ჯანდაცვა
,,მოქალაქეები 50 წლიდან ზემოთ უნდა დარჩნენ სახლში, მოერიდონ ქორწილებს, ქელეხებს…”
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდები კორონავირუსისთვის რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.
ცერცვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 50 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის:
“ახალგაზრდებს ვთხოვ, ნუ აყვებიან პანიკას და ნურაფრის ეშინიათ. რა მოხდა – გახდებიან ავად, არ არის კარგი, მაგრამ განიკურნებიან, როგორც გრიპისგან. 50 წელს ქვემოთ ასაკში მხოლოდ 0.6%-ია სიკვდილიანობა. ცხადია, ეს არ არის კარგი, მაგრამ იგივე სიკვდილიანობაა გრიპის დროს და არავინ ამის გამო წინასწარ არ ვწვებით.
რეკომენდაცია ყველას მხრიდან და განსაკუთრებით, 50 წლიდან ზემოთ, უნდა შესრულდეს მკაცრად – უნდა დარჩნენ სახლში, მოერიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, თუნდაც ეს იყოს ქორწილი, ქელეხი და სხვა; გარდა ამისა, უნდა დაიბანონ ხელები ხშირად, ვინაიდან, ინფექცია ვრცელდება კონტაქტური გზით,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.