, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა.

10799724_720069118073244_1593187726_n
ოთხი საათი და თხუთმეტი წუთი იყო, კონსერვატორიასთან, პირადი დაცვით, კობა დავითაშვილი რომ მოვიდა. ის შავი ფერის ჯიპში ჩასვეს. რამდენიმე ბიჭი მანქანაში ჩაუსხდა, დანარჩენი კი ჯიპს გარედან შემოუდგა, ავტომანქანას ხელებსაც კი აფარებდნენ. იგი სამშვიდობოს გრიბოედოვის ქუჩიდან გაჰყავდათ. ბატონმა კობამ მხოლოდ ის გვითხრა, რომ თავს ცუდად არ გრძნობდა და ხალხი, ამჯერად, რიყეზე უნდა შეკრებილიყო. მისმა ნათქვამმა ერთ წამს ჩაგვაფიქრა. მოგვეჩვენა, რომ ხელისუფლება იქაც თუ შეეცდებოდა ხალხის დაშლას, მათ ალყაში მოქცევას ადვილად შეძლებდა, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ამ საფრთხეს ოპოზიციის ლიდერებიც გაითვალისწინებდნენ და ცოტა დავმშვიდდით. მოგვიანებით, ჩვენი ეჭვი გამართლდა, რადგან განგებ თუ უნებლიედ, ვიღაცამ ხალხი საკმაოდ სარისკო ადგილზე მიიყვანა.

10804988_300745356797637_14820185_n

რიყე
რიყისკენ გზა იმავე ავტომანქანით გავაგრძელეთ, რომლითაც რუსთაველზე მივედით. ხალხი ფეხით გარბოდა. მანქანების სიგნალებით იქაურობა გაყრუებული იყო. მომხდარით აჟიტირებული მასა ყვიროდა, “წავიდნენ აქედან, სატანები!”, “სისხლისმსმელებო, მოგვცილდით!”  ბარათაშვილის ხიდთან კოლმეურნეობისკენ მიმავალი სამანქანო გზა სპეცრაზს ჰქონდა გადაკეტილი. რიყეზე ხალხმა კონცერტებისთვის მოწყობილი სცენისკენ აიღო გეზი. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი მელაშვილი, შევნიშნეთ და გზა მასთან ერთად გავაგრძელეთ: “ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ცივილიზებულობასთან არანაირი საერთო არ აქვს. როგორც ვიცი, საპროტესტო გამოსვლები საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიწყო. ამ ყველაფერს ხელისუფლების წევრებისთვის დიდი უბედურება მოჰყვება. მათ სასწრაფოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თორემ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. პრეზიდენტი საქართველოდან გაიქცა და რურუა და ბოკერია მართავენ ქვეყანას”, _ გვითხრა მან. დაცვას ნაცემი გუჯაბიძეც მოჰყავდა. ეტყობოდა, კარგად რომ არ იყო, მაგრამ მაინც საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. გვითხრა, ფეხზე ძლივს ვდგავარ, მაგრამ არ დავეცემი, ამ უნამუსოებს თუ ჰგონიათ, რომ ვინმე წაიქცევა ან ქართველი კაცი ვინმეს რამეს დაუთმობს, ძალიან ცდებიან. იმედი მაქვს, დაინახეს, ასე რომ არაა”. ამ დროს ზვიად ძიძიგურიც გამოჩნდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკითხვის შემდეგ, მომხდარზე კომენტარი ვთხოვეთ, _ მაგრად ვარ, მაგრამ ლაპარაკი არ შემიძლიაო, _ გვიპასუხა.

10754826_300745270130979_156243911_n
ლიდერები სცენაზე რომ ავიდნენ, ოთხს ოცი წუთი აკლდა. იქ შეგროვილ მოსახლეობას გამწარებული ხალხი ემატებოდა და ემატებოდა. ისინი რიყისკენ სირბილით მოდიოდნენ, ზოგიც მოედანს მტირალა კლდის მხრიდან გადმოჰყურებდა. ამ დროს ლევან ბერძენიშვილი და ივლიანე ხაინდრავაც გამოჩნდნენ. ამ არეულობისგან ჩვენც ისე ვიყავით გადაღლილები, თავდაპირველად ივლიანე მისი ძმა, პატიმრობიდან იმ წუთებში განთავისუფლებული გოგა ხაინდრავა გვეგონა და ბატონო გოგა, როგორ ხართო, ვკითხეთ, _ “ივლიანე ვარ, მაგრამ გოგაც ძალიან მალე აქ იქნება. იგი თავისუფალია, ცოტა ხმა აქვს ჩახლეჩილი, სხვა არა უშავსო,” _ მოგვიგო. მომხდარზე კომენტარი ლევან ბერძენიშვილს ჩამოვართვით:
_ საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ იგი აღარ არის ლეგიტიმური. დღეს მან ყველანაირი ნდობა დაკარგა. საქართველოში ჩატარდა აქცია, რომელიც მასშტაბებით იმეორებს და ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, აჭარბებს კიდევაც აპრილის აქციას. აჭარბებს იმიტომ, რომ მაშინ დარბევას იმპერიის ჯარი აკეთებდა, ახლა კი ქართულმა სახელმწიფომ გააკეთა. ჩემი აზრით, სააკაშვილს გამოსავალი აღარ აქვს. არა მგონია, იგი ქვეყნიდან იყოს გაქცეული, უბრალოდ, წასული იქნება საქეიფოდ. ალბათ, აღნიშნავს, ბევრი ადამიანი რომ გააწვალა და ააცრემლა. 9 აპრილის შემდეგ კომენდანტის საათი გამოაცხადეს, მაგრამ ხალხი რუსის ჯარს არ ეპუებოდა. ქართველი ხალხი ძალადობას ვერ იტანს და არც დაუშვებს. როცა ხელისუფლებამ ამდენიც არ იცის, რა უნდა ელაპარაკო? ჩვენ ძალადობა არ გვინდა, ეს თავად ხელისუფლებამ გააკეთა. მთელმა მსოფლიომ ნახა, სააკაშვილი ვინ არის. რეზინის ტყვიები, რომელსაც ხალხს უშენდნენ, მიშას დიდი ხანია აქვს და დარდით კვდებოდა, რომ ვერ იყენებდა. ხალხს ხელისუფლება ასე რომ გაუსწორდებოდა, ამის წარმოდგენა შემეძლო. როცა ასლან აბაშიძის საკითხი წყდებოდა, მიშა ბათუმის თვითმფრინავებით დაბომბვას გეგმავდა. გავიგეთ, ვისთანაც გვქონდა საქმე და ოპოზიციაშიც ამიტომ წავედით. ”
მერე რიყეზე შეკრებილ ხალხს დავით ზურაბიშვილიც შეუერთდა. როგორც გვითხრა, ისიც მოწამლულა გაზით: „საკმაოდ სერიოზულ შეტევაში მოვხვდი. მე, თინა ხიდაშელი და დავით ბერძენიშვილი ნიღბიანების `კედელთან~ ვიდექით, იქ მომდგარი უამრავი ხალხი რომ შეგვეკავებინა, მაგრამ სპეცრაზმელების კორდონის უკან მდგომი ავტომანქანიდან გაზის ბალონების სროლა დაიწყეს. მერე ყველაფერი აირია. ამ ყველაფერს ველოდი. ვისზე და რა ხალხზე ვლაპარაკობთ, თქვენი ჭირიმე. მომხდარის ირგვლივ რა განცხადებებს აკეთებენ. ისევ ბადრი და ერთი მუჭა ოპოზიციონერებიო, გაიძახიან. ქართველი ხალხი ისევ პრეზიდენტის გვერდით მდგარა და ა. შ. შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ. ყველაფერი ასე ადვილად არ დასრულდება. ამას ჩვენ ასლანიზაციის პროცესს ვეძახით. რასაც ის ბათუმში აკეთებდა, იმას აკეთებს სააკაშვილი მთელს საქართველოში და მის მსგავსად დაასრულებს კარიერასაც”

10805357_300745373464302_1866404644_n
ოთხს ათი წუთი აკლდა, მომიტინგეებს გოგა ხაინდრავამ რომ მიმართა. ხალხი ყიჟინით და “საქართველო! საქართველო!”-ს შეძახილებით შეხვდა. იქ მდგომნი პრეზიდენტის გადადგომის ვერსიებზე მსჯელობდნენ. ზოგი ფიქრობდა, რომ მისთვის მიმართვა დაეწერათ და ხალხს თანხმობა ხელისმოწერით დაეფიქსირებინა. ზოგიც ისე იყო მომხდარის გამო გაგიჟებული, ამ აზრს არ ეთანხმებოდა და გაიძახოდა, როგორც მოვიდა, ისე წავიდესო. რიყე ხალხით ივსებოდა. რამდენიმე ყავარჯნიანი მამაკაციც დავინახეთ. ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იქ ფეხმძიმე ქალიც იყო მოსული. ბავშვი 3 წლამდე იქნებოდა, _ აქ რამ მოგიყვანათ, ვერ ხედავთ, რა ხდება? _ ვკითხეთ გაოცებულებმა, _ არაფრის არ გვეშინია, ორი უფროსი შვილი ამჟამად სკოლაშია, დაბრუნდებიან და ისინიც აქ მოვლენ.
მამაცი ცოლ-ქმარი სამუშიები აღმოჩნდნენ. ოთხ საათზე რამდენიმე პიროვნებასთან ერთად ჩვენი კოლეგა, ნანა ლეჟავაც მოვიდა. ექიმები მოსახლეობას პირბადეებს ურიგებდნენ, რადგან აქაც თუ მოხდებოდა გაზის გაშვება, ამით მაინც რომ დაეცვათ თავი. ხალხი ვიღაცას შემოეხვია და ჩვენც იქით გავიქეცით. კაცს ტანსაცმელი და სახე დასისხლიანებული ჰქონდა. როგორც თავად ამბობდა, პოლიციელებმა ხელკეტები ურტყეს. მას ერთი ფეხი აფხაზეთის ომში ჰქონდა დაკარგული და პროთეზი ეკეთა. გვერდით რუსი მამაკაცი ედგა, რომელსაც ხელის მტევნების პროთეზი ჰქონდა. ისიც აფხაზეთის ომის მონაწილე აღმოჩნდა: “როდიონოვ პლიუს სააკაშვილი, ეტა ადნო ცელაია, ი ბოლშე ნიჩევო. ეტო როდიონოვ ბილ დლია გრუზინსკოი ნაციი ნულ, სააკაშვილი, მინუს დვა ნულია!” _ გვითხრა აღშფოთებულმა.
ხუთის თხუთმეტ წუთზე დაცვით გია მაისაშვილიც გამოჩნდა და პირდაპირ ტრიბუნისაკენ აიღო გეზი. მას შალვა ნათელაშვილი მოყვა. ხალხი ამბობდა, რომ ხელისუფლებას სპეცრაზმელები `ყვითელი~ პოლიციელების მაკონტროლებლადაც ჰყავდა გამოშვებული, თუ ვინმეს დაინდობდნენ ან წაქცეულს წამოაყენებდნენ, მათ თავად სპეცრაზმელები უსწორდებოდნენო. ერთი ქალი ყვებოდა, როგორ გადაეფარა პოლიციელს, რომელსაც მოხუცი ქალბატონის ფეხზე წამოყენებისთვის სპეცრაზმელები ურტყამდნენ.

15

 

ხუთის ნახევარზე აქციას “საქართველო! საქართველო!”-ს შეძახილებით სტუდენტების ერთი ჯგუფი შეუერთდა. უცნობი ქალბატონი ამტკიცებდა, ერთი საათის წინათ გაწმენდილ რუსთაველზე მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა ფეხით ჩაიარეს, ქაშვეთის ტაძრის წინ ვიდექით და იქიდან ავუტეხეთ ყვირილი და ლანძღვა-გინებაო.

Georgia's Interrior Minister Ivane Merabishvili speaks on the celullar phone in front of the parliament building in Tbilisi
ხუთის ოც წუთზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამების ეკლესიასთან, ჯარისკაცებით სავსე სამხედრო ავტომანქანების კოლონა ჩაატარეს და მეტეხის ხიდით რიყის მხარეს გადმოიყვანეს. ხალხი მათ გინებით და შეძახილებით შეხვდა. კოლონა არ შეჩერებულა და გზა საბჭოს ქუჩის მიმართულებით გააგრძელა. ამ დროს “საქართველოს გაუმარჯოს!” შეძახილებით მამაკაცების ერთი ჯგუფი გამოჩნდა, რომელთაც ხელში აირწინაღები ეჭირათ. როგორც ამბობდნენ, რიყეზე ხალხი რომ არ მისულიყო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეტრო გააჩერეს, ხაზებიდან კი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მოხსნეს. ზოგიერთ რაიონში შუქიც გამორთული იყო. რიყეზე დადიოდა “რადარებიანი” ავტომანქანა, რის შემდეგაც ყველას მობილური ტელეფონი გაითიშა. ამის შენდეგ მოვლენებს უკვე ბარათაშვილის ხიდთან ახლოს, რიყის დასაწყისიდან ვაფიქსირებდით.

10806979_720069511406538_2136095261_n
ზუსტად ექვსის თხუთმეტ წუთზე, დაცვასთან ერთად, ავტომანქანისკენ მიმავალი ზვიად ძიძიგურიგამოჩნდა. დაგვაინტერესა, რატომ მიდიოდა და უკან გამოვეკიდეთ, მაგრამ გვთხოვა, რომ არ შეგვეჩერებინა. მისი ავტომანქანა გავიდა თუ არა ბარათაშვილის ხიდთან, სროლის ხმა გაისმა. ხიდიდან ხალხი რიყის მიმართულებით გამორბოდა, უკან კი ჯარისკაცები და ყვითელი პოლიციელები მოსდევდნენ. ჩვენ მანქანის ხიდის ქვეშ შეფარება მოვასწარით, ჯარმა და პოლიციამ რიყეზე შეგროვილი ხალხი ალყაში რომ მოაქცია, ირგვლივ ქალების წივილი, მამაკაცების ყვირილი, გინება და სროლის ხმა ერთმანეთში იყო არეული.
ავლაბარი
მე და ჩვენმა მეგობარმა, რიყეზე დატრიალებულ ხოცვა-ჟლეტას რამდენიმე წამით გავასწარით, მაგრამ ფოტოკორესპონდენტი დავკარგეთ. იგი ამ დროს კადრებს აგროვებდა და იქ დატრიალებული მოვლენების შუაგულში მოხვდა. როგორც შემდეგ გვითხრა, გაზის ბალონი ფეხებთან დაუგდეს, პოლიციელები ხელკეტებით მოსდევდნენ, მაგრამ სასწაულად გადაურჩა გადათელვას. გაზით გულშეღონებული ქალები და ბავშვები თავის შეფარებას მეტეხის ტაძარში აპირებდნენ, მაგრამ ზემოდან სპეცრაზმი გაზის ბალონებს უყრიდა და იქ შესვლის საშუალებას არ აძლევდა. ხალხი ავლაბრის მიმართულებით გარბოდა, უკან კი ხელკეტებით და გაზის ბალონებით შეიარაღებული ჯარისკაცები და პოლიციელები მოსდევდნენ. მოგვიანებით, მასთან ტელეფონით დაკავშირება შევძელით და ვუთხარით, რომ ავლაბრის მეტროსთან დაველოდებოდით. რიყის აღმართზე “ვარსკვლავური ომების”გმირი “რაინდები” დაგვხვდნენ. თავი სიზმარში მეგონა. ვერ ვიჯერებდი, რომ ამ ყველაფრის შემსწრე და მონაწილე ვიყავი.

დარბევა2

ავლაბრის მეტრომდე მისვლა ვიწრო ქუჩით ძლივს მოვახერხეთ. ჩვენი ფოტოგრაფის მოსაძებნად მანქანიდან გადმოსვლა დავაპირეთ, მაგრამ ფეხი გადმოვდგით თუ არა, მაშინვე თვალებზე ვიტაცე ხელი, რადგან მომენტალურად მხედველობა დავკარგე. როგორც ჩანს, აქ იმაზე ძლიერი გაზი გამოიყენეს, ვიდრე რუსთაველზე იყო. ხალხი უკანასკნელ ძალას იკრებდა და სამების საკათედრო ტაძრისკენ გარბოდა. სხვებსაც ეძახდნენ, გაიქეცით, ჯარი უკან მოგვყვებაო. ზოგს რეაქცია უკვე დაკარგული ჰქონდა და ბარბაცითღა მიიწევდა წინ. ჩვენი იქ გაჩერება უკვე შეუძლებელი იყო და ერთ-ერთ ვიწრო ქუჩას შევაფარეთ თავი. ხალხი სახეზე ნაჭრებაფარებული დარბოდა.
რამდენიმე წუთში ფოტოგრაფმა თავად მოგვძებნა და ჩვენც ცოტა დავწყნარდით. თვითონაც ვერ ხვდებოდა, გაზით მოწამლულს რა ძალამ შეაძლებინა, ავლაბრის აღმართის ამორბენა და ჩვენი პოვნა. ვიწრო ქუჩებით გავაღწიეთ საბირთალომდე. მეგონა ასე დასრულდა ეს ტრაგიკული საღამო. თუმცა ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დღის განმავლობაში განცდილი შოკი უფრო გაგვიძლიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული არავინაა, დაშავებულებიდან კი მხოლოდ პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს გვიჩვენებენ, რომლებმაც საკუთარი მოძმის მიმართ ხელი აღმართეს და ხალხი სასიკვდილოდ გაიმეტეს. თვალებიდან არ მცილდება ორსული ქალი, რიყეზე ქმარ-შვილთან ერთად რომ იყო მოსული, ის ხეიბარი მამაკაცები. ვერ ვიჯერებ, რომ იმ სიტუაციაში თავის გადარჩენა შეძლეს. ხალხში ათასი ჭორ-მართალი ვრცელდება. ამბობენ, რომ დაღუპულებიც არიან, რომელთა შორისაც რამდენიმე ბავშვია. არაოფიციალური წყაროებიდან ისიც შევიტყეთ, რომ სანამ თბილისში ეს ამბები დატრიალდებოდა, აეროპორტში, ერაყიდან, ჯარისკაცებით სავსე სამი თვითმფრინავი დაჯდა. არ არის გამორიცხული, გაზით, ხელკეტებით და რეზინის ტყვიებით ხალხის შეჩერება რომ ვერ მოეხერხებინათ, ხელისუფლებას სხვა საშუალებებიც გამოეყენებინა.

მოგებულ-წაგებულნი
მართალია, რაც მოხდა ბევრისთვის მიუღებელია, მაგრამ ხელისუფლებამ ბოლო შანსი გამოიყენა, რითაც ძალაუფლება და არსებობა გაიხანგრძლივა. ცხადია, ისინი, ჯერჯერობით, მოგებულთა სიის პირველი ნომრები არიან. საკრებულოს თავმჯდომარემ, ყოფილმა ლეიბორისტმა, ზაზა ბეგაშვილმა, სახალხოდ გამოუცხადა მადლობა სპეცრაზმს და ვარსკვლავთომის ერთ-ერთი გმირი~ გულშიც ჩაიხუტა. პოლიციისა და ჯარის მიმართ მადლიერება პარლამენტის სხდომაზეც გამოთქვეს. ასე რომ, პარლამენტის უმრავლესობაც გამარჯვებულთა რიცხვს განეკუთვნება. მათ საპარლამენტო ოპოზიციაც მოსდევს, რადგანახლების~ ლიდერს, დავით გამყრელიძეს, საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ისეთი შანსი მიეცა, სიზმარშიც რომ ვერ ნახავდა. გაუგებარია, გია მაისაშვილის ოპოზიციურ გაუგებრობაში~ აღმოჩენაც, რადგან სანამ რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდოდა, წინა დღეს აცხადებდა, რომ ქუჩის აქციებისა და დემონსტრაციების მომხრე არ იყო. ამჟამად მას დიდი იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილს დაამარცხებს.
პრეზიდენტის მიერ
ნავერწილე კაცად შერაცხული კობა დავითაშვილის უცნაური თავგადასავალიც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. კაცი, რომლის ავტომანქანასაც დაცვის წევრები, ლამის, ზემოდან ეფარებოდნენ და ქალაქში ისე დაჰყავდათ, უცებ როგორ აღმოჩნდა ელიავას ბაზრობაზე ხმის გამაძლიერებლების საყიდლად, ან დაცვის ათამდე წევრმა ვის და როგორ აცემინა იგი? როგორ მოხვდა გორის ჰოსპიტალში, როცა თბილისი საავადმყოფოებითაა სავსე? დახმარებას აქ ხომ გაცილებით სწრაფად აღმოუჩენდნენ? თუ მეხსიერება არ მღალატობს, ბატონ კობას, პრეზიდენტობის სურვილი რომ ჰქონდა, მანამდე ეს არასდროს დაუფიქსირებია. გორის ჰოსპიტალში ისეთი რა მოხდა, რომ ორ დღეში ასეთი ამბიცია გაუჩნდა? მოკლედ, ჯერჯერობით, ბოლომდე გაუგებარია, რომელ სიას განეკუთვნება იგი _ მოგებულების თუ წაგებულების? ამის დაჯერება არ გვინდა, მაგრამ ცოტა გაურკვეველია კობას ოჯახის ერთ-ერთი ნათლიის, ზვიად ძიძიგურის საქციელიც. ჩვენი ეჭვით, როცა იგი რიყეს ტოვებდა, უკვე იცოდა, რომ ხალხს ალყაში აქცევდნენ და მათ დასარბევად ხელისუფლება ჯარს იყენებდა, ამიტომაც გვთხოვა, რომ არ შეგვეჩერებინა.
რაც შეეხება წაგებულთა სიას: ყველაზე მეტად ამ ამბებმა ჩვეულებრივი ხალხი დააზარალა! უამრავ ადამიანს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული და მდგომარეობიდან გამოსვლა უჭირს, მაგრამ ამაზე უკვე აღარავინ საუბრობს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ რამდენიმე ლიდერზეა აღძრული.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close