საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) 50 მილიონი ევროს ეკვივალენტის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა 50 მილიონი ევროს ეკვივალენტის მოცულობის 7 წლამდე ვადიანობით სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რესურსის ათვისება შესაძლებელია დოლარში, ევროსა და ლარში დენომინირებულ ტრანშებად. ლარში დენომინირებული ტრანშის შესაძლო მოცულობა განსაზღვრულია რესურსის მთლიანი მოცულობის 50%-ით. ადგილობრივ ვალუტაში ტრანშის ათვისება ევროკავშირის Neighbourhood Investment Facility-ის მხარდაჭერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

 

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო  ბიზნესის (MSME), ასევე, საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების (MidCaps) საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებას მოხმარდება. რესურსი ქვეყანაში ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წახალისებასა და  ხელშეწყობისთვის არის მიმართული.

„მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ჩვენი მეორე ტრანზაქცია წარმატებით განხორციელდა. გრძელვადიანი და მულტისავალუტო რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს, სახსრები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოების განვითარების დასაფინანსებლად გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესდაკრედიტებისთვის რესურსის გამოყენება ადგილობრივ ვალუტაშიც შეგვიძლია. ეს მეტად გაამყარებს ჩვენს მოწინავე პოზიციებს ლარში დენომინირებული გრძელვადიანი ფინანსური რესურსის ბაზრისთვის მიწოდების კუთხით. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს პარტნიორობისთვის და იმედი მაქვს, სამომავლოდ კიდევ არაერთ გარიგებას დავასრულებთ წარმატებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა და მისი მდგრადი და ინკლუზიური ზრდა ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი, როგორც ევროკავშირის ბანკის მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ამისთვის ადგილობრივი პარტნიორების დახმარებაა საჭირო. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ.  მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენი ტრანზაქციები როგორც ამ კომპანიების, ისე ქვეყნის ბიზნესპერსპექტივების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ლილიანა პავლოვამ, EIB -ის ვიცე-პრეზიდენტმა.

Related Articles

Back to top button
Close