საინტერესო

დედა შვილს ძუძუს აჭმევდა და ორივე შავმა ჭირმა გააქვავა სარეცელს_ ხევსურეთის სოფლის სიკვდილის ისტორია

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმზე გადადის”-
როგორ არ გაგვახსენდეს-
ანატორი
მეცხრამეტე საუკუნეში პირიქითა ხევსურეთის ერთ სოფელში შავი ჭირი გავრცელდა. ულამაზესი სოფელს, სადაც მზე ორჯერ ამოდიოდა, ანატორი ერქვა, რომლის მკვიდრმა მოსახლეობამაც საქართველო შავი ჭირისგან იხსნა.
ეპიდემიის გავრცელებისთანავე, სოფელმა მიიღო გადაწყვეტილება, აკლდამები აეშენებინათ და ყველა სენით შეპყრობილი მოსახლე, იქნებოდა ეს ბავშვი, ქალი თუ მოხუცი, თავის ნებით უნდა წასულიყო აკლდამაში და მოთმინებით დალოდებოდა აღსასრულს.
სიკვდილთან ნებაყოფლობით შეგებება თითქმის წარმოუდგენელი ამბავია, ამიტომ, ასევე, სოფლის მკვიდრთა გადაწყვეტილებით, აკლდამებთან ახლოს მაღლობზე დააყენეს შეიარაღებული გუშაგები, რომელთაც ტყვია უნდა ესროლათ მათთვის, ვინც სისუსტეს გამოავლენდა და დატოვებდა სიკვდილის მომლოდინეთა ერთ დიდ საცხოვრებელს.
რაკი აკლდამაში ყველა სნეულისთვის საკმარისი საწოლი არ იყო, ის ვინც უკვე მძიმე ვითარებაში იმყოფებოდა საწოლებიდან გადმოყავდათ და შედარებით უკეთეს ვითარებაში მყოფთ უთმობდნენ ადგილს. ამ განაწესს ასაკი და სქესი არ განსაზღვრავდა, მომაკვდავს სიცოცხლის მქონესთვის უნდა დაეთმო ადგილი.
მიუხედავად უმძიმესი ადამიანური განსაცდელისა, ერთი შემთხვევაც არ ყოფილა , რომ ვინმეს გაპარვა ეცადა აკლდამიდან. ეს სევდიანი დღეები ჩანახატებით გაჰქონდათ და დღემდე შემორჩენილია სევდიანი ქრონიკა.
…..
სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,
მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.

გარეთ დავტოვე ცხენი.
სახლი.
ჩემი ბავშვობა.

გაღმასოფელში ასკილი ყვავის.

სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან.
და შემობერილ ნიავს.
თვალებით ეფერებიან.

სარკმლის გარეთ ჰაერია,
შიგნით – სიჩუმე.

ამ წვრილ სარკმელში.
ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.

მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და.
ილი არ გვეკარება.
*
დედა ტიროდა:
“ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო…”

ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.

შემოფრენილმა გულწითელამ
თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,
ისე ავღელდით.

მაინც მომაგნო,
ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.

მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.

რა სიჩუმეა,
სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ.

ქალაქისოდენი ღამეა.

ჩემს სახლს ასტკივდა.
კედლები და ღია ფანჯრები.

ვცდილობ ფეხი არ დავაბიჯო.
მკვდარსა და ცოცხალს.

მკვდრებიც დგებიან და წვებიან,
როგორც ჩრდილები.

მხოლოდ ეს სიტყვები და ტანჯვით ამოწყვეტილი ანატორელების ჩონჩხები დარჩა ისტორიას.ისეთი ჩონჩხიც, დედა შვილს რომ ძუძუს აჭმევს და ორივე შავმა ჭირმა გააქვავა სარეცელს.ამ ქალს ეკუთვნის სევდიანი ჩანაწერი-“გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის”…
უსაზღვრო სევდაა ანატორის ისტორია.ეს არც ლეგენდაა და არც ცრემლდამატებული ამბავი.თუმცა,იმხელა სიამაყის განცდაა,რომ ხმამაღლა გინდა მოუყვე მთელ სამყაროს- ამ გმირი ხალხის გაგრძელება ვართ და მიუხედავად ბევრი მარცხისა,ჩვენზე მებრძოლი და გმირული წარსულის მქონე ერი,ნამდვილად იშვიათობაა.
და ბოლოს,სულ მიკვირს მწერლებს,რეჟისორებს და ნებისმიერს,ვისაც ძალუძთ უკვდავება შესძინონ უმაგალითო სულგრძელობას, რატომ არ აქვთ შექმნილი ამ უნიკალურ ისტორიაზე რამე ღირებული..
ყოველი შემთხვევისთვის ასეთი მე მხოლოდ გოდერძი ჩოხელი ვიცი…

ავტ: Eka Kherkheulidze

Related Articles

Back to top button
Close