საინტერესო

კოჯრის ტყის ხილული ზღაპარი

ყოფილი ჟურნალისტის ამქვეყნიური სამოთხე კოჯორში

კოჯრის ულამაზეს უბანში ბაღნარად ქცეული ეზო, ბოსტანი და ძველი, კოხტა სახლი, ბევრი ადამიანის ყურადღებას იპყრობს. დასასვენებლად ჩასული სტუმრები, მათ შორის უცხოელები, აბიბინებულ ეზო-ყურეში სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. აყვავებულ ბაღში, დიასახლისის მიერ წლების განმავლობაში  ნაგროვები და ნალოლიავები უამრავი მცენარე ხარობს. „ეს ჩემი პაწაწინა სამოთხეა ამქვეყნად“, – გვითხრა კოჯრის ულამაზესი ეზოს შემოქმედმა, შემოსავლების სამსახურის სტაჟიანმა თანამშრომელმა და წარსულში ცნობილმა ჟურნალისტმა, ქეთი გოცაძემ.

ქალბატონი ქეთის სამოთხედ ქცეულ კოჯრის ეზოში თითქმის ყველა ყვავილი ხარობს- ბზა, სხვადასხვა ჯიშის ვარდი, იასამანი, ზამბახი , გლიცინია, ტიტა, კალა, მიხაკი, გვირილა, შროშანი, სამეფო ლილიები, ჟასმინი, კალესტემონი, ტუია, კიპარისი, ერთ კუთხეში მზესუმზირების მთელი ,,ჯარია“… კოჯრის ეზო-ყურის მშვენიერმა დიასახლისმა, ურთულეს კლიმატურ პირობებში მოახერხა და სრულიად მარტომ, უდიდესი შრომის ფასად შექმნა საოცარი სილამაზე, რომელიც ყველა მნახველს ხიბლავს და იზიდავს.

ქეთი გოცაძე:

_ თბილისის ულამაზეს უბანში, ვეძისში, კერძო სახლში, ყვავილებითა და ხეხილით დახუნძლულ, შეიძლება ითქვას, ზედმეტად მოვლილ ეზოში გავიზარდე. მიუხედავად ამისა, მებაღისთვის საჭირო ცოდნა არ მიმიღია.  ჩვენს ოჯახში ყვავილებზე დედაჩემი ზრუნავდა და ეს საქმე, მას უზომოდ აბედნიერებდა. მაშინ მე სწავლით, მეგობრებთან გართობითა და  საყვარელი წიგნების კითხვით ვიყავი დაკავებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი,  სულ ვმუშაობ.  წლების განმავლობაში, ურთულეს პერიოდებში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვიყავი და სხვა ყველაფერი დავიწყებული მქონდა.

26 წლის ასაკში  9 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გავხდი და ერთ-ერთი მუზეუმის ფონდების განყოფილების უფროსად, ანუ ფონდების მთავარ მცველად დამნიშნეს. ჩემს ფონდში ასეულობით უნიკალური ექსპონატი იყო დაცული. შემდეგ იყო მხატვრის სახლი _ ექსპოზიციების აწყობა, ცნობილი მხატვრების კატალოგებზე მუშაობა და მათი გამოცემა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოში ერთ-ერთი პირველი საინფორმაციო სააგენტო „იბერიას“ პასუხისმგებელი რედაქტორი და თავისუფალი ჟურნალისტი ვიყავი. იმ პერიოდში „იბერია“ ყოველდღიურ, უწყვეტ რეჟიმში, ოპერატიულად აწვდიდა ინფორმაციას როგორც საქართველოში მოქმედ ტელევიზიებს და ბეჭდურ გამოცემებს, ასევე, რადიო „თავისუფლების“ და „ბიბისი“-ს რედაქციებს. ეს ნიშნავდა უდიდესი პასუხისმგებლობასა და უწყვეტ რეჟიმში დაუღალავ შრომას. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელიც ვიყავი საგანგებო ლეგიონში ( შემდგომში ფინანსური პოლიცია) და საგანგებო ლეგიონის შექმნისა და ჩამოყალიბების ურთულესმა პროცესმა ჩემს თვალწინ გაიარა. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო საგანგებო ლეგიონის პირველი ხელმძღვანელის, უდიდესი პროფესიონალისა და არაჩვეულებრივი ადამიანის, გენერალ თემურ ხევსურიანის მიმართ. მარადიული სასუფეველი დაუმკვიდრდეს მის სულს. შემდეგ იყო საგამოძიებო სამსახური, სადაც იგივე თანამდებობა მეკავა.

      _ ასეთ საქმიან ქალბატონს, ყვავილებზე ზრუნვა და სოფელში ბაღნარის მოწყობა რამ გადაგაწყვეტინათ?

_ საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ვერასდროს ვიფიქრებდი, მიწასთან და მცენარეებთან ურთიერთობა თუ მომეწონებოდა, შემიყვარდებოდა ან  შევძლებდი, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებ, მიუღწეველი არაფერია. ერთხელ, ქუჩაში მიმავალმა დავინახე, რომ მოხუცი ბებო ულამაზეს ვარდს ყიდდა. შევჩერდი და გავესაუბრე. მითხრა, თუ მოგწონს აუცილებლად წაიღე, თორემ ინანებ,  ყინვაგამძლეა, ყველგან გაიხარებსო. ბებომ ნაყიდ ვარდს ლოცვაც მოაყოლა -კიდევ ბევრი და უკეთესები გეყიდოს, შენც გეხაროს და სხვებიც  გაგეხარებინოსო. აქედან დაიწყო ჩემი კოჯრის ბაღის გადაფურჩქვნა.

ბაღის გაშენება საოცარი  ტემპით წამოვიწყე და მას შემდეგ, ვეღარ ვჩერდები.  იცით, რატომ გამომივიდა ეს საქმე კარგად? იმიტომ, რომ ვიცი, სიყვარულს, მოფერებასა და მოვლა-პატრონობას მცენარე ზოგჯერ ადამიანზე მეტად გრძნობს და ზრუნვასაც გიფასებს – ცდილობს, სანაცვლოდ მოგანიჭოს დიდი სიხარული. იმ მოხუცი ბებოს მადლობელი ვარ, ვარდი რომ მომყიდა, რადგან მისი ლოცვაც ამიხდა. მუდმივად ასეა, ახალ ყვავილს მოვიტან, დავრგავ და  ხარობს. მათი სილამაზე კი  ბედნიერს მხდის. მიხარია, სხვა ადამიანებსაც რომ აბედნიერებს ჩემი შემოქმედება და საყვარელი საქმე.

      _ წელიწადის რომელ  დროს უფრო ლამაზია თქვენი ბაღი?

_ ყველაზე მეტად გაზაფხული მახარებს. ხანგრძლივი და მძიმე ზამთრის შემდეგ, ჩემს ბაღში  სასწაულებრივად იღვიძებს ბუნება. ეზოში ციყვები დახტიან. როცა საქართველოს ყველა კუთხეში დაასრულებს იასამანი ყვავილობას, ჩემს ბაღნარში ამის შემდეგ ყვავის. სხვადასხვა ჯიშის იასამნის დამათრობელ სურნელს არაამქვეყნიურ სამყაროში გადავყავარ. საოცარ ძალასა და ენერგიას მანიჭებს ჩემს მიერ ,,გამოძერწილი“ ყვავილების სამყარო.

     _ როგორც ვიცი, პატარა შვილიშვილიც გეხმარებათ…

_ დიახ, ძალიან მეხმარება ლაშა-გიორგი. მასაც ჩემსავით შეუყვარდა ყვავილების მოვლა-პატრონობა. ბებია-შვილიშვილმა კოჯორში პატარა ბოსტანიც გავაკეთეთ. ლაშას ძალიან მოსწონს თესვის, მორწყვის და მოსავლის აღების პროცესი. დახურულ ციხე-სიმაგრეებად ქცეული ეზოები, სადაც ჩიტიც კი ვერ გადაფრინდება, არასდროს მხიბლავდა. ამიტომ, სახლის გარშემო გავაკეთე ჩვეულებრივი ცხრილის ღობე, გალამაზებული, ვიტრაჟულად გაწყობილი ღია ტიხრებით. ამგვარად, გარემოს მოწყვეტილები და  ჩაკეტილებიც არ ვართ. პატარა ლაშიკო ეზოდან ყველას ესალმება და უღიმის.  კოჯორში მან მეგობრებიც გაიჩინა. მათაც ძალიან მოსწონთ ჩვენს აბიბინებულ ბაღ-მოსტანში სეირნობა. ყვავილებთან ერთად, მათ ფიფქია, შვლის ნუკრი, ფარშევანგები, წითელქუდა, ბაჭიები, ჯუჯები, ფერადი სოკოები ესალმებიან.

      _ თქვენი წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს?

_ წარმატების ძალიან მარტივ ფორმულას გეტყვით- ყოველთვის გავიმარჯვებთ, როცა სიყვარულით, ხალისით და კეთილი განწყობით  ვაკეთებთ საქმეს.

ნელი ვარდიაშვილი

ქეთი გოცაძის ბაღნარის ფოტოები:

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close