საზოგადოება

,,თბილისში ბევრი მახინჯი და ავარიული სახლი აშენდა. ისინი ახლა პრობლემებს ქმნის…”

,,8 თვეში არიგებენ გეოდეზისტის სერთიფიკატს, რაც არ შეიძლება. სინამდვილეში, ეს სასწავლებლები კვალიფიციურ გეოდეზისტებს კი არა, უბრალო ოპერატორებს უშვებენ, რომლებიც  აპარატურის გარეშე საქმეს ვერ გააკეთებენ"

   ქართველი გეოდეზისტი ზვიად ჯაფარიძე ამერიკაში სამოგზაუროდ იმიტომ წავიდა, საკუთარი პროფესიის მიღწევებს ადგილზე რომ გაეცნოს და შემდგომ საქართველოში დანერგოს. რამდენიმე ქალაქში მშენებლობები უკვე მოინახულა. მისი აზრით, საქართველოში არსებული გეოდეზიის სასწავლებელი რომ არ გაუქმებულიყო, ეს დარგი ჩვენს ქვეყანაშიც წარმატებული იქნებოდა. გული სწყდება, რომ მის აღდგენაზე დღესაც არავინ ფიქრობს და ზრუნავს. არადა, დარგი სტრატეგიული და საჭიროა.

   ზვიად  ჯაფარიძე, გეოდეზისტი:

_ სამშენებლო სფეროთი ჩემი დაინტერესება ოჯახიდან მოდის.  ბაბუა და მამა წყლულეთის აგარაკს აშენებდნენ და მშენებლობის პროცესი ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა. კარგად მახსოვს, გეოდეზისტები რომ მოვიდნენ სპეციალური აპარატებით და დიდხანს ზომავდნენ ტერიტორიას. აი, იმ დროიდან გახდა გეოდეზია ჩემი ინსპირაციის წყარო. ეს დარგი უყრის საფუძველს ყველა სახის  მშენებლობას. დიდი და ლამაზი ქალაქები გეოდეზისტ-კარტოგრაფების დაგეგმილი და მათი დახმარებით არის აშენებული. თბილისის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯში აერო-ფოტო გეოდეზიის განხრით 4 წელი ვისწავლე. სამწუხაროდ, ეს სასწავლებელი ამჟამად  აღარ არსებობს.

ბაბუაჩემი თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის საიდუმლო კარტოგრაფიულ ნაწილში მუშაობდა, სადაც რუკებსაც ბეჭდავდნენ. ამ განყოფილების თანამშრომელი გარკვეული პერიოდი მეც ვიყავი.  პარალელურად მენეჯერთა სკოლასა და უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. სწავლა-განათლების დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანია ,,პირამიდა +”-ში დავიწყე მუშაობა საქმის მწარმოებლად. თბილისის გარეუბნებსა და წავკისში ვაშენებდით სახლებს, რეკონსტრუქციას ვუტარებდით შენობებს. ამ სამსახურში გეოდეზიის კოლეჯში მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგა.

      _ გეოდეზიის არცოდნის შემთხვევაში, როგორც მშენებელი, პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდით?

_ გასული საუკუნის 90-იან წლების მშენებლობებში გეოდეზისტები არ იყვნენ  ჩართული. ამიტომ თბილისში ბევრი მახინჯი და ავარიული სახლი აშენდა. სამშენებლო კომპანიები საერთოდ არ ითვალისწინებდნენ მშენებლობის საჭირო ნორმებს და კორპუსებს სპონტანურად დგამდნენ. თვლიდნენ, რომ გეოდეზია  გარკვეულ ცოდნასა და ფინანსებს საჭიროებდა, ამიტომ მის გარეშეც იოლად მოაკვარახჭინებდნენ საქმეს. 90-იან წლებში აშენებული მახინჯი და ავარიული სახლები დღეს ბევრ პრობლემას და საფრთხეს ქმნის.

სახლის მშენებლობის დროს თავდაპირველად იდგმება პირველი სართულის სვეტები, მეორე სართული რომ აშენდეს, სვეტები ვერტიკალურად და სწორად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ასე არ ხდებოდა. მრუდესვეტებიანი სახლი, ცხადია, ავარიული იყო და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასევე  არ აკეთებდნენ შიდა აზომვებს, რათა თავიდანვე გამოაშკარავებულიყო დაშვებული შეცდომები. დასრულებულ კორპუსებში ხალხი შედიოდა და შემდეგ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ შენობის დეფორმაციის გამო ლიფტები ვერ მოძრაობდა, კედლები იხსნებოდა და ა.შ.

ხიდის მშენებლობის დროს თუ ბურჯები ზუსტად და სიმეტრიულად არ ჩაიდგა, შეიძლება, ძალის დაწოლა მოხდეს ცალ მხარეს და დროთა განმავლობაში ხიდი ექსპლუატაციიდან გამოვიდეს. მშენებლობის პროცესებში გეოდეზისტთა მიმართ ინტერესის გაქრობამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში დაიხურა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯი, რომელსაც სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა.

    _  საქართველოში  გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სასწავლებელი აღარ არსებობს?

_ ყოფილი სსრ კავშირის მასშტაბით ასეთი სასწავლებელი ორი იყო, მოსკოვსა და თბილისში, მაგრამ ჩვენთან გააუქმეს და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ცალკე სასწავლებელი აღარ გვაქვს.  სხვადასხვა ინსტიტუტებშია გახსნილი 7-8 თვიანი გეოდეზიის კურსები, მაგრამ ამ მეცნიერების 8 თვეში სრულფასოვნად შესწავლა წარმოუდგენელია.

გეოდეზისტთა სკოლის გაუფერულება-განადგურება ამ დარგის ყველა სპეციალისტისთვის დიდი ტრაგედია და გულისტკივილია. გეოდეზიის კოლეჯში მაღალი დონის სპეცილისტები კითხულობდნენ ლექციებს, გვქონდა ბაზები, სადაც ვიღებდით პრაქტიკას და წლების განმავლობაში ვეუფლებიდით მეტად საჭირო პროფესიას. ახლა  8 თვეში არიგებენ გეოდეზისტის სერთიფიკატს, რაც არ შეიძლება. სინამდვილეში, ეს სასწავლებლები კვალიფიციურ გეოდეზისტებს კი არა, უბრალო ოპერატორებს უშვებენ, რომლებიც  აპარატურის გარეშე საქმეს ვერ გააკეთებენ. გეოდეზიის ნამდვილ სკოლაგავლილ სპეციალისტებს კი საველე პირობებში, აპარატების გარეშეც შეუძლიათ ნებისმიერი საქმის გაძღოლა.

ვიმეორებ, მშენებლობის საფუძვლის ჩამყრელი და ბოლომდე სწორად მიმყვანი არის მხოლოდ გეოდეზია. თუ ამ მეცნიერებასა და მეცნიერებს აბუჩად აიგდებ, არაფრად ჩათვლი და 8 თვიანი ,,განათლების“ დანერგვით დააკნინებ, მიიღებ შესაბამის შედეგს – არასწორად ნაშენებ ქალაქებს, რაიონულ ცენტრებს, ხიდებს, საცხოვრებელ სახლებს და ა.შ.

ყველა სამშენებლო პროცესი მცოდნე გეოდეზისტების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. რაც უნდა გამოცდილი იყოს მშენებელი, გეოდეზიური გათვლებისა და სპეციალური აპარატების გამოყენების  გარეშე სიზუსტის დაცვა გაუჭირდება. ნებისმიერი შენობის დასრულების შემდეგ გეოდეზისტმა კვლავ უნდა ჩაატაროს ე.წ. ,,სიომკა“, რომლითაც კიდევ ერთხელ შეამოწმებს საპროექტო ნორმების შესაბამისობას და მიღება-ჩაბარების აქტს ამის შემდეგ დაწერს.

    _ საქართველოში ამჟამადაც გეოდეზისტების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს მშენებლობები?

_  მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის საერთაშორისო პროექტში ვმონაწილეობ, რომლის მშენებლობასაც აზერბაიჯანული მხარე ახორციელებს.  ამ მშენებლობაში დიდი როლი სწორედ გეოდეზიას აკისრია. პროექტის განხორციელების დროს ბევრი სირთულე წარმოიშვა, რომელსაც თავი სწორედ გეოდეზიის დახმარებით გავართვით.

ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში გეოდეზიის როლი მშენებლობის პროცესებში ნელ-ნელა იზრდება. მშენებლობა სანამ დაიწყება, მშენებელს გეოდეზიური დაკვალვის პროექტს სთხოვენ, მაგრამ გეოდეზიის სრულყოფილი სასწავლებლის აღდგენზე კვლავ არავინ ფიქრობს, რაც ძალიან გულსატკენია. ამ დარგის ქართველი სპეციალისტები, თავის გადასარჩენად უცხოეთში გარბიან და იქ საქმდებიან. ამჟამად მეც დროებით ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ყოველთვის მაინტერესებდა აქაური გეოდეზისტების მიღწევები, გამოცდილება და მიზანი ავისრულე. უკვე რამდენიმე ქალაქში ვიყავი მშენებლობების მოსანახულებლად. მშენებლობის პროცესებში გეოდეზისტები აქტიურად მონაწილეობენ და დარგის წინსვლაც აშკარაა. ამერიკელი გეოდეზისტები ახალ-ახალ ტექნოლოგიებს ნერგავენ და ანვითარებენ. ინტერესით ვაკვირდები მათი მუშაობის სტილსაც. მინდა, საქართველოში  უკეთესი ცოდნა-გამოცდილებით ჩამოვიდე და პრაქტიკაში გამოვიყენო.

     ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close