განათლება

„ბოლოს როდის ნახეთ 12 წლის ბავშვი, მაინტერესებს!“

მშობელი მასწავლებლებსა და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს მიმართავს

მშობელი მაგდა მარიდაშვილი იმ პრობლემაზე საუბრობს, რაც საქართველოში უამრავ მშობელს აწუხებს. ეს არის მასწავლებლებია არასწორი მიდგომა მოსწავლეების მიმართ, ასევე – ბავშვებისთვის გაუგებარ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელოები.

.

-მასწავლებლებთან მექნება ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა. არ ვიცი, ზემოდან გავალებენ, რომ კონკრეტულად ამდენი დავალება უნდა მისცეთ ბავშვს, თუ საერთოდ გგონიათ, რომ რაც უფრო მეტს მისცემთ, მით უფრო კარგი ტიპი ხართ. არ ვიცი. მაგრამ თქვენი საგნის გარდა ბავშვს სხვა საგნებიც აქვს სამეცადინო და, რა ვიცი, დღეში ექვსი საგანი მაინც. ერთად აქვს ხოლმე, მაგალითად, ბიოლოგია, ფიზიკა, ისტორია, ქართული, მათემატიკა, გეოგრაფია. კი, მარტო მათემატიკა არ აქვს ბავშვს, არც მარტო გეოგრაფია აქვს, არც მარტო ბიოლოგია და ასე შემდეგ. ეს რომ იცოდეთ მაინც, საერთოდ, მასწავლებლებმაც. და რამდენად გაინტერესებთ ხარისხი, ისიც მაინტერესებს.

გასაგებია, რომ კლასში 20-30 ბავშვთან ვერანაირად ვერ მიიტანთ და ვერ ახსნით მასალას ისეთ დონეზე, რომ სახლში ბავშვს უბრალოდ გადაკითხვა დასჭირდეს. მესმის, საჯარო სკოლების მთელი პრობლემაც ამაშია. გეთანხმებით, მარტო გვარების ამოკითხვაში დაგეხარჯებათ 10 წუთი და დავალების შემოწმებაში ერთი იმდენი კიდევ, მეტი თუ არა. კი ბატონო, გასაგებია ყველაფერი, მაგრამ, საერთოდ, მე მგონია, რომ განათლების სისტემა ისეთი უნდა იყოს, სახლში რომ მიდის ბავშვი, ბევრი არაფერი ჰქონდეს სამეცადინო. მე ასე მეგონა…

მაინტერესებს, როდესაც ადგენთ, მაგალითად, ბიოლოგიის, გეოგრაფიის და სხვა საგნების წიგნებს – სხვათა შორის, ავტორებს შორის ერთი-ორი ჩემი ლექტორიც ვნახე, არ დავასახელებ სახელებსა და გვარებს –  საერთოდ, რატომ გგონიათ, რომ ამ წიგნებს, როდესაც სკოლისთვის ქმნით, იმავე ენით უნდა წერდეთ, რომლითაც მეცნიერები სამეცნიერო კონფერენციაზე საუბრობენ? ტელევიზიით გამოდიხართ და ჟურნალისტებს ესაუბრებით, რომლებიც ასაკით უფროსები არიან და კარგად გაიგებენ რაღაცებს, თუ ვის ელაპარაკებით?

ანუ საერთოდ მეშვიდეკლასელი ბავშვი, ბოლოს როდის ნახეთ 12 წლის ბავშვი, მაინტერესებს! აი, ამ რაღაცებს რომ წერთ, რაც დღეს ბავშვს ჩანთაში უდევს, ვისთვის წერთ? 12 წლის ბავშვს ელაპარაკებით? ბოლოს საერთოდ როდის გინახავთ, როგორ აზროვნებენ ამ ასაკის ბავშვები, როგორ ლაპარაკობენ, როგორი ტერმინოლოგია აქვთ? საერთოდ რამე თუ იცით 12 წლის ასაკის ბავშვზე? აი, ეგ მაინტერესებს.

და უბრალოდ, აი, რისთვის ვსწავლობთ – ნიშნებისთვის? მე, მაგალითად, ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ უბრალოდ რვა ჰქონდეთ და, ნუ, შვიდს ნუ ჩამოსცდებიან. ცხრა-ათს არასდროს არ მოვთხოვ. ისიც იციან, რომ უნივერსიტეტსაც არ დავაძალებ. ნანახი მაქვს, ვინ ხართ, რატომ ხართ, როგორ ასწავლით ხალხს და რა უნარებსაც სძენთ.

თუ ახლა ექიმობა მოუნდათ, რა თქმა უნდა, უნდა ისწავლონ, მაგრამ იმედი მაქვს, არ მოუნდებათ და თუ ისწავლიან, საზღვარგარეთ ისწავლიან. ვერც ქიმიკოსები გამოვლენ და ვერც ნეიროქირურგები თავისით.

დღეს უარი ვთქვი ერთ-ერთ სამსახურზე, რომელიც ძალიან მინდოდა. ძალიან კარგი ხალხი იყო, ძალიან კარგი შემოთავაზება იყო და ჩემი განვითარებისთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ბავშვებს დავუჯდე. იმიტომ, რომ გუშინ, როცა მესამე სამსახურიდან მოვედი, ჩემი შვილი იჯდა და ფიზიკასაც მეცადინეობდა, ბიოლოგიასაც, კითხვებიც დაწერილი ჰქონდა და გეოგრაფიასაც სწავლობდა, მაგრამ ვერაფერი გაიგო.

თუ მე ვახერხებ, მაგდა მარიდაშვილი, რომელსაც პედაგოგიური ნიჭი ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ გადმოცემის უნარი მაქვს და შემიძლია აზრი გამოვიტანო იქიდან, რასაც დაწერთ, შემდეგ კი ბავშვისთვის გასაგებ ენაზე „ვთარგმნო“, თქვენ, პედაგოგები რომ უნდა იყოთ და მეცნიერები რომ ბრძანდებით და სასკოლო წიგნებს რომ ქმნით, რატომ ვერ ახერხებთ ამას?

მე თუ ჩემი შვილისთვის გასაგებ ენაზე ხუთ წუთში შემიძლია ყველაფრის ახსნა, რასაც ის მთელი საათ-ნახევარი ვერ იგებდა, თქვენ რატომ ვერ აგებინებთ იგივეს? – ამბობს მშობელი.

მშობელი.ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close