,,აი, ამ წამლებითა და სიცოცხლით მოვაჭრე მილიარდერის ჩასაგდებად, ყველა პარტია უნდა ჩავიდეთ დმანისში და შევხვდეთ ხალხს. მისი ადგილი ციხეა მხოლოდ და მხოლოდ. მისი გადეპუტატება საქართველოს გულში ნასროლი ტყვიაა-არ დავუშვათ” _ ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კახა ოქრიაშვილის განცხადებაზე.

“ვთვლი, რომ შეთანხმება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ძალიან კარგია და მივესალმები. კონკრეტულად მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებას არ ვეთანხმები.“ – ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მაჟორიტარი თავის პოზიციაზე რჩება და თვლის, რომ დღემდე არსებულ თვისებას ბევრი დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

„ძალიან მარტივი არგუმენტი მაქვს, თუ მაჟორიტარული სისტემა არ ვარგა, საერთოდ უნდა გავაუქმოთ სასწრაფოდ. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არათუ არ ვარგა, გაცილებით უკეთესიც კი არის დახურულ პროპორციულ სისტემაზე, რომელიც ჩვენთან არის და პარტიის ხელმძღვანელობას აძლევს საშუალებას თავად განსაზღვროს, ვინ მოხვდება პარლამენტში. მიმაჩნია, რომ შეწონილი-შერეული საარჩევნო სისტემა არის საუკეთესო სისტემა, ან უნდა ჩანაცვლდეს ორპალატიანი სისტემით, რაც გულისხმობს ზედა პალატაში სრულად მაჟორიტარულს, ხოლო ქვედა პალატაში ღია პროპორციულ სისტემაში არჩეულ დეპუტატებს. ეს უფრო საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაა, რასაც ყოველთვის მხარს ვუჭერდი და დღესაც მხარს ვუჭერ. ამით პარლამენტიც ძლიერი იქნებოდა და არა ისე, ჩვენთან რომ იყო ნოტარიუსად რომ იყო გადაქცეული. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს სისტემა, პოლიტიკური ვაჭრობის თემიდან გამიჯნული ვიყავი და ეს პოზიცია 2003 წლიდან მაქვს დაფიქსირებული“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე ის კენჭს კვლავ მაჟორიტარად იყრის და შეთავაზების შემთხვევაში, პროპორციულ საარჩევნო სიაში ჩასმაზე უარს იტყვის.

„მე 16 წელია დეპუტატი ვარ და ყოველთვის მაჟორიტარი ვიყავი. ამიტომ არ მაქვს უფლება მხარი დავუჭირო მაჟორიტარული ინსტიტუტის გაუქმებას. შეიძლება ამ ბრძოლაში მარტოც დავრჩე. ვისურვებდი, რომ საპრეზიდენტო მმართველობა დაბრუნდეს და ორპალატიანი პარლამენტი გვქონდეს მომავალში.

2020 წლის არჩევნებზე ვაპირებ, ისევ კენჭი ვიყარო მაჟორიტარული წესით. რომც შემომთავაზონ სიაში ჩასმა, უარს ვიტყვი. უარს ვამბობ, საქართველოს პარლამენტში პროპორციული წესით ვიყო არჩეული“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს იმას, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ფასილიტატორების ჩარევის გარეშე ვერ მოხდა. ოქრიაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანას არ აქვს თვითორგანიზების უნარი, იმას მომავალიც ბუნდოვანი აქვს.

„სამწუხაროა, რომ გარე ჩარევის გარეშე რაც ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა გარე ჩარევის და ფასილიტაციის გარეშე ვერ შეძლო ერთმანეთთან შეთანხმება. თუ ქვეყანას არ აქვს თვითორგანიზების უნარი, იმას მომავალი ბუნდოვანი აქვს. ეს არის ძალიან სამწუხარო.

დადებითი ის არის, რომ შეთანხმება შედგა, მაგრამ მ შეთანხმებას მე მხარს არ დავუჭერ, პრინციპული პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას არ შევცვლი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გავა ეს ცვლილებები.

ვთვლი, რომ როდესაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, ამის შემდეგ გვექნება პრობლემები – მყიფე ცენტრალური ხელისუფლება, მყიფე კოალიციები, რიგგარეშე არჩევნები, ქვეყნის განვითარების ტემპების შემცირება, როგორც შედეგი. ამას ვხედავთ ესპანეთში, ისრაელში. პოლიტიკოსებს, ვისაც დღეს ზარ-ზეიმი აქვთ, რომ გაიმარჯვეს, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ქართველი ხალხი ყველას ამას გააპანღურებს“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთი იყო, რომელმაც თავის დროზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირდა.

კომენტარები