განათლება

რომელი სტუდენტები მიიღებენ გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში?

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სოციალური გრანტისთვის ჯამში 2.5 მილიონი ლარია გამოყოფილი – ამის შესახებ, EDU.ARIS.GE-ის კითხვაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯამში ასეთი სულ 16 კატეგორიაა.

„დოკუმენტი საჯაროა. კატეგორიებია, დაწყებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლებამიღებული მოსწავლეებისგან, დამთავრებული მრავალშვილიანი ოჯახის შვილობით, რომელსაც ჩვენ ვუფინანსებთ სწავლას. პირობითად, თუ გვაქვს 100 მრავალშვილიანისთვის დადგენილი სწავლის დაფინანსება და შემოტანილი აქვს 150-ს, ვისაც უფრო მაღალი ქულები აქვთ, ისინი იღებენ დაფინანსებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტთა კატეგორიების ჩამონათვალი და კვოტები მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.

მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობ:
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოიყოს 205 ათასი ლარი. თანხა კი გადანაწილდეს შემდეგნაირად:

  • ა) 22 500 ლარი მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.
  • ბ) 22 500 ლარი მაგისტრანტებისთვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
  • გ) 160 ათასი ლარი მაგისტრანტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

„თუ თანხა არაა საკმარისი ამავე კატეგორიაში შემავალი ყველა მაგისტრანტის დასაფინანსებლად, თანხა გაიცემა საერთო სამაგისტრო გამოცდის აბსოლუტური ქულით რანჟირების საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთა სიაში უმაღლესი ქულის მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე. ხოლო თუ თანაბარი ქულები მოიპოვეს და გამოყოფილი თანხა არაა საკმარისი, მაშინ თანხა არცერთ მათგანზე არ გაიცემა“, – წერია დადგენილებაში.

რაც შეეხება ბაკალავრიატის სტუდენტებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყოფა 2 520 მლნ ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებსი შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ თანხიდან, 1 920 მლნ ლარი გამოიყოფა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ხოლო 600 ათასი ლარი კი 2015 და 2016 წლებში ჩარიცხულ სტუდენტებზე.

1 920 მილიონი ლარი გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:

  • 206 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • 170 სტუდენტს, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ასევე სტუდენტებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტიის ფარგლებს გარეთ;
  • 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • 15 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • 26 სტუდენტს, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო – უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
  • 5 სტუდენტს, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი;
  • 50 სტუდენტს, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა);
  • 100 სტუდენტს, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
  • 30 სტუდენტს, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • 16 სტუდენტს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმალობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.
  • 170 სტუდენტს, რომლებიც რეგისტრირებულში არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

ერთი და იმავე კატეგორიის სტუდენტებიდან ამ შემთხვევაშიც თანხა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მიხედვით გაიცემა.

სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

რაც შეეხება მაგისტრებს, დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო გრანტის მოპოვებისთვის წარსადგენი დოკუმენტების სია და ზუსტი ვადები მალე გახდება ცნობილი.

იხილეთ ბრძანება N 395

იხილეთ ბრძანება N 396

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close