ეკონომიკა

როგორ გაანაწილეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი?

   პარლამენტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 111 ხმით მიიღო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტს 111 ხმით დაუჭირეს მხარი. მანამდე კი ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
  მინისტრის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში, ფინანსთა სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო კომიტეტები და ცალკეული დეპუტატები. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში, ფინანსთა სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო კომიტეტები და ცალკეული დეპუტატები.
  ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ 2017-2020 წლების ფისკალური პოლიტიკა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ოთხპუნქტიან გეგმას ეფუძნებოდა და სწორედ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო-სავალუტო ფონდის მიერ, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოსთვის ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი. „აღნიშნული პროგრამა ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების გარდა, ფისკალური პოლიტიკის სამ, ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ითვალისწინებს. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივი შემცირება და შესაბამისად, მთავრობის დანაზოგების ზრდა, არსებული რესურსების მაქსიმალური მიმართვა საინვესტიციო ხარჯების დასაფინანსებლად და საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
  მინისტრმა საერთაშორისო-სავალუტო ფონდის ანგარიშზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო-სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის წარმატებით დასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების, ისე კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების განსახორციელებლად რესურსების მოზიდვის კუთხით. „რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო-სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც დადასტურებულია, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც პროგრამის პირველი შეფასებისთვის იყო განსაზღვრული. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ საერთაშორისო-სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული მაკროეკონომიკური ჩარჩო და რეფორმები აღიარებულია როგორც საუკეთესო მთელს რეგიონში, რომელიც 31 ქვეყანას მოიცავს“. ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე საერთაშორისო-სავალუტო ფონდის ანგარიშში განხილულ რამდენიმე მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, ფონდის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი:
  არსებული ფისკალური პოლიტიკის განხორციელებით, ქვეყანაში დაჩქარდება ეკონომიკური ზრდის ტემპი; • დაგეგმილთან შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის დასტაბილურებამ და შესაბამისად, საქართველოს საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ; • საქართველომ შეძლო ფისკალური კონსოლიდაციის გეგმის შესრულება, რაც გამოიხატა მშპ-თან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაში; • საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების პარალერულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა საინვესტიციო პროექტების დაფინანსება; • მიმდინარე წელს, ერთჯერადი ფაქტორების შედეგად გამოწვეული ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან შემცირდება და დაუბრუნდება მიზნობრივი მაჩვენებლის დონეს.
 „ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისთვის. ამ ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო-სავალუტო ფონდის პროგნოზებიც, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით, იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში. სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების შედეგად, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაში“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
  მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური რისკების შეფასება სწორად ასახავდეს შესაძლო გამოწვევებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დაიგეგმოს სათანადო რეაგირების მექანიზმები. მომავალი წლის, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულ მაჩვენებლებზეა დაგეგმილი და 2018 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 5%-6%-მდე იზრდება. „ვფიქრობთ, რომ ჩვენს ფისკალურ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი გვექნება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში არსებული შეთანხმების თანახმად, კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოწვეულ ჭარბ შემოსავლებს გამოვიყენეთ კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
 მომხსენებლის განმარტებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები – 10 260.0 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები – 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს 23.4%); აქედან საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 160 მლნ ლარით, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 630.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 400 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს. აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 3.6 პროცენტს შეადგენს; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს. სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 170.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს. გრანტები – 364.2 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 100.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები – 385.0 მლნ ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, მთლიანი მოცულობა 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 1,206 მილიარდ ლარს. სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის და რჩება სტაბილურ დონეზე, 45%-ის ირგვლივ და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 60%-ს. 2016 წლისათვის სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 44.6 პროცენტი შეადგინა. მისივე განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოცულობა 2017 წლის განახლებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 739,0 მლნ ლარით და 12,459.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ფინანსთა მინისტრმა პროექტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილება მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით წარმოადგინა და პროგრამების დაფინანსებებზე გაამახვილა ყურადღება. 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის 72% საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება. მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 815.0 მლნ ლარი, რაც 527.0 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გამოყოფილი თანხის ფარგლებში – რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 288,5 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე – 196,0 მლნ ლარი; გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი (72%), 1,311 მილიარდი ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა. ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე ხარჯებისა და დეფიციტის შემცირების პარალელულად, მთავრობა ზრდის კაპიტალურ დანახარჯებს, რომელებიც მიმართულია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში საინვესტიციო პროექტების მართვის სრული ციკლი ჩამოყალიბდება. „პრაქტიკაში განხორციელდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემის დანერგვა და საშუალოვადიან პერიოდში ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების მართვის სრული ციკლი, საინვესტიციო პროექტის დაწყებამდე განხორციელდება სათანადო ანალიზი და კვლევა, მხოლოდ ამის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის კაპიტალური დანახარჯების ეფექტურობას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მდგრადი ფისკალური პოლიტიკის წარმართვისათვის, აუცილებელია სწორი ფისკალური ჩარჩო წესების არსებობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის მიერ მომზადდა რეკომენდაციები, რომლზეც დაყრდნობითაც დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ფისკალური წესების სრულყოფილი დანერგვის მიზნით. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიუჯეტის გამჭირვალობისა და სრულყოფილი საბიუჯეტო დოკუმენტაციის საჯაროობის კუთხით მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება. როგორც მან აღნიშნა, შეფასება ფინანსთა სამინისტროს თხოვნით ჩატარდა და მოიცავდა 36 ინდიკატორს, სამი მიმართულებით: ფისკალური ანგარიშგება, ფისკალური რისკების ანალიზი, ფისკალური პროგნოზირება და ბიუჯეტირება. „36 ინდიკატორიდან, ქვეყანამ 18 ინდიკატორში საუკეთესო ან კარგი პრაქტიკა აჩვენა, ხოლო მხოლოდ 8 ინდიკატორი ეხება საკითხებს, რაც საჭიროებს სათანადო ღონისძიებების დანერგვას. სავალუტო ფონდთან ერთად მომზადდა სამოქმედო გეგმა 2020 წლამდე პერიოდისათვის, რომლის განხორციელება, სრულად აღმოფხვრის გამოვლენილ ხარვეზებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების წარდგენის შემდგომ მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება მსოფლიო ეკონომიკაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close