,,2019 წლის მონაცემებით, 7 479 ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი”_ ვალენტინობას გილოცავთ, ქალებო!
,,2019 წლის მონაცემებით სულ 7 479 ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი!
სახელმწიფო პოლიტიკა, ქალების მჩაგვრელობითი, ძალადობრივი და დისკრიმინაციული მოვლენებისა და ფაქტების მიმართ ფაქტობრივად უმოძრაობის, არაფრისმაქნისობისა და უუნარობის ტოლფასია!
სტატისტიკები ცალსახად ცხადყოფს, რომ დღემდე ქალები იჩაგრებიან, დღემდე არ ეძლევათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების სრულფასოვანი შესაძლებლობა (თითქმის არც ერთი მიმართულებით), დღემდე ქალები პარლამენტში მანდატების მხოლოდ 14%-ს ფლობენ – რაც ცალსახად (და არაერთი კვლევის, ექსპერტის აზრით) გამოწვეულია ქართული კულტურულ-ტრადიციული შეხედულებებით! სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ერთხმად დაუჭიროს მხარი გენდერული კვოტირების სისტემას პარლამენტში – რაც აიძულებს პარტიებს გაზარდონ მუშაობა საზოგადოებაში, როგორც ცნობიერების ასამაღლებლად, ისე პოლიტიკით დაინტერესებული ქალების მოსაძებნად!
შრომითი კოდექსი მკაცრად და გარკვევით უნდა არეგულირებდეს მამაკაცისა და ქალის თანაბარი სამუშაოს შესრულებისას, თანაბარი ანაზღაურების სისტემას კომპანიებში! დღეს არსებული სტატისტიკები ცხადყოფს, რომ ქალების საშუალო შემოსავალი გაცილებით ნაკლებია კაცების საშუალო შემოსავალზე, რაც მიუთითებს კომპანიებში და სახელისუფლებო სისტემებში სექსისტური ელემენტების არსებობაზე.
სახელმწიფომ უნდა დაიწყოს მკვეთრი, ღირებული ნაბიჯების გადადგმა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებულობის გაზრდასთან მიმართებით გენდერული თანასწორობის საკითხებში!
p.s. ზუსტად მაშინ, როცა გულზე მჯიღს იცემთ და ქალების სიყვარულის სადღეგრძელოს სვამთ, თქვენს გვერდით ქალებზე ძალადობენ და ამაში დამნაშავეები სწორედ ჩვენ ვართ, იმიტომ რომ არაფერს ვაკეთებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად! საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულება, დუმილი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე არ აღება მკვლელობის ტოლფასია!” _ წერს ფეისბუქის გვერდზე მოძრაობა ,,გაბედე”-ს წევრი მამუკა ჯუღელი.