საზოგადოება

როგორ გადაარჩინა აფხაზეთის მთავრობამ ბზის ენდემური ჯიში

 საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული ალდურას, იგივე ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. არადა, ბევრმა არც კი იცის, რომ აფხაზეთის მთავრობა ჯერ კიდევ გასულ წელს მავნებლის შემოსევასთან დაკავშირებით აქტიურად ჩაერთო ბზის ენდემური ჯიშის გადასარჩენად, რომელსაც მწერი განადგურებით ემუქრება.

ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე  ვახტანგ ყოლბაია გვესაუბრება:

  • ალდურა, იგივე ფაროსანა  ჯერ კიდევ სოჭის ოლიმპიადის დროს დააფიქსირეს, შემდეგ  გაგრაში და ასე შემოვიდა დასავლეთ საქართველოში. ამ მავნებელმა გაანადგურა ბზის ყველა ენდემური ჯიში, რომელიც ამ ტერიტორიაზე იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მთავრობამ ეროვნული პროგრამაც კი შეიმუშავა ბზის კულტურის ფიზიკურად გადასარჩენად. ამ საკითხზე საუბარი, ჟენევის ფორმატში თვითონ აფხაზებმა დაიწყეს, დაინტერესდნენ  საერთაშორისო ორგანიზაციებიც.  საქმეში ჩაერთო კავკასიის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია – „სენი“ და აფხაზეთის მთავრობასთან ერთობლივად გადავწვიტეთ რუხში აგვეშენებინა სასათბურე მეურნეობები. ერთ-ერთი სასათბურე მეურნეობა დავუთმეთ ბზის ენდემური ჯიშის გადარჩენას.
  • ანუ ბზის კულტურის გავრცელება დაიწყეთ?
  • დიახ. სამეგრელოს ტყეებში ჯანსაღი ჩითილები მოვიპოვეთ და ოცდაათი ათასი ნერგი გამოვიყვანეთ ჩვენს სასათბურე მეურნეობაში. აქ დასაქმებული გვყავს  იძულებით გადაადგილებული პირები,  რომელთაც სასათბურე  პირობებში ასევე მოჰყავთ კიტრი, პომიდორი, მწვანილი…   ამას ისევ დევნილები მოიხმარენ საკვებად.

.

  • მეურნეობის განვითარებაში  ვინ დაგეხმარათ?
  • მეურნეობა 3000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და მისი მშენებლობისთვის 90 ათასი ევროამერიკის საელჩომ   გამოგვიყო. ცნობისთვის, სამშენებლო პროცესშიც იძულებით გადაადგილებული პირები იყვნენ ჩართულნი. ამის შემდგომ, მეურნეობის ერთი ნაწილი  ჩავაბარეთ „სენს“ –  მას ბზის კულტურის ჩითილები უნდა გამოეყვანა. პარალელურად, უცხოელების დახმარებით, ასეთივე მეურნეობა მოეწყო გუდაუთაში და გამოდის რომ, ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვაკეთებთ ძალიან საჭირო საქმეს. ამ საკითხზე შეხვედრაც გვქონდა აფხაზებთან.
  • აფხაზებთან როგორ გქონდათ შეხვედრა, ეს შესაძლებელია?
  • იმას ვგულისხმობ, რომ დარგის სპეციალისტები და არასამავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათ შეხვდნენ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში და აზრები, შეხედულებები და გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.
  • ბატონო ვახტანგ, რას უპირებთ ბზას?
  • უკვე დავარიგეთ ბზა სკოლებში და  საპატრიარქოსაც მივართვით. მაგალითად, 1 სექტემბერს, ზუგდიდის 11-ე სკოლის  პირველკლასელებს, 50 ბავშვს საჩუქრად გადავეცით თითო ქოთანი ბზის ნერგი. გვინდა  ტრადიციად დავნერგოთ, რომ პატარებმა თავ-თავიანთ ბზებს სკოლის დამთავრებმადე მოუარონ და მიხედონ. ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსაც მოველაპარაკებით, რომ  მოხდეს ბზის ნერგების დარიგება სხვა სკოლებშიც. ცხადია, საპატრიარქო ამ წამოწყების  საქმის კურსშია.

.

  • საიდან გაჩნდა ეს იდეა – ბზის ნერგების ბავშვებისთვის გადაცემა?
  • ბზა ძალიან ნელა იზრდება. ვფიქრობ, ბავშვები ნერგებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მოტივაციაც მეტი ექნებათ, ვინაიდან ეს ხომ მათი საკუთარი ბზა გამოდის. ასე გამრავლდება ეს კულტურა. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა  ჩვენს მეურნეობაში  მეტი ბზა გავზარდოთ. ,,სენი“ გვპირდება, რომ ქვეყნისთვის ეს აუციელებელი პროექტი გაგრძელდება.  ამჯერად საზღვრისპირა სოფელ რუხში გვინდა უკვე  ღია გრუნტზეც ვსინჯოთ ბზის მოყვანა. სხვათაშორის, ჟენევაში შეხვედრისას აფხაზებმა განაცხადეს, რომ თანახმა არიან მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი პროექტი განავითარონ საქართველოსთან ერთად. ალდურემ, იგივე ფაროსანამ იქაც გაანადგურა მცენარეები, განსაკუთრებით  თხილი. საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე გამოყო თანხები და გალის მოსახლეობას დაურიგდათ პრეპარატები, ტანსაცმელი, საწვავი, ხელფასიც გამოეყოთ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოების ჩატარებისთვის. ბუნებრივია, აფხაზეთის მთავრობაც იყო ამ პორცესში ჩართული და გეგმაში გვქონდა 6 000 ჰექტარის დამუშავება, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გვიან მოგვაწოდეს საჭირო მასალები, მხოლოდ 3500 ჰექტარის დამუშავება მოხერხდა. მალე მეტ პრეპარატს მოგვაწვდიან  და აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close