სამართალი და კრიმინალი

რა მოუყვა EURONEWS.GE-ს ბორჯომის საკრებულოს წევრმა_ ,,საკრებულოს სხდომა დამთავრდა თუ არა…”

   გუშინ ფინანსთა სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. როგორც ოფიციალურად გაცხადდა, საუბარია 200 ათას ლარზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომაზე გარკვეული გეგმისა და მშენებლობის დამტკიცებისთვის იღებდა.
  აქვე შეგახსენებთ, რომ  3 წლის უკან, ადგილობრივი არჩევნების შემდგომ, ბორჯომის საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიცია აღმოჩნდა და თავმჯდომარეც ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი გახდა. ამის გამო, მათ წინააღმდეგ დაიწყო გარკვეული კამპანია, რომელშიც ადმინისტრაციის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ხელისუფლებამ საკრებულოს ხელმძღვანელ ოპოზიციურად განწყობილ ხელმძღვანელს ფართომასშტაბიანი მიტინგიც კი მოუწყო და შეიძლება ითქვას, მაინც ჩამოაგდო.
   ერთადერთი ოპოზიციური საკრებულო ქვეყანაში, უდღეური აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერე მოწყობილი რევოლუციის შედეგი კი იყო საკრებულოს ხელმძღვანელად იმ პიროვნების მოყვანა, რომელიც გუშინ, ანტიკორუფციულმა სამსახურმა მერთან ერთად, ქრთამის აღების ფაქტზე დააპატიმრა.
   euronews.ge -მ დეტალების გარკვევის მიზნით ბორჯომის საკრებულოს წევრს ოპოზიციიდან, ისტორიკოს ბაკურ გელაშვილს მიმართა.
  ბაკურ გელაშვილი:
  _ ამ ხელისუფლებას ოდნავი საღი აზრი რომ ჰქონოდა, თავის დროზე არ უნდა დაეშალა ოპოზიციური საკრებულო. ოპოზიცია, კარგ ხელისუფალს უნდა უხაროდეს, რომ აფხიზლებს და შესაბამისად, ნაკლებ შეცდომებს აშვებინებს, მაგრამ ბორჯომის და ზოგადად ქვეყნის რეალობაში, მთავრობა ოპოზიციას პირად მტრად აღიქვამს და მათ აზრს საერთოდ არ ითვალისწინებს.
 ბორჯომის რეალობაშიც იგივეა. დაშალეს საკრებულო და მას მერე ყველა საკითხი ზოგადად გადის უმტკივნეულოდ და ზედმეტი კითხვების გარეშე, რადგან ერთი გუნდია. ოპოზიციის შენიშვნები და კითხვები, სამწუხაროდ, რჩება ხმად მღაღადებლისად. რაც შეეხება მიწებს. ეს თემა ბორჯომში ყოველთვის აქილევსის ქუსლია და ამაზე, წინა მოწვევის თვითმმართველობასაც ქონდა პრობლემები. მე ვთვლი, რომ თავად ეს მთავრობა ახალისებს მსგავს ფაქტებს, ქვეყანაში გამეფებული კორუფციით და დაუსჯელობით, რაც იწვევს ყველა რგოლის კორუფციისკენ მიდრეკილებას. დღეს კი, ამ ხელისუფლებას უნდა, საარჩევნო წელში ასე, ლოკალური დაკავებებით წარმოაჩინოს, რომ თითქოს, კორუფციას ებრძვის.    
   _ ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიწების გასხვისების ფაქტებზე ოპოზიცია როგორ რეაგირებდა? 
     _ ქვეყანას ამ მიმართულებით უამრავი პრობლემა აქვს და ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, არაერთი ცნობილი საქმე გაუხმაურებია, მაგრამ პასუხი არავის უგია. სწორედ მსგავი მიდგომები ახალისებს კორუფციას ქვეყანაში.
    _ როგორც ამბობენ, თითქმის ყველა  მუნიციპალიტეტებში იგივე მდგომარეობაა – აღებ-მიცემობაა გაჩაღებული, იყიდება მიწება, მაგრამ განმკითხავი არავინაა. თქვენი აზრით, რატომ გაწირა ოცნებამ ბორჯომელი თანაგუნდელები?
   _ როგორც ჩანს, ოცნებას  შიგნით აქვთ პრობლემები და გარკვეული დაპირისპირებაც, რადგან, ამ ხელისუფლების ყველა შტო ისეა ერთმანეთში შერწყმული, ძნელია გაარკვიო, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არსებობს თუ არა საერთოდ და ვინ ვის აკონტროლებს და წირავს.
    _ საკრებულოს წევრები ესწრებოდით აყვანის ოპერაციას?
   _ როგორც ამბობენ, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის დაპატიმრება ადმინისტრაციის შენობაში არ მომხდარა. იმ დღეს ჩატარდა  საკრებულოს სხდომა. დამთავრდა თუ არა, მე წამოვედი. სად და როდის დააკავეს, ჩემთვის უცნობია.
 _ როგორ გააგრძელებს მერია ან საკრებულო მუშაობას? 
   _ კანონით მოადგილეები შეასრულებენ მოვალეობას.

 

Related Articles

Back to top button
Close