პოლიტიკა

შსს მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება

17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.
კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.
პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.
კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

Related Articles

Back to top button
Close