დალის სამოთხის ბაღი ქიზიყში
,,ყველა მცენარეს ხელს გადავუსვამ, ვეფერები და ვესაუბრები, აბა, დღეს რა გინდა? წყალი გაკლია თუ შემოთოხნა გესიამოვნება... ცხადია, ის ვერ მპასუხობს, მაგრამ მე ვგრძნობ, რომელს რა უნდა გავუკეთო, როგორ დავეხმარო. ზუსტად ვერ აგიხსნით, რა ხდება და როგორ მყარდება ასეთი უსიტყვო კავშირი''

ულამაზესი ბაღიდან ალაზნის წარმტაცი ველი და გოროზი კავკასიონის ქედები მოჩანს. ირგვლივ ყვავილების სურნელი იფრქვევა და ნაირფერი პეპლები დაფრინავენ. ყველაფერი ყვავის და ბიბინებს. ჩიტებს რია-რია გაუდით. იქვე ხის ჯირკზე ვჯდები და თავი ამქვეყნიურ სამოთხეში მგონია. დიახ, ასეთი განცდა დამეუფლა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, დალი ძამიაშვილის ბაღში. აქაურებისგან ხშირად გამიგონია ,,დალის ბაღის” ზღაპრული სილამაზის ამბავი, მაგრამ როგორც იტყვიან, გაგონილს ნანახი სჯობს.
დალი ძამიაშვილი:
_ საქობოში, ჩემი მშობლების სახლის ეზოში, ყოველთვის ხარობდა ნაირ-ნაირი მცენარე. მეზობლად თუ ლამაზ და უცხო ყვავილს დავინახავდი, ვთხოვდი, ძირი მოეცათ. სკოლაში შრომის მასწავლებელმა მცირე ნაკვეთები გამოგვიყო, სადაც მცენარეები უნდა გაგვეხარებინა. ისე ლამაზად გავაფორმე ჩვენი კლასის ნაკვეთი, რომ სხვა კლასებს ვაჯობეთ.
სახლის აშენება დაუსახლებელ ადგილზე დავიწყე. მანამდე ამ ადგილას ძეძვი, ეკალ-ბარდები იყო. როცა ტერიტორია გავასუფთავე და ეზო შემოვღობე, რამდენიმე ვარდი მაშინვე დავრგე. მას შემდეგ 20 წელიწადზე მეტი გავიდა და ის ვარდები ახლაც ამშვენებს ჩემს ბაღს. 10 წლის წინ მცენარეების მრავალფეროვნება არ იყო ბაზარზე. არადა, ძალიან მინდოდა ბაღისთვის განკუთვნილი ტერიტორია მთლიანად შემევსო. მთავარია, მცენარე ყოფილიყო და არ ჰქონდა მნიშვნელობა, იგივე სახეობა მქონდა თუ არა. ამჟამად ასზე მეტი ვარდი მიდგას. 800-900 კვმ-ზეა გადაჭიმული ჩემი ბაღი და კიდევ ვაპირებ მის გაფართოებას. უპირატესობას მარადმწვანე მცენარეებს ვანიჭებ, ბაღი ზამთარშიც ლამაზი რომ იყოს. ძალიან პატარა ვერცხლისფერი ნაძვი ვიყიდე ჰიპერმარკეტში. ახლა ჩემი ბაღის ერთ-ერთი სამშვენისია. ვერცხლისფერი ციმბირული ნაძვიც მიდგას. პატარა იყო, როცა ვიყიდე. სოჭიც მაქვს და ჩვეულებრივი ნაძვებიც.
ნაძვების მოყვარულებს სასიკეთო რჩევას მივცემ: მცენარე, განსაკუთრებით კი ნაძვი რომ გაახაროთ, პატარა უნდა დარგოთ. დიდმა მცენარემ შეიძლება ვერ გაიხაროს, მაგრამ პატარას ხელს თუ შეუწყობთ, აუცილებლად გაიხარებს. ნაძვისთვის სასარგებლოა განოყიერება, მოვუბარავ და ყოველ მეორე წელს რამდენიმე მუჭა ბუნებრივ ნაკელს ვუყრი ხოლმე. ბევრის დაყრა არ შეიძლება, რადგან შესაძლოა მცენარის ძირები დაიწვას. ყოველწლიურად სჭირდება გასხვლაც. ამას წინათ ვერცხლისფერი ნაძვის ღეროზე ობი გაჩნდა. მივხვდი, აერაცია ესაჭიროებოდა და შიგადაშიგ გამოვხშირე. ასე მოვსპე ობი. ყველა მცენარეს სჭირდება ჰაერი, ამიტომac ყველა ნარგავს ვსხლავ. თავად ვიგონებ, როგორ მოვაწყო, სად რომელი მცენარე დავრგო და გადავიტaნო. როგორც ხედავთ, ჩემს ბაღში ბევრი რკინის თაღია. თაღების რკინებს სხვას ვადუღებინებ და შემდეგ ვრგავ მასზე გადასაყვან ხვიარებს – ფათალოს, ცის იასამანს, ვარდებს და ა.შ. თაღებზე გადასაყვანად სულაც არაა საჭირო ხვიარა ვარდი. ჩვეულებრივი ვარდებიც კარგად გადადის და ულამაზესი სანახავია. ასეთ ვარდს ძირთან ახლოს ზედმეტი ქირქა უნდა გააცილოთ და თავისუფლად შეძლებს გაზრდას. გრძელი ტოტებიც უნდა წააკვეცოთ და აერაციისთვის გამოხშიროთ. ასე მაქვს აყვანილი ჩვეულებრივი ვარდი ქლიავის ხეზე და როცა ყვავის, ულამაზესია. ყვავილებთან ერთად ხილის ძირებიც ამშვენებს ჩემს ბაღს – კარალიოკი, ბროწეული, ალუბალი, ლეღვი, კომში… ხეხილისა და ყვავილნარის კომბინაცია ბაღს ძალიან უხდება. ქიზიყში მწველი სიცხეების გამო ტირიფის გახარება ძნელია. ჩემს უბანში მთის წყარო მოედინება და მის ძირას ტირიფი დგას. ერთ დღეს სამსახურიდან მოვდიოდი, ტოტი ჩამოვატეხე ხეს, ბოთლში დავაფესვიანე და ჩრდილში დავრგე, ყოველდღე ვუსხამდი წყალს და გავახარე.
ბაღს მარტო ვუვლი. ზოგჯერ ღამით ვმუშაობ, ან საღამოს. თუ არადა, დილით ვდგები და ვუვლი. პატრონის ხელი ყოველდღიურად სჭირდება. წლეულს ცივმა მარტმა ხელი შემიშალა და მოვლა დამიგვიანდა, თუმცა მერე გაათმაგებული ენერგიით შევუტიე და მაინც მოვასწარი გალამაზება. საგაზაფხულო სამუშაოები აუცილებელია. თუ არ აუფხვიერე, მცენარის ფესვებს მიწა მოუჭერს და დააზიანებს. მცენარეების მოვლა-პატრონობა წლების დაკვირვებამ შემასწავლა. უკვე ბევრი რამ ვიცი – შევხედავ და გეტყვით, მცენარე წყლის მოყვარულია თუ სიცხის ამტანი, როგორი მიწა უყვარს და ა.შ. სამი ფერის კამელია მიდგას – თეთრი, ვარდისფერი და ჟოლოსფერი. ეს მცენარე ქიზიყში ძნელად ხარობს, რადგან მჟავე ნიადაგი უყვარს, ჩვენთან კი მჟავე ნიადაგი არ არის. ასეა ჰორტენზიაც, რომელსაც არაჩვეულებრივი ყვავილი აქვს. მის გვერდით სპეციალურად დავრგე ფათალო, რომ სიცხემ არ დაწვას. ჰორტენზიას ყოველდღე ვრწყავ. კამელიისთვის ნიადაგის მჟავიანობა ხელოვნურად როგორ გამომეწვია, არ ვიცოდი, ჩემით მოვიფიქრე ნაძვის წიწვები ძირში დავუყარე: მერე პრეპარატი, რომელიც ნიადაგის მჟავიანობას ამაღლებს, ის დავუსხი. ერთი კამელია დიდი იყო და ვიფიქრე, ალბათ, ორმაგი დოზის პრეპარატი იქნება საჭირო-მეთქი, მაგრამ დავაზიანე. სოციალურ ქსელში დავწერე ჩემი ამბავი და შველა ვითხოვე. ერთმა მოყვარულმა მებაღემ მომწერა, ბევრი წყალი დაუსხიო, და ასე გადავარჩინე ჩემი კამელია.
კალესტემონიც არაა ქიზიყისთვის დამახასიათებელი მცენარე. ზღვისპირა კლიმატის მცენარეა, მაგრამ შევძელი და ქიზიყში გავახარე. ჯერ ქოთანში გავზარდე და მერე გადავიტანე მიწაში. 5-6 წელი გავიდა და არ იყვავილა. ავდექი და დავემუქრე, წლეულსაც თუ არ იყვავილებ, მოგჭრი და სხვა კალესტემონს დავრგავ-მეთქი. ცრურწმენებს არა ვარ აყოლილი, მაგრამ აყვავდა. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მცენარეებს საუბარი ესმით და განსაკუთრებით უყვართ მოფერება. დილით რომ ვდგები, მაშინვე ბაღში ჩავდივარ, მთელ ბაღს შემოვუვლი, ყველა მცენარეს ხელს გადავუსვამ, ვეფერები და ვესაუბრები, აბა, დღეს რა გინდა? წყალი გაკლია თუ შემოთოხნა გესიამოვნება… ცხადია, ის ვერ მპასუხობს, მაგრამ მე ვგრძნობ, რომელს რა უნდა გავუკეთო, როგორ დავეხმარო. ზუსტად ვერ აგიხსნით, რა ხდება და როგორ მყარდება ასეთი უსიტყვო კავშირი.
რაც ბაღი გავაშენე, ერთი ღამე სახლის იქით არ გამითენებია – ვერსად გავდივარ. რომ დავტოვო, ასე მგონია, მოიწყენენ, გამებუტებიან და არ მინდა ვაწყენინო.
იმის მიუხედავად, რომ სოფელში წყალი ჭირს, ჩემს ბაღში მიკროტბებიც გავაკეთე და შიგნით წყლის მცენარეები გავახარე. ჩემს ტბებში ვარდისფერი, თეთრი და ყვითელი დუმფარები ხარობს. ზამთარში ვათბუნებ – მიკროტბებს ცელოფანით ვფუთავ, მცენარე რომ არ გაიყინოს. მშრალ ყინვას ეს მცენარე ვერ იტანს. ზამთრის განმავლობაში წყლის ფსკერზე “იმალება”, გაზაფხულზე კი თავს ამოყოფს ხოლმე და ყვავილობს. ერთ ტბაში ბაყაყი ჩახტა და მას მერე იქაურობას არ ტოვებს, წყალს ასუფთავებს და გაუთავებლად ყიყინებს.
ვცდილობ ჩემს ბაღს ორიგინალური ყვავილები შევმატო. ამჯერად ერთი მაქვს ასეთი, სალვია, რომლის ყვავილიც ყველას ჩიტს აგონებს. უყურებ და ფიქრობ, პატარა ჩიტები ასხიაო. ძალიან მინდა შევიძინო კანფეტის ხე. მისი ყვავილი ფოჩიან კანფეტებს მოგაგონებთ.
– მოყვარულ მებაღეებთან სოციალურ ქსელში მეგობრობთ?
– დიახ, და ერთმანეთს ვეხმარებით ჩვენი ბაღების გალამაზებაში, მოვლა-პატრონობაში. ახალბედა მებაღეებს ხშირად უხმებათ ყვავილები. ფოტოებს დებენ და ვაძლევთ რჩევებს, ერთად განვიხილავთ სხვადასხვა საკითხს, გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს. ჩემმა ბაღმა ბევრი მეგობარი შემძინა. შეხვედრებსაც ვაწყობთ, ვსაუბრობთ, აზრებსაც ვცვლით, ყვავილებსაც და მერე ვქეიფობთ. თანამოაზრეობა ამ საქმეს ძალიან სჭირდება და მის განვითარებას უწყობს ხელს.
.
.
ნელი ვარდიაშვილი- გაზეთი ,,კვირის პალიტრა”