
მსახიობმა ქეთი ხუციშვილმა პოდკასტში „ჩემი ტოლი” ისაუბრა ცხოვრებისეულ გარდატეხებსა და ტკივილებზე:
.
-ცუდი გარდატეხებიც ყოფილა და კარგიც ჩემს ცხოვრებაში… ცუდი ის იყო, რომ ბევრი წლის წინ დავკარგე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები, ჩემი ოჯახის წევრები – ჩემი და და ჩემი სამი თვის შვილი, გოგო… ეს იმდენად ემოციური იყო, რომ წლები დამჭირდა, გამეთავისებინა და შევგუებოდი, რომ ამ რეალობასთან უნდა მეცხოვრა…
გადავლახე, თუ ამას გადალახვა ჰქვია, მაინც მომყვება ეს სტრესი და ეს ყველაფერი ცუდი, აისახა ჩემს ფსიქიკაზე. დღემდე ვმკურნალობ…და ნუ, გარდატეხა მოხდა, რაღაც-რაღაცებს სხვანაირად შევხედე…
კარგი ის იყო, რომ დაიბადა მერე ჩემი შვილი – გიორგი. ახლა 25 წლის გახდება, საზღვარგარეთ ცხოვრობს, თავისი საქმიანობა აქვს. ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს მე და გიორგის. დედა-შვილი ვართ და მეგობრებიც ვართ… ასეთი დამოკიდებულება გვაქვს მეც და დედასაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
გიორგი რომ გაჩნდა, წნევას ვერ მიგდებდნენ სიხარულით. საერთოდ სამყაროს სხვა თვალით შევხედე და ის იყო კიდევ გარდამტეხი, რომ აღმოვჩნდი ამ ჩემს საყვარელ სფეროში, კამერების წინ… ესენი რომ ნათდება, ყველაფერი მავიწყდება, ეს უკვე ჩემია…




