„გავუქანე და ჩავარტყი…. დანა „რაკოვინაში” ჩავაგდე“
თეკლა გერსამიას ქმრის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯა

ქმრის, ლუკა დარასელიას, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, 25 წლის თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ნაჭყებიამ, მას შემდეგ მიიღო, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, პირველ 4 საათში მიიღო.
თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარის ვერსია ლუკა დარასელიას თვითმკვლელობაა, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, 22 აგვისტოს მოხდა.
„იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი…. დანა წავიღე, „რაკოვინაში” ჩავაგდე, წყალი გადავავლე“, – ამის შესახებ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტიკტოკერი“, 25 წლის თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში აცხადებს.
„მინდოდა ერთი-ერთზე დაგლაპარაკებოდი, ხომ არ ხარ წინააღმდეგი, გავისაუბროთ. ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, მოსიყვარულე შვილის დედა“, – მიმართავს ფარულ ჩანაწერში მას პოლიციელი, რის შემდეგაც გერსამია მომხდარის შესახებ იწყებს საუბარს.
„ჩხუბი დავიწყეთ. ვინტილიატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა… მწვანე დანა მაგიდაზე იდო… სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი. დანა წავიღე, „რაკოვინაში“ ჩავაგდე, წყალი გადავავლე, ბავშვი წამოვიყვანე, ფანჯარაზე იყო ამძვრალი. ძალიან ცუდად ვიყავი, [სასწრაფოს] ვერაფერი ვუპასუხე… საავადმყოფოდან დედასთან წავედი, არაფერი მითქვამს, თავისით გაიგო… ძალით არ გამიკეთებია, იმდენად ხშირი იყო შეურაცხყოფა… სხვის სახლში ვცხოვრობდით, სხვისი სახლის გამო გავეკიდე“, – აცხადებს გერსამია ჩანაწერში.
ფსიქოლოგის ჩვენების მიხედვით კი, გერსამიამ მასთან გასაუბრებისას ეს ფაქტი სხვაგვარად თქვა.
მათიაშვილის თქმით, გერსამიამ მას უთხრა, რომ „ლუკამ მაღაზიაში რაღაცები მოიპარა და ამაზე იჩხუბეს“. გერსამიამ ფსიქოლოგს უთხრა, რომ მან ყვირილის ხმა გაიგო და როცა ლუკა დაინახა, ის კისრიდან საყელოს იწევდა, რა დროსაც დანა დაინახა, ამოაცალა და მოგვიანებით გარეცხა.
გავრცელებული ინფორმაციით, თეკლა გერსამიასთან ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა პოლიციის თანამშრომელმა დაკავების შემდეგ განახორციელა.
ამბები.ჯი. მშობლები.ჯი




