ისრაელის პროკურატურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, მიხაელ ბენიმინისა და მისი სამი ბიზნესპარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

საქმე ეხება 11.5 მილიონი დოლარის შემოსავლის  შესახებ საგადასახადო სამსახურისთვის ინფორმაციის დამალვას. გამოძიების ინფორმაციით, თანხა ბიზნესპარტნიორებმა მათ მიერვე დაარსებული კომპანია „თავდაცვითი ფარის“ საშუალებით, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში გაწეული კონსულტაციების, სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფისა და საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობისთვის 2007-2009 წლებში მიიღეს.

ისრაელის პროკურატურაში ეჭვობენ, რომ ბიზნესპარტნიორებმა შექმნეს კომპანიების ქსელი და საბანკო ანგარიშები ისრაელში, საქართველოში, შვეიცარიასა და კუნძულ გერნსზე, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან შემოსავალს იღებდნენ და გადასახადებისთვის თავის არიდებით თანხას ინაწილებდნენ.

მიხაელ ბენიმინის გარდა, საქმეში ფიგურირებენ პარტია „ლიკუდის“ წევრი გალ ჰირში; ისრაელში ცნობილი მომღერლის, ომერ ადამის მამა იანივ ადამი და კომპანია „თავდაცვითი ფარის“ დირექტორი ოდედ შახნაი.

გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელის“ ინფორმაციით, გალ ჰირშის წინააღმდეგ გამოძიება უკვე ოთხი წელია, მიმდინარეობს. როგორც გამოცემა ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა, ჰირშმა ქრთამი გადაუხადა საქართველოს იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს, რათა მას ამ კომპანიის ინტერესები გაეტარებინა საქართველოში.

1tv.ge

კომენტარები