ჯანდაცვა

სეზონური გრიპის ახალი ტალღა უკვე წამოვიდა _ რას გვირჩევენ ექიმები?

სეზონური გრიპის ახალი ტალღა უკვე წამოვიდა, ექიმები გრიპის ვაქცინის გაკეთებას გვირჩევენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის თავიდან ასაცილებლად ყველაზე კარგი საშუალება სწორედ ვაქცინაციაა.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება უბნის პოლიკლინიკასა და კერძო სამედიცინო დაწესებულებში უკვე შესაძლებელია. მისი საშუალო ფასი 25-40 ლარამდე მერყეობს. სახელმწიფო იმუნიზაციის ცენტრში გრიპის ვაქცინა ოქტომბრის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი და რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტები ვაქცინას უფასოდ გაიკეთებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ხათუნა ზახაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული ვაქცინა ფრანგული წარმოშობისაა, თუმცა კერძო დაწესებულებები თვითონ წყვეტენ რომელი ქვეყნის ვაქცინა შემოიტანონ. აღნიშნული ფრანგული პრეპარატი, ყველა საჯარო სამედიცინო დაწესებულებაში იქნება და ის ევროპის ჩრდილოეთი ქვეყნებისთვისაა გათვლილი.

როგორც ექიმები გვირჩევენ, რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტები დაუყოვნებლივ უნდა აიცრან გრიპის ვაქცინით. რისკ ჯგუფში არიან: შაქრიანი დიაბეტით, C ჰეპატიტითა და აივ ინფექციით დაავადებული ადამიანები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები, ორსულები და სამედიცინო პერსონალი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, რომ აცრას თითქმის არ აქვს გვერდითი ეფექტები, რადგან ის რეკომენდირებულია ყველა ასაკსა და მდგომარეობაზე და დაბალრექტოგენურია. ვაქცინის ერთადერთ გვერდითი მოვლენად შესაძლოა, მკვეთრი ალერგიის მქონე პაციენტებში მცირე ალერგიული ფონი დასახელდეს.

ელენე მეტრეველი

Related Articles

Back to top button
Close