განათლება

შვილმკვდარი დედა: ონკოლოგიურში, უხარისხო ქიმიოთერაპიით დამწვარ კანზე, ქრისტინას არ მკურნალობდნენ (ექსკლუზივი)

სკანდალი-ექსკლუზივი 
   ახლა საშინელი ამბავი უნდა მოგიყვეთ.  შვილმკვდარი დედა –  მარინა შავლაყაძე, რომელიც ამჟამად  იტალიაში, ემიგრაციაში იმყოფება, სიმსივნით არის დაავადებული. ის მკურნალობის კურსს მოხუცებულთა თავშესაფარში გადის, სადაც სრულიად უფასოდ უწევენ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. 2016 წელს, მას სიმსივნით  ქალიშვილი გარდაეცვალა _ 33  წლის  ქრისტინა. გოგონას 5 წლის ბავშვი დარჩა. შვილმკვდარმა დედამ  გვითხრა, რომ საქართველოში მასაც იგივე ელოდა, იტალიაში კი სიცოცხლეს უნარჩუნებენ.
      ქალბატონმა მარინამ შვილის ავადმყოფობის შესახებ მოგვიყვა და ის მდგომარეობა აღგვიწერა, რომელშიც  დღეს, თბილისში, ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში  პაციენტები იმყოფებიან.
   მარინა შავლაყაძე:
  _ 2013 წელს ჩემს შვილს მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა. ეს რომ გავიგე, იტალიიდან სასწრაფოდ გამოვიქეცი შვილისთვის რომ მიმეხედა. პირველი ოპერაცია 2015 წელს, დიღომში, ონკოლოგიურში გაუკეთეს. ჯანჯალია და მძინარაშვილი იყვნენ ქირურგები. მათ მკერდში ჩაუდგეს პლასტიკა, რომელიც სითხეს აშრობდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მე ისევ დავბრუნდი იტალიაში, თუმცა ცოტა ხანში, კვლავ საქართველოში ჩამოსვლა მომიხდა.
   ჩემი შვილის მკურნალ ექიმს იცით რას ვემდური, ისე გაუკეთეს ოპერაცია, სრულფასოვანი გამოკვლევა არ ჩაუტარეს  და წინასწარ არ გაარკვიეს, მეტასტაზები ხომ არ იყო წასული ორგანიზმში. არ ვიცი, ასე რატომ მოიქცნენ. კრისტინას მეტასტაზები მოდებული ჰქონია და მხოლოდ მკერდიდან სიმსივნის მოკვეთა რას უშველიდა? ეს შემდეგ,  თოდუას კლინიკაში  გაარკვიეს, რომ თავშიც კი გასული იყო მეტასტაზი.
 ლისის ტბასთან მდებარე ონკოლოგიური საავადმყოფოს პალიატიურ განყოფილებაში ორჯერ იწვა ჩემი შვილი. საოცარი ამბები გადაგვხდა ამ საავადმყოფოში.
   _ რას გულისხმობთ?
  _ პალიატიურში ქრისტინასთან  მოდიოდნენ და ანალიზს უღებდნენ. ჩემი ოჯახის წევრები კი ბუღალტერიაში ანალიზის ფულს იხდიდნენ. ორჯერ გადაიხადეს თანხა. მესამედ  უფრო მეტი მოითხოვეს. 60 ლარს ვიხდიდით და 80 ლარი უნდა გადაიხადოთო, გვითხრეს.  გაბრაზდა ჩემი სიძე, სოციალურად დაუცველები ვართ და რას აკეთებთ, არ გრცხვენიათო. დარეკეს სამინისტროში და აღმოჩნდა, რომ თურმე წინა ორ შემთხვევაშიც არ უნდა გადაგვეხადათ ფული, თუმცა ის თანხა უკან აღარავის დაუბრუნებია.
  გვერდითა პალატაშიც სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდა გოგო იწვა. მისი ოჯახიც იხდიდა ფულს. თავიდან 75 ლარს, მერე მასაც  გაუძვირეს და 150 ლარი მოსთხოვეს. გადაირია ეს ხალხი და ექიმებს აგინეს. დიდი ჩხუბი ატყდა ამის გამო.

    ფულზე ექიმები გველაპარაკებოდნენ. გვეუბნებოდნენ, ამდენი უნდა გადაიხადოთ, წადით ბუღალტერიაში და იქ უკეთ გაგარკვევენო. ადვილია, ყოველ დღე, თუნდაც 75 ლარის გადახდა?  გაჭირვებულ ადამიანებს კუთხეში აყენებენ და მათი მძიმე მდგომარეობით სარგებლობენ.  ჩვენს გვერდით კიდევ ერთი სიმსივნით დაავადებული მოხუცი კაცი იწვა. მოხუცი ცოლი უვლიდა  და ისინიც ყოველდღე 75 ლარს იხდიდნენ.
     ქიმიოთერაპიით ჩემს შვილს სხეულის ქვედა ნაწილი სულ დამწვარი ჰქონდა. გეგონებოდათ, მუცელზე მდუღარე წყალი დაასხესო. როგორც ჩანს, საქართველოში ქიმიოთერაპიასაც უხარისხო წამლით აკეთებენ. როცა  სხეული დავუთვალიერე, მარცხენა მხარეს, მუცელთან სიშავე შევამჩნიე.  გადავირიე, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. პალატებში, ავადმყოფების საწოლები კედლებთან აქვთ მიდგმული, რაც არაფრით არ შეიძლება. სამედიცინო პერსონალს უნდა შეეძლოს, ავადმყოფს ყველა მხარეს მიუდგეს. უცხოეთში კედელთან მიდგმულ საწოლებს სამედიცინო დაწესებულებებში ვერ ნახავთ. იქ ასეთი რამ დაუშვებელია.
  სასწრაფოდ გამოვათრიე რკინის მძიმე საწოლი და გადავაბრუნე ჩემი შვილი. საშინელება ვნახე. კანის სიშავე უკვე ხერხემლამდე იყო მისული. ექიმებმა გამოწეული საწოლი რომ ნახეს, ჩხუბი დამიწყეს. მეც ვუთხარი, რომ ჩემი შვილის თითოეული გადაბრუნება საშინელ ტკივილთან იყო დაკავშირებული და ქრისტინას სხეულზე სიშავეებიც, ნაწილობრივ, ამისი ბრალი იყო. თავს იმართლებდნენ- ეს სისხლცაქცევაა და ჩვენთან მოსვლამდე ჰქონდაო. ჩემი სიძეც შეეკამათა, რატომ ტყუით, სამი-ოთხი დღეა, რაც ეს სიშავე გაუჩნდა და ნელ-ნელა გაუდიდდაო. უხარისხო ქიმიო- თერაპიამ და სამედიცინო მედპერსონალის გულგრილობამ ჩემს შვილს მთელი სხეული გაუნადგურა. დამწვარ კანზე ქრისტინას არ მკურნალობდნე.
 გადავწყვიტე, მე მიმახედა. ექიმს ძლივს ამოვგლიჯე სიტყვები, როგორ უნდა გვემკურნალა. გვითხრეს, არგოსულფანი წაუსვით  და ბეტაკორტიზონის მალამოო. მიგვითითეს აფთიაქზე, სადაც ეს მალამო უნდა გვეყიდა. 16 ლარს ვაძლევდით. მერე გავიგეთ, რომ იგივე მალამო კიდობანში 8 ლარი ღირდა.  მე რომ არ მიმეხედა, ჩემს შვილს სხეული სულ დაულპებოდა.
ამ საავადმყოფოში მედპერსონალისგან მიუხედავები არიან პაციენტები. იცით რა მაინტერესებს, ნეტავ, არ ეშინიათ, არ ფიქრობენ, რომ ამ ავადმყოფების ცოდვით ვერ გაიხარებენ, თავიანთი საქციელის გამო?
     როგორც გითხარით, ორჯერ იწვა ჩემი შვილი ონკოლოგიურის პალიატიურში. პირველად ორი კვირა იწვა. ყველაფერი გავაკეთე და ფეხზე წამოვაყენე. მერე კომაში ჩავარდა, ერთი თვე იწვალა და გარდაიცვალა ულამაზესი ჩემი გოგო.
     2016 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა ქრისტინა ონკოლოგიურ საავადმყოფოში.
   გული მტკივა, რომ  ძალიან უგულო ადამიანები მუშაობენ ამ საავადმყოფოში. არადა, პირიქით უნდა იყოს. მძიმე, მომაკვდავ ადამიანთან  გულისხმიერი და მზრუნველი მედპერონალი უნდა მუშაობდეს. იციან, რომ აქ მწოლიარე ავადმყოფების დღეები დათვლილია, მაგრამ არ ეტყობათ, რომ მათი სატკივარი ადარდებთ. ექთანი სანთელს ისე დაუნდობლად უკეთებდა სწორ ნაწლავში ჩემს შვილს, ისე აკივლებდა, მისი პალატიდან გასვლის მერე ფეხზე დგომა აღარ შემეძლო, ვკვდებოდი ქრისტინაც ცოდვით. ერთხელ ვეღარ მოვითმინე და ვიყვირე. ჩემი სიძეც გადაირია და მერე ფრთხილობდა.
    ბევრი რამ არის შესაცვლელი ქართულ ჯანდაცვაში. პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ის მგლური პოლიტიკა, რომელიც მედიცინის მუშაკებს ავადმყოფებისა და მათი ოჯახების მიმართ აქვთ. 20 ათასი ევროთი ჩამოვედი საქართველოში და ჩემი შვილის გამოსაჯანმრთელებლად სულ დამახარჯინეს, თუმცა მაინც ვერ გადამირჩინეს ქრისტინა. 200 ევროთი ჩამოვედი იტალიაში, გაუბედურებული და განადგურებული დედა.
_ იმ ონკოლოგიური პაციენტების ბედია საინტერესო, ვისაც არ აქვს იმდენი ფული, რომ სტაციონარების მოთხოვნები დააკმაყოფილოს…
_ ასეთებს სახლში უშვებენ და მხოლოდ მორფს აძლევენ უფასოდ, რომ ტკივილი გაუყუჩდეთ. ამ საავადმყოფოში მისული ავადმყოფების უმეტესობაც  განწირულია. საავადმყოფო კი არა, სასაკლაოა… 
   _ თქვენს შესახებაც მოგვიყევით…
   _ მეც მკერდის სიმსივნე მაქვს და იტალიაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ვიმყოფები (თან ლაივით მაჩვენებს ამ დაწესებულებას). როგორც ხედავთ, შესანიშნავ პირობებში ვარ. ერთი დღე აქ გაჩერება  800 ევრო ღირს, მაგრამ ჩემნაირი ავადმყოფები არაფერს იხდიან. 27 ცალი იმუნოგლობულინი გადამისხეს. თითო ამპულა 400 ევროზე მეტი  ღირს, მაგრამ უფასოდ მიკეთებენ. აქ რომ არ ვიყო, საქართველოში, აქამდე მეც მკვდარი ვიქნებოდი. ეს ხალხი მინარჩუნებს სიცოცხლეს.

ნელი ვარდიაშვილი

 euronews.ge გააგრძელებს ამ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლას და მას საჯაროს გახდის. 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close