პოლიტიკა

ბექა ნათელაშვილი: ქართველს ვერავინ უნდა გაუბედოს მოსყიდვა, დაჩაგვრა, მოტყუება…

 ბექა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიიდან მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პარტიის საერთაშორისო მდივანი და ახალგაზრდული ფრთის ლიდერი:

_ საქართველოში მიწის 25% არის მხოლოდ დამუშავებული, მაშინ როდესაც ბანგლადეშში 68.6%-ია.

წყლის ქვეყანად მოგვაქვს თავი და მცხეთა-მთიანეთის სოფლების 85%-ში წყალი არ არის. ამ დროს სუდანის მოსახლეობის 68% აქვს წვდომა სუფთა და სასმელად ვარგის წყალთან.

საქართველოს მარკეტებში და სუპერმარკეტებში ახალგაზრდებს 300 ლარს უხდიან თვეში ანაზღაურებას, ინგლისში სუპერმარკეტის თანამშრომელი 11.15 ფუნტ სტერლინგს, ანუ 44.9 ლარს იღებს 1 საათში, ანუ დღეში 404 ლარს, თვეში 8080 ლარი.

მაშინ როდესაც ჩვენთან მასწავლებლის ერთი თვის საბაზისო თანამდებობრივი სარგო შეადგენს 405 ლარს, სომხეთში მასწავლებლების ყოველთვიური ანაზღაურება 373 დოლარიდან იწყება, ხოლო ლუქსემბურგში 10700 ევროა.

მაშინ როდესაც დუშეთში მეეზოვეს თვეში ხელფასი 380 ლარს აქვს, ამდენივეს იღებს ერთ სამუშაო დღეში ირლანდიელი მეეზოვე.

მაშინ როდესაც 2020 წელს საქართველოს ერთ-ერთ უნიკალურ ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილას, შატილში საავტომობილო გზა არ მიდის, 2001 წელს ჰოლანდიაში ყველა სახლამდე იყო ასფალტის საფარი და უკვე გამოგონებული ჰქონდათ მფრინავი მანქანა (PAL-V)

როდესაც საქართველოში პენსია 70$-ია, ამ დროს ბელორუსიაში 220$-დან იწყება. ხოლო იაპონიაში საშუალო პენსია 1,350$-ია.

როდესაც საქართველოში 2020 წელს 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და შიმშილობს, ფინეთის რამდენიმე ქალაქის სკოლებში 1902 წლიდან სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს უფასოდ აჭმევენ. ხოლო 1948 წლიდან, ძირითადი საგანმანათლებლო აქტის თანახმად, ფინეთი უზრუნველყოფს უფასო კვებას ყველა მოსწავლისთვის.

როდესაც საქართველოს მოსახლეობის 40 % ინტერნეტით არ სარგებლობს, ამერიკის მოსახლეობის 97% ყოველდღიურად ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს. ინტერნეტით სარგებლობასთან დაკავშირებით იგივე მონაცემებია ირანში რაც საქართველოში, იქაც 40 % არ იყენებს ინტერნეტს, განსხვავება იმაშია რომ ირანში ფეისბუქი და სხვა პოპულარული ამერიკული ვებსაიტები დაბლოკილია.

მაშინ როდესაც ცუკერბერგი ერთ დღეში 23.5 მილიონ დოლარს აკეთებს, დუშეთის 280 სოფლის წლიური ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.

მაშინ როდესაც 2020 წელს საქართველოში 12 ათას 576 მოქალაქემ წერა-კითხვა არ იცის, ილონ მასკმა კერძო ხომალდი გაგზავნა კოსმოსში და მალე მარსზე პირველ ადამიანებს ვიხილავთ.

ვისი ბრალია ეს ყველაფერი? როდესაც მსოფლიო განვითარებაზეა გადასული და ქვეყნებს შორის კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება, ჩვენი ხელისუფლება ფულის კეთებაზეა ორიენტირებული. არავინ ფიქრობს მომავალზე, არ გაგვაჩნია სამოქმედო გეგმა, არ ვიცით რას ვაპირებთ და რა გეგმები გვაქვს უახლოესი წლების ან თუნდაც ათწლეულების განმავლობაში. ეს რეალობა ჩვენი შესაცვლელია, ერთხელ და საბოლოოდ უნდა შევდგეთ დემოკრატიულ, ეროვნულ და მომავალზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ. ქართველს არავინ არ უნდა გაუბედოს მოსყიდვა, დაჩაგვრა და მოტყუება.

Related Articles

Back to top button
Close