საზოგადოება

,,საჭმელი აღარ შეაქვთ, 150 პატიმარი შიმშილობს…”-გიორგი თევზაძე ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს და დაუყონებრივ რეაგირებას მოითხოვს.

2017 წლის 5 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო GYG. GE -მ გამოაქვეყნა სტატია: ,,ხატები თავზე დაახიეს ბიჭებს – სტამბოლის ციხეში საქართველოს 150 მოქალაქე შიმშილობს.“ აღნიშნულ წერილს გამოეხმაურა უფლებადამცველი, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაცია „ემინისტიის” წევრი გიორგი თევზაძე და მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, თურქეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და პირადად ელჩს, რომ დაინტერესდნენ გავრცელებული ინფორმაციის ობიექტურობით და დადასტურების შემთხვევაში, განახორციელონ შესაბამისი რეაგირება.

,,ამ სტატიის მიხედვით, თურქეთის საპყრობილეში საქართველოს მოქალაქეები არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან, რისი აღმოფხვრაც ხელისუფლების პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. ამასთანავე, როგორც სტატიაშია აღნიშნული მათ „ხატები თავზე დაახიეს”, რაც რელიგიურ აღმსარებლობას შეეხება. ეს გახლავთ სენსიტიური საკითხი, თუმცა მეგობრობა და პატივისცემა ორმხრივია” _ აღნიშნავს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

GYG. GE -ს სტატიის მიხედვით, თურქეთის ციხეში გამოკეტილი პატიმრების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. პატიმრები დიპლომატიურ წარმომადგენლებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ციხეში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერენ. მათი მეუღლეები აცხადებენ, რომ დაკავებულებს საკვებს არ აძლევენ. მეტიც, მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლებაც შეზღუდული აქვთ.

მალტეპეს ციხიდან პატიმრებმა ოჯახთან დაკავშირება შეძლეს და დახმარება ითხოვეს. ,,4 დღეა საჭმელი აღარ შეაქვთ, 150 ქართველი პატიმარი შიმშილობს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სალოცავი კუთხის არსებობაა. საელჩოში განცხადება შევიტანეთ, გვეუბნებიან, რომ შევლენ, თუმცა 4 დღე უშედეგოდ ველოდეთ. პატიმრები საქართველოდან დახმარებას ელოდებიან, თუმცა საელჩოდან მათთან არავინ მიდის,”- აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე.

კიდევ ერთი ქართველი მსჯავრდებულის ცოლი ყვება, რომ პატიმრებს საკანში არსებული ხატები ,,თავზე დაახიეს”. “თავიანთი სალოცავი კუთხე ჰქონდათ მოწყობილი და რომ იტყვიან, დაურბიეს. შიმშილობა დაუწყიათ, ნორმალური საკვები არ არისო… მოთხოვნებზე კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს. რადგან შიმშილობა გამოაცხადეს, საჭმელი აღარც მიაქვთ – მაინც არ ჭამთო. სხვადასხა ნომრებიდან ვრეკავთ საელჩოში, თუმცა რეაგირება არ აქვთ. კი, დამნაშავეა, სასჯელს იხდის, თუმცა ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კაცი მოკლა?! მათ ელემენტარული მოთხოვნა აქვთ, სალოცავი კუთხე და ნორმალური საკვები უნდათ,”- აღნიშნა ,,კურიერთან” საუბარში პატიმრის მეუღლემ.

,,ძნელია, ასეთ ფაქტებს მეგობრული დამოკიდებულება უწოდო ან გაამართლო, რაიმე საბაბით” _ აცხადებს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close