ქართულ-ებრაული

,,ყველამ იცოდა, რა ქარიშხალი ტრიალებდა იმ წუთს ებრაელი პოეტი ქალის ფაქიზ გულში”

ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენ ავტორის მონათხრობს, როცა ის ჰყვება, თუ რა გახდა ამა თუ იმ ნაწარმოების მუზა. მონათხრობი, ხშირად, შემოქმედის ფაქიზი სულის საინტერესო დეტალს გვატყობინებს.

ვინც პოეტის სულის სინატიფეს ერთხელ მაინც შეხებია, მან კარგად იცის, რომ კარგი ლექსი მოწმენდილ ცაზე, ემოციის გარეშე არ იწერება. მას  სჭირდება სიყვარულის, მონატრების, ამბოხის მუხტი… უნებლიედ გამახსენდა ნეტარხსენებული რევაზ ლაღიძის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ მისი ულამაზესი სიმღერები მხოლოდ კომპოზიტორის ბუნებასთან შეერთებისას იწერებოდა, რომ თბილისის კორპუსებში გამოკეტილი ადამიანი, ლამაზ მელოდიას ვერ შექმნის. მხოლოდ ემოციის ქარტეხილებგავლილი ნაწარმოები მიდის გულთან და ხდება საზოგადოებისთვის მისაღები.

ამჯერად, წილად მხვდა ბედნიერება, ძალიან საინტერესო ქალბატონის ულამაზესი ლექსის ისტორია მომესმინა, რომელსაც მკითხველს სიამოვნებით მოვუთხრობ. ეს პოეტი ქალბატონი ისრაელში ასული ებრაელია, თუმცა საქართველოს, თბილისის, მშობლიური სახლისა და უბნის, დედისეული კერის, მეგობრების მონატრების მეტად ფაქიზი ემოციითაა სავსე.

მაშ ასე, ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქალბატონი ნანა შაბათაშვილი (დავარი) – პოეტი, პუბლიცისტი, საქართველოს და ისრაელის მწერალთა კავშირისა და  საქართველოს ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია „გულანის“ წევრი. 2002 წ.  საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ დაჯილდოვებულია საპატიო დიპლომით შემოქმედებითი წარმატების და საქართველო-ისარელის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის. 2014 წ.  ქართულ პოეზიისადმი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა ანა კალანდაძის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი).  იგი საქართველოსა და ისრაელში გახლავთ არაერთი აღიარებისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორის მინიჭებული აქვს  საქართველოს ტელევიზიისა და რადიო-მაუწყებლობის საპატიო სიგელი _ მედეა გეგეშიძის რადიო რეპორტაჟის – „საუბარი ნანა შაბათაშვილთან“,  ოქროს ფონდში შესვლასთან დაკავშირებით. ამჟამად, ცხოვრობს აშდოდში და გახლავთ ქ. აშდოდის  ქართველ ებრაელთა მუსიკალური კომედიის თეატრის ერთ ერთი დამაარსებელი და სალიტერატურო განყოფილების გამგე.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ქალბატონი ნანას დამსახურებული აღიარებებისა, როგორც ქართული და ებრაული პოეზიის, ასევე სახალხო დიპლომატიის სფეროში, რომელსაც დღესაც იგივე შემართებით  და სიყვარულით აგრძელებს ისრაელის წმინდა მიწაზე – ქალაქ აშდოდში.

ქალბატონი ნანას ახლოს გაცნობის ბედნიერება ა.წ.  ივნისში მქონდა. 25 ივნისს საქართველოს სტუმრად ეწვია ებრაელ მეცნიერთა და ლიტერატორთა დელეგაცია. ვიზიტის მიზანი გახლდათ წიგნის -„საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის“ წარდგინება ქართული საზოგადოების წინაშე. ღონისძიებათა ციკლს  უმასპინძლა თბილისმა, ქუთაისმა, გორმა, ბაღდათმა. დიდებული მასპინძლობა გაუწიეს მონატრებულ ებრაელ მეგობრებს უნივერსიტეტებმა, მუზეუმებმა. დელეგაციის შემადგენლობაში გახლდნენ, პროფესორი შალვა წიწუაშვილი – პროექტის ავტორი და წიგნის მთავარი რედაქტორი;  პოეტი ნანა შაბათაშვილი (დავარი); პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი – ნუგზარ ჯანაშვილი; პუბლიცისტი რობერტ აჯიაშვილი (ადარი), რომელსაც როდესაც პოეტის რანგში მოიხსენიებდნენ, ღიმილით პასუხობდა – „მე არ ვარ პოეტი, მე მხოლოდ პოეზია მიყვარს“-  არადა, შესანიშნავი ლექსების ავტორი გახლავთ; არქიტექტორი და საზოგადო მოღვაწე პაატა იოსებაშვილი; საზოგადო მოღვაწეთა ამ ჯგუფს აშშ-დან შემოუერთდა ისააკ (ირაკლი) კრიხელი – თეოლოგი, მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ბიბლიური და კაბალისტური მემკვიდრეობის მკვლევარი.

დაუვიწყარი ერთი კვირა გავატარეთ, დელეგაციასთან ერთად ვმოგზაურობდით ქალაქიდან ქალაქში, ქართველი მეგობრები გვერდიდან არ მოსცილებიან სტუმრებს, ან კი  სტუმრები როგორ ვუწოდო, ისინი ხომ თავიანთ  იმ საქართველოში დააბიჯებნენ, აგრერიგად რომ ენატრებოდათ. ამ ვიზიტის შესახებ სხვა დროს მოგითხრობთ, ვინაიდან მცირესიტყვაობით არ მინდა დავაკნინო მისი მნიშვნელობა და მაღალი როლი.  ახლა მხოლოდ იმას დავსძენ, რომ სწორედ ერთად გატარებული ულამაზესი საღამოების დროს მომითხრო ეს ლამაზი და ნოსტალგიის სევდით გაჟღენთილი ისტორია ქალბატონმა ნანამ.

ეს ამბავი 6 წლის წინ მოხდა.  ნანა შაბათაშვილი თბილისს ეწვია და როგორც ყოველთვის, მასზე მონატრებული უამრავი მეგობარი ეხვია გარშემო. შეხვედრები, პოეზიის საღამოები, ქართული სიტვაკაზმულობის ზეიმი ყოველ ცისმარე დღეს და საღამოს. ზაფხული გახლდათ, უსაშველოდ მონატრებულმა ყოველივე მშობლიურისადმი, გადაწყვიტა, დედისეული სახლი ბოლოს მოენახულებინა, რომ აუჩქარებლად მოფერებოდა და ბოლომდე შეესრუტა თავისი კერიის სითბო. დადგა დღე ყრმობასთან შეხვედრისა. თბილისის ძველ უბანში ცხოვრობდნენ, პურის მოედნის სიახლოვეს, კლდისუბანი – ასე ეწოდებოდა მაშინ აზიზბეკოვის ქუჩის მიმდებარე უბანს. თან განუყრელი მეგობრები ახლდნენ: ვაჟა დურგლიშვილი, გუბაზ მეგრელიძე, თინა ჭეჟია, ლალი გელაშვილი, ნანა კელაპტრიშვილი. დილიდან აფორიაქებული იყო მოსალოდნელი ემოციის მოლოდინში. გზაში მიმავალი სიტყვაუხვობდა, მეგობრებს ამზადებდა,  დაუსრულებლად ყვებოდა ბავშვობის მოგონებებს, ძველი ეზოს ამბებს – ეზოში დიდი თუთის ხე გვედგა, იქ ვიკრიბებოდით ხოლმე უბნის გოგო-ბიჭები, უბანში ყველა მშობელმა იცოდა, სად უნდა მოეკითხა თავის შვილი,  ყვებოდა ქალბატონი ნანა. ნეტა რა დამხვდება, ნეტა რა დამხვდება – რეკდნენ ფიქრები გულის რიტმში.

ქუჩა ნახევრად გადათხრილი დახვდათ, ნაწვიმარზე გუბეები იდგა. შორიახლო მუშები საქმიანობდნენ.  ეტყობოდა, სამშენებლო ნარჩენები გაჰქონდათ ინტენსიურად, იქვე ნახევრადმშენებარე სახლიც შენიშნეს. გარშემო მხოლოდ ნანგრევები იყო. სად არის ჩემი სახლი? – იმედჩაფერფლილმა წამოიძახა ქალბატონმა ნანამ. მგონი მისამართი შეგვეშალა, მოდი სხვა გზიდან შემოვუაროთ. კარგა ხანს იარეს მეგობრებმა, ყველა სავარაუდო მისასვლელი ბილიკი მოსინჯეს – ამაოდ. აზიზბეკოვის 20 ნომერში თბილისური ეზო აღარ არსებობდა, მხოლოდ ნასახლარის ნარჩენებიღა შემორჩენოდა ტერიტორიას. გატყდა გული, ცრემლი მოაწვა პოეტს თვალზე, მას ხომ ისრაელის წმინდა მიწაზე ღამითაც კი ესიზმრებოდა დედისეული სახლის სუნი, ეზოს ჟრიამული, ეს ხომ მისი ბავშვობა იყო. შეწუხდნენ მეგობრებიც, ვეღარ ხვდებოდნენ, რით გაემხნევებინათ თვალებჩამქრალი ადამიანი. ისიც კი არ იცოდნენ, ვისთვის ეკითხათ ამბავი, ეგებ რაიმე გამოსავალი მოეძებნათ. თუთის ხე!! თუთის ხე იდგა ეზოში, გაუნათდა გონება ნანას, იქნებ ის მაინც ვიპოვოთ – წამოიძახა ხმამაღლა და იმედიანი თვალებით დაიწყო გარეშემო თვალიერება. ამ ამაღელვებენ სცენას, უნებლიედ ერთი ახალგაზრდა მშენებელი აკვირდებოდა, თურმე. საუბარიც ესმოდა. იგი ნელ-ნელა მიუახლოვდა მეგობრების ჯგუფს და მორიდებით მიმართა: თუთის ხე ამ უბანში ერთადერთია და აგერ, აქვე დგას, შემიძლია მიგასწავლოთო. დაუფიქრებლად გაყვნენ. და აი ისიც, კლდისუბნის ბავშვების თავშესაფარი, საარაკო თუთა.. იდგა ისევ ამაყად, დახუნძლული ნახევრად მწიფობაში შესული ნაყოფით. გარშემო კი მხოლოდ თბილისური ეზოს ნანგრევები.. ინსტინქტურად მაღლა აიხედა ქალბატონმა ნანამ, როგორც ადრე, ბავშვობაში, დედისეული სახლის მიმართულებით აღაპყრო მზერა და.. თითქოს ელვამ დაუარა ძარღვებში, თვალთ დაუბნელდა, ეს რას ხედავს – ნასახლარს ერთი კედელიღა შემორჩენია, დედის საძინებლის კედელი, ფანჯარა გაღებულია და დედამისის ხელით დაკიდული ზუსტად ის ცისფერი ფარდა, უკვე დამტვერილი, დაძენძილი, მაგრამ ისევ ის ფარდა, ობლად ფრიალებს. წამის მეასედში აღდგა მთელი სახლის სილუეტი გონებაში, ისიც კი გაახსენდა, როგორ დაკიდა დედამ ეს ფარდა, თვითონ კი სკამს უმაგრებდა ამ დროს.  მოვედი დედა!! – ჩამოკრა გულმა ზარი და გაირინდა გარშემო ყველა და ყველაფერი. უცებ გაახსენდა, რომ ამდენი თვალი შეჰყურებდა და მოერიდა, დავზაფრეო მეგობრები, განიცდიანო საბრალონი. გამოცოცხლდა.. აი, ხომ ხედავთ, არ შემშლია, სწორად მახსოვდა – თითქოს თავს იმართლებდა მორიდებით.  ეხლა მე თქვენ ჩემი თუთით გაგიმასპინძლდებით – ანგარიშმიუცემლად ცრემლიანი ღიმილით ბუტბუტებდა და თითქმის უმწიფარ თუთის ნაყოფს აწვდიდა მეგობრებსა და იმ კეთილ მუშას, რომელმაც დიდსულოვნად აპოვნინა დაკაგული ბავშვობა. ისინიც უღიმოდნენ, თავაზიანად ართმევდნენ და სინამდვილეში კი, ყველამ იცოდა, რა ქარიშხალი ტრიალებდა იმ წუთს ნანა შაბათაშვილის ფაქიზ გულში. ბოლოს ღონემიხდილი ნასახლარზე ჩამოჯდა კლდისუბნელი ებრაელი პოეტი ქალი. ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, სიხარულის, მონატრების, მწუხარების, დედასთან შეხვედრის, არც კი იცოდა რისი ცრემლი ეს.

აი, ასე დაიბადა ეს პატარა, ლამაზი და უსაშველო ემოციით სავსე ლექსი: „ძველი სახლი“.

ძველი სახლი

ნანა შაბათაშვილი /დავარი/

რაღაც უსაშველოდ გაგრძელდა წვიმა

და ფლატეებიც ჩარეცხა სულში,

გზაზე შემომხვდა უცნობი ვიღაც

და სევდის ფთილა გაშალა გულში.

აღმართზე ასვლა არ იყო ძნელი,

მაგრამ სველ ქვიშნარს ქვითკირი ეღრძო

შემოეხვეოდა ჭია და მტვერი

ძველ ფარღალალა ბავშვობის ეზოს.

ვეძებდი დედა ჩიტების ბუდეს,

ჭროღა თუთაზე დარჩენილ ბარტყის

და მონატრების ნაღველით უძლებს

მეძახდა სევდის პატარა სახლი.

სტატიის ავტორი: ირინა ბიბილეიშვილი იოსებაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close