საზოგადოებასაინტერესო

ლაგოდეხის ნაკრძალის დამაარსებლის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება

,,იულიას ფურუსულა“ და ერთი სიყვარულის ამბავი

ლაგოდეხის  სახელმწფო ნაკრძალი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. მისი შექმნა დაკავშირებულია პოლონელი ნატურალისტის, ლუდვიგ  მლოკოსევიჩის სახელთან. 1889 წელს მან რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე პირველად დასვა საკითხი ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების შესახებ. 1912 წელს, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების წარდგინებითა და რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით, ლაგოდეხის ხეობა ოფიციალურ ნაკრძალად გამოცხადდა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციების ხელმძღვანელმა, მხარეთმცოდნე-ისტორიკოსმა და  ნაკრძალის დამფუძნებლის, ლუდვიგ მლოკოსევიჩის ბიოგრაფმა, ვალერი ოღიაშვილმა, ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ საინტერესო ისტორიები გაგვაცნო.

         ,,იულიას ფურუსულა“ და ერთი სიყვარულის ამბავი

ლაგოდეხის ნაკრძალის დამაარსებელი ლუგვიგ მლოკოსევიჩი მცენარეებისა და მოგზაურობის მოყვარული იყო. ლაგოდეხის ტერიტორიაზე მან ისეთი მცენარეები აღმოაჩინა, რომელიც სხვაგან არ ხარობს. კახეთში მას ჩამოჰყავდა მსოფლიოში ცნობილი ბოტანიკოსები, ზოოლოგები, გარემოს დამცველი მეცნიერები და აცნობდა მათ აქაურ ფლორასა და ფაუნას. მრავალი შრომის ავტორი, ნიკოლოზ კუზნეცოვი ლაგოდეხში როცა ჩამოსულა და მლოკოსევიჩის ქალიშვილი, იულია დაუნახავს, მაშინვე შეჰყვარებია. ამ ექსპედიციის დროს ლაგოდეხის ტყეში აღმოუჩენიათ განსხვავებული ფურუსულა, რომელისთვისაც კუზნეცოვს იულიას სახელი უწოდებია. იულიასა და ნიკოლოზის სიყვარული წარმატებით არ დასრულებულა. იულია ზოოლოგიის მეცნიერი გახდა და ოჯახი არ შეუქმნია. ,,იულიას ფურუსულას“ სახელით ცნობილი მცენარე კი, დღემდე ხარობს ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე.

მლოკოსევიჩის აღმოჩენად ითვლება კავკასიური როჭის სახეობაც. ეს ფრინველი მის მშობლიურ პოლონეთშიც ბინადრობდა. მკვლევარი მიხვდა, რომ ლაგოდეხში ნანახი როჭო არ ჰგავდა ევროპულს. მან კავკასიური როჭო ზუსტად აღწერა, რამდენიმე ფიტული დაამზადა და პოლონეთში, პროფესორ ტაჩანოვსკის გაუგზავნა. მალე  მიიღო პასუხიც: თქვენ აღმოაჩინეთ ფრინველის ახალი სახეობა, რომელსაც ეწოდა ,,მლოკოსევიჩის კავკასიური როჭო“.

პოლონელი მკვლევარის აღმოჩენილია წითელ წიგნში შეტანილი და მხოლოდ ლაგოდეხის ტყეში მობინადრე მცენარე ,,იორ და სალამი“, რომელის მსგავსიც სხვაგან არ არსებობს. ამიტომ მცენარეს ,,მლოკოსევიჩის იორ და სალამი“ შეარქვეს.

მხოლოდ ლაგოდეხის ჭალებში ხარობს ,,მრგვალი წამალი“ და ,,ლაგოდეხის ნაღველა“. ამ მცენარეებს კარგად იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში. ისინი ადრიან გაზაფხულზე ჰყვავიან და აფერადებენ მდელოს.

    ვალერი ოღიაშვილი:

_ კავკასიური, კეთილშობლი ირმის პოპულაციაც მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალს შემორჩა. დიდთოვლობის დროს, ირმები ბარად ჩამოდიან. ლაგოდეხის ცენტრში ბევრჯერ შეუნიშნავთ მოსეირნე ირემი და შველი. ერთხელ შველს ქუჩის ძაღლები გამოეკიდნენ. მაშველებმა მიუსწრეს და დააბრუნეს ნაკრძალის ტერიტორიაზე, მაგრამ საწყალი ისე იყო შეშინებული, დაიღუპა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დასახლებულ ადგილებში მტაცებელი ცხოველები გამოჩენილან. ნაკრძალის ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის შეყვანა აკრძალულია. გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობას მაინც შეჰყავს ნაკრძალში. პირუტყვს ტყიდან მტაცებელი ცხოველები მოჰყვებიან და მათ ბინებს თავს ესხმიან. ცხოველები საშიშნი გამრავლების პერიოდში არიან. ამ დროს თვით უწყინარი ირემიც აგრესიული ხდება. ლაგოდეხის სამხრეთით, ჭაბურჭილებთან არის დაცული ტერიტორია. წინათ ეს ადგილი შემოღობილი იყო და გაშვებული ჰყავდათ  ცხოველები, მათ შორის ირემიც. დიდ ხარირემს  ბორიას ეძახდნენ და მას ყველა იცნობდა. ბორიას ძალიან უყვარდა ადამიანები-ბავშვები ხელიდან აჭმევდნენ, ეფერებოდნენ. მყვირალობის პერიოდში პატრონი, დაცული ტერიტორიის დარაჯი, რქებზე წამოაგო. ამ კაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს, თუმცა  ინციდენტს ბორიაც ემსხვერპლა-მოკლეს.

ლაგოდეხის ნაკრძალში მუშაობდა ქართველი ზოოლოგი, პროფესორი იასონ ბადრიძე. იგი იკვლევდა მგლების ქცევებს. მას მგლების ბუნაგთან ჰქონდა კარავი და თვეობით ცხოვრობდა ტყეში, კვებავდა მგლებს და აკვირდებოდა მათ. მხეცები იმდენად შეეჩვივნენ ბატონ იანსონს, რომ თავისიანად ჩათვალეს და აღარ ერიდებოდნენ.

 

  ლაგოდეხის ნაკრძალის დამაარსებლის  რეპრესირებული ცხოვრება

ლაგოდეხის  სახელმწიფო ნაკრძალის დაარსებაში პოლონელ ლუდვიგ მლოკოსევიჩს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. ლუდვიგი მცენარეებისა და ცხოველების მოყვარული იყო. პოლონეთში, საკუთარ ეზოში მოწყობილი ჰქონდა ორანჟერეა, სადაც უამრავ ყვავილს ზრდიდა და უვლიდა, აუზში გაშვებული ჰყავდა თევზები. მიუხედავად ამისა, მამამისმა, ნაპოლეონის არმიის გენერალმა, ის სამხედრო აკადემიაში იძულებით შეიყვანა და სამხედრო მოსამსახურედ გაზარდა. ბიჭი 20 წლის იყო, პოლონეთში, რუსული ცარიზმის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რომ გაჩაღდა. ლუდვიგი ამ მოძრაობის ორგანიზატორად მიიჩნიეს და კავკასიაში, იმ ტერიტორიაზე გადმოასახლეს, სადაც კავკასიის ფრონტის წინა ხაზი იყო. ლაგოდეხის მიდამოებში გაჩაღებული ბრძოლების დროს უამრავი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას მლოკოსევიჩიც იღებდა.

     ვალერი ოღიაშვილი:

_ ლუდვიგ მლოკოსევიჩი ბრძოლაში დაჭრილ ლეკებსა და ჩეჩნებს ეხმარებოდა და მათ ლაგოდეხში მოპოვებული მცენარეებით მკურნალობდა. ამის გამო ის ხშირად იღებდა ხელმძღვანელების საყვედურს. ლაგოდეხში მას ,,ზნახარს“ ეძახდნენ, რაც  ექიმბაშს ნიშნავს. იგი ლაგოდეხის ტყის პირას დაასახლეს. ბუნების მოტრფიალე ლუდვიგი აქაურმა გარემომ მოხიბლა და დააინტერესა. მან ლაგოდეხის ფლორისა და ფაუნის შესწავლა დაიწყო- აკეთებდა ჰერბარიუმებს, წერდა დღიურებს… როგორც ცნობილია, ის მეგობრობდა ნიკოლოზ რომანოვთან და მას ჰერბარიუმებითა და პეპლების კოლექციებით ამარაგებდა. ლაგოდეხში, მოგვიანებით, მლოკოსევიჩის სახლი დაიწვა და მასთან ერთად განადგურდა ჩანაწერების დიდი ნაწილიც.

     _ ჩანაწერების შინაარსი ცნობილია?

_ იგი აღწერდა თითქმის ყველა ბუნებრივ მოვლენას- როდის იწყებდა ესა თუ ის მცენარე ყვავილობას, წლის რომელ თვეში იწყებდნენ ბაყაყები ყიყინს, როდის გაისმა გაზაფხულზე პირველი ელჭექის ხმა,  რა დროს აყვავდა აკაცია, როდის წამოვიდა პირველი თოვლი და ა.შ. ამ ჩანაწერებით ის ცდილობდა,  სრულიად აღეწერა ლაგოდეხში არსებული გარემო, კლიმატი, მისი ფლორა და ფაუნა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან მეგობრები  უგზავნიდნენ უცხო მცენარეების თესლს, ნაყოფს. ლუდვიგი ცდილობდა, ეს მცენარეები არსებული ნიადაგისთვის და ჰავისთვის მოერგო. მლოკოსევიჩამდე კახეთში არ ხარობდა ბამბუკის ხე, ახლა ის მოსახლეობას ეზოებში უდგას. არ იცნობდნენ სწრაფად მზარდ ხე-მცენარე ,,პავლოვნიას“, რომელიც ახლა პოპულარულია. კომუნისტების პერიოდში, ლაგოდეხის სოფელ ცოდნისკარში ფუნქციონირებდა ეთერზეთების ქარხანა, სადაც ბაზილიკისგან და ერთ-ერთი სახეობის ვარდისგან ამზადებდნენ ეთერზეთებს. სწორედ მლოკოსევიჩმა წამოიწყო ლაგოდეხში ეთერზეთოვანი კულტურების გაშენების კამპანია. მის სახელს უკავშირდება ,,ბაზილიკის“ კულტურისა და ,,იავის ჭინჭრის“ გავრცელება საქართველოში, რომლებიც პარფიუმერიასა და წამლის წარმოებაში გამოიყენება. იმ დრის ლაგოდეხში არ იყო განვითარებული მეხილეობა, მეფუტკრეობა, მან შემოიტანა, დარგო და გაახარა მარადმწვანე მცენარეები, რომლებიც ამჟამად ქალაქს ამშვენებს.

პოლკის ხელმძღვანელობამ როცა შეიტყო ლუდვიგის გატაცების შესახებ, მას სკვერებისა და პარკების  გაშენება დაავალა. მლოკოსევიჩის დაარსებულია ლაგოდეხის ცნობილი ,,პოლკოვი პარკი“. ყოფილი კათოლოკური ეკლესიის გარშემო კი ამჟამადაც დგას მისი დარგული ასწლოვანი ხეები. მან ლაგოდეხში გაახარა იშვიათი და სასარგებლო ხე- ,,გინკო ბილობა“, რომლისგანაც ამზადებენ მეხსიერებისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებელ წამალს- ,,ბილობილს“. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მცენარე 250 მილიონი წელია ხარობს დედამიწაზე და არის წიწვოვანი მცენარეების წინაპარი. მისი ფოთლებით კი იკვებებოდნენ დინოზავრები. კახეთში მლოკოსევიჩმა შემოიტანა თამბაქოს კულტურა, რომელიც შემდგომ აქაური მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ლაგოდეხის თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანა, მთელ საბჭოთა კავშირს თამბაქოთი ამარაგებდა და საკმაოდ წარმატებული იყო.

წინათ, ლაგოდეხის ცენტრალურ სტადიონთან გაშენებული იყო მლოკოსევიჩის ბაღი, სადაც რამდენიმე ჰექტარზე იდგა ხილის ხეები. თავადაც გამოჰყავდა ნერგები და ხალხს უფასოდ ურიგებდა, მათაც რომ გაემრავლებინათ. ლაგოდეხში, მლოკოსევიჩთან ერთად მსახურობდნენ გრიგორ და ვახტანგ ორბელიანები, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე. როგორც ცნობილია, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. მლოკოსევიჩის სახელთანაა დაკავშირებული ლაგოდეხში პირველი სახელმწიფო საგანმანათლებლო კერის შექმნა.

1863 წელს ზაქათლის ოლქში მღელვარება დაიწყო. მლოკოსევიჩი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო ადამიანი, კვლავ რეპრესიებში მოხვდა და 7 წლით გადაასახლეს ვორონეჟის გუბერნიაში. მას ჩამოართვეს დღიურები, ჰერბარიუმები… მომავალი მეუღლე- მარია კრილოვა ლუდვიგმა ვორონეჟში გაიცნო და რამდენიმე წლის შემდეგ, მეუღლესთან ერთად კვლავ ლაგოდეხში დაბრუნდა. ლუდვიგს და მარიას 11 შვილი შეეძინათ.

.

ერთ-ერთი ლაშქრობის დროს კი, მაღალ მთაში ლუდვიგმა იპოვა მიტოვებული, მცირეწლოვანი ბიჭუნა. სავარაუდოდ, მიგრაციის დროს იგი ლეკების გაქცეულ დაჯგუფებას დარჩა. მლოკოსევიჩმა ბავშვი სახლში წამოიყვანა და მეთორმეტე შვილად გაზარდა. პატარა იბრაგიმი შემდგომ წლებში ლაგოდეხის ნაკრძალის მეტყევე გახდა და გარკვეულ ტერიტორიას პარტონობდა. ამ ადგილს ახლა  ,,იბრაგიმის სერი“ ეწოდება.

      _ ლაგოდეხის ნაკრძალად გამოცხადებაზეც მოგვიყევით…

_ ლაგოდეხში დამკვიდრებული, უკვე თადარიგის ოფიცერი  ლუდვიგ მლოკოსევიჩი სიღნაღის მაზრის მეტყევედ იწყებს მუშაობას და სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებს. მას სურვილი აქვს, რომ ლაგოდეხის ტერიტორია გახდეს დაცული და გამოცხადდეს ნაკრძალად. რუსეთის იმპერიის კანონმდებლობისთვის  უცხო იყო ტერმინი- ,,დაცული ტყე“, ამიტომ მლოკოსევიჩის სიცოცხლეში ლაგოდეხის ტყის ნაკრძალად აღიარება ვერ მოხერხდა. მისი ოცნება 1912 წელს ასრულდა, როცა ნიკოლოზ მეორის ბრძანებით, ლაგოდეხში შეიქმნა დაცული ტეროტორია-ე.წ. ,,ზაპოვედნიკი“, რომელიც იმ დროს 3 500 ჰექტარს მოიცავდა. ამჟამად ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორია 25 ათას ჰექტარზეა გადაშლილი. 1935 წელს კი მისმა ვაჟიშვილმა დააარსა ზაქათლის სახელმწიფო ნაკრძალი.

ორ წელიწადში მისი შვილები სტალინური რეპრესიების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ლეონიდ მლოკოსევიჩი, ზაქათლის სახელმწიფო ნაკრძალის დამაარსებელი და პირველი დირექტორი 1937 წელს გაქრა- წაიყვანეს და მისი ასავალ-დასავალი დღემდე უცნობია. დააპატიმრეს და დახვრიტეს ლუდვიგის მეორე შვილიც, ვლადიმერი მლოკოსევიჩი. დანარჩენებმა მამის საქმე გააგრძელეს. შვილიშვილი, ბორისი, ცნობილი ბოტანიკოსი იყო- აფხაზეთში ცხოვრობდა და პერიოდულად ლაგოდეხის ნაკრძალში ატარებდა კვლევებს. 80-იან წლებში მან ლაგოდეხს საჩუქრად გადასცა პალმები. ანა მლოკოსევიჩი რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიაში კითხულობდა ლექციებს ლაგოდეხის ბიომრავალფეროვნებაზე.

 

  ვასილ მჟავანაძე, ირანის პრინცი და კონკურში გამარჯვებული მგლის გიგანტური თავი ქალა

ლუდვიგ მლოკოსევიჩის პერიოდიდან ლაგოდეხში  მოდიოდნენ  ცნობილი მეცნიერები, ბოტანიკოსები, ზოოლოგები, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების სტუდენტები და სწავლობდნენ არებულ გარემოს. ,,იყო კავკასიაში და ლოკოსევიჩი არ ნახო, ეს იგივეა, იყო რომში და პაპი არ მოინახულო“_ დაწერა ლაგოდეხით მოხიბლულმა ერთ-ერთმა მეცნიერმა. ლაგოდეხის ნაკრძალი ძალიან უყვარდა საქართველოს ცკ-ს პირველ მდივანს, ვასილ მჟავანაძეს. მან ნაკრძალის შესასვლელთან ააშენებინა ორსართულიანი სამთავრობო რეზიდენცია, სადაც ზაფხულობით, ოჯახით ჩამოდიოდა. ამბობენ, ბატონი ვასილი დაცვის გარეშე დადიოდა მოსახლეობაში, ხშირად ნახულობდნენ ნაკრძალის მიმდებარე ქუჩებში მოსეირნეს- დაჯდებოდა მოსახლეობასთან და ნარდს ეთამაშებოდათო.

,,ხალხი მოგვიანებით იგებდა, ვის ეთამაშეს ნარდში. რეზიდენციის ეზოში ჰქონდათ დიდი აუზი, ტენისის მაგიდა, მათი სახლიდან 300 მეტრში  ჩამოდიოდა მდინარე ,,შრომის ხევი“, სადაც საბანაოდ დადიოდნენ. შემდგომ წლებში ამ სახლს სტუმრობდა ედუარდ შევარდნაძე და ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც ლაგოდეხში იყო დაბადებული და გაზრდილი. მჟავანაძის დროინდელი სახლი ამჟამადაც არსებობს და იქ სასტუმროა გახსნილი.

კომუნისტების პერიოდში ლაგოდეხში სტუმრად ჩამოიყვანეს ირანის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ რეზა ფეხლევი. მას საკმაო ხანს მოუწია დარჩენა და სპეციალურად მისთვის, ლაგოდეხის ალპურ ზონაში ააშენეს ტურისტული ხის სახლი. ამ ადგილს მისი სახელი შემორჩა და ,,პრინცა ბინას“ ეძახიან.  სსრ კავშირის მეთაურებმა დაუშვეს გამონაკლისი და ირანის პრინცს დართეს ნება დაცულ ტერიტორიაზე ჯიხვებზე ენადირა. მისი გამყოლი-გიდი მეტყევე აკაკი პეტრიაშვილი იყო. ნადირობის დროს ორივემ მოკლა ჯიხვი. როდესაც დაატოლეს, აკაკის მოკლული ჯიხვი პრინცის მოკლულზე დიდი აღმოჩნდა. ირანის პრინცს თურმე გადაწყვეტილი ჰქონია, გამყოლი გიდისთვის უძვირფასესი, მოოქროვილი თოფი ეჩუქებინა, მაგრამ ამ ინციდენტმა ისე გაანაწყენა, თოფის ნაცვლად აკაკის ვერცხლის სიგარეტის პორტატიული ჩასადები დაუტოვა.

აკაკის მოკლული ჰყავდა მგელი, რომლის თავის ქალამ უნგრეთის ცხოველთა ფიტულების კონკურსზე ოქროს მედალი აიღო. გამარჯვებული აღმოჩნდა მისი მოკლული ჯიხვის რქებიც. მგლის თავის ქალა ისეთი სიდიდის  იყო, ყველას დათვის თავი ეგონა“ _ გვითხრა ლევან ოღიაშვილმა.

 

      რას მოგვითხრობს ლეგენდა ლეკების მიერ მოტაცებულ ნინოზე

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში როჭოს ჩანჩქერის, ნინოს ხევის, მაჭის ციხე -თოღასა და შავი კლდეების ტბის გზები ტურისტებს მეტად ხიბლავს.

როჭოს ხეობის ჩანჩქერის სათავეებთან ბინადრობს მლოკოსევიჩის მიერ აღმოჩენილი როჭოს სახეობა. ნაკრძალის ხევის მდინარეს, ნინოს ხევი ჰქვია. ლევან ოღიაშვილმა ნინოს ხევთან დაკავშირებული, საინტერესო ლეგენდა გაგვაცნო: ლეკებმა 15 წლის ნინო მოიტაცეს. გოგონამ გაქცევა სცადა, მაგრამ მდინარეში, ქვაზე ფეხი დაუცდა, წყალში ჩავარდა და დაიღუპა. მისი ცხედარი მდინარემ სოფელში ჩაიტანა. ხალხმა ბოროტ მდინარეს, რომელმაც გოგონა შეიწირა, მისი სახელი უწოდა.  გადმოცემის მიხედვით წყალში დამხრჩვალი გოგონას სახელს ატარებს ლაგოდეხის სოფელი ნინიგორი და ქედი- ნინი გორა.

მაჭის ციხე-თოღას გზას მნახველი წმინდა ნიკოლოზის სახელობის შუა საუკუნეების ტაძრამდე მიჰყავს. ერთნავიანი ბაზილიკა წინათ მოხატული ყოფილა, დღეს კი ფრესკების კვალი აღარ ჩანს. იქ იყო ქვა, რომელზეც  ასომთავრულით ეწერა, რომ ალექსანდრე კახთა მეფემ განაახლა ტაძარი. მე-19 საუკუნეში რუსებმა ეს წარწერა თბილისში წაიღეს. დღეს ის ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ტაძრის მიმდებარედ არის ციხის ნანგრევები, სადაც წინათ სამეფო-საზაფხულო  რეზიდენცია ყოფილა. აქ ჩამოდიოდნენ მეფეები, დიდებულები და ტყეებში ნადირობდნენ. კახეთის ერთ-ერთ მეფეს ამ ციხეზე 10 000 -იანი ჯარიც ჰყოლია განლაგებული.  შემორჩენილია ციხის ნანგრევები და შენობების საძირკველი.

შავი კლდეების ტბის გზა ტურისტულ ბილიკებს შორის ყველაზე გრძელია. ის ხეობის მთებთან მიდის, სადაც მუქი ლურჯი ფერის, საკმაოდ ღრმა ტბაა. იქვეა ტურისტების თავშესაფარი, რომელიც 20-მდე ადამიანს იტევს.

    ნელი ვარდიაშვილი, გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close