საზოგადოება

,,… ჯერ ვითვლებით ქართველებად, თუ არ გაგვაესკიმოსეს”

,,17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა…

გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე, ოლღა ოკუჯავა, ბოლშევიკი ხელისუფლის – მიხეილ ოკუჯავას და იყო. საქართველოს ცეკას ხელმძღვანელის სიძეს, პირველ ხანებში არავინ აწუხებდა. თუმცა, როდესაც გალაკტიონმა 1924 წლის აჯანყებას ანტირევოლუციური პოემა („მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა”) მიუძღვნა, იგი მაინც დააპატიმრეს. გალაკტიონთან ერთად დააპატიმრეს პოემაც, რომელიც ჟურნალ მნათობის მე-5 ნომერში იბეჭდებოდა. ჩეკამ დასაბეჭდად გამზადებული მთელი ნომერი ამოიღო. ცხადია, არ აპატიებდნენ სტრიქონებს:
„გამარჯვებულნი სასტიკი ხელით აღრჩობენ ტყვიებს,
ჰკაფავენ, ხვრეტენ, ხალხის სახელით უსპობენ დღეებს…”
მოგვიანებით მეუღლე გადაუსახლეს და დაუხვრიტეს.
დაპატიმრების შემდეგ იგავსიტყვიერადღა უტევდა გალაკტიონი საბჭოთა ხელისუფლებას – შეფარული სარკაზმითა და ირონიით: „დიად საბჭოთა აღმშენებლობას” ხალხური ოხუნჯობით ამკობდა: „დღეს რომ სახლი აგვიგია – ეგ არის და გორის ციხე!“; რუსული „ჩასტუშკის” ხმაზე ასხამდა ხოტბას კოლექტიურ შრომას:
„აბა, ჰე, ქალაქო,
ველით მანქანების ღვარს.
მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლექტივო, მხარი მხარს!“
ახლა უფო მძაფრად აღიქმებოდა გალაკტიონისთვის ეროვნული ტკივილი და დამსხვრეული იმედები, რომლებსაც ყმაწვილობაში ოცნებით ესწრაფვოდა, როდესაც წერდა:
„შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ…
ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ იხსნი და ხმაურობ, გღვიძავს
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნატავ მალე მიაღწევდე მიზანს!..”
ახლა ის დრო დადგა, როდესაც:
„გაჰქრა! სულს ისე ღიმით არ ეალუბლება
თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება”. და გაზეთის ნახევებსა და პაპიროსის ქაღალდებზე წერდა ცინიკურ მაჯამებსა და პაროდიებს:
„ეს ვალიას, ეს თედორეს,
ეს ტარიელს, ეს კი მოსეს,
ჯერ ვითვლებით ქართველებად,
თუ არ გაგვაესკიმოსეს”.
ან: „ია-ვარდი რომ არ არის, სად მოვკრიფო?
საქართველო მხოლოდ პრასა და ქინძია,
საქართველო ერთ დროს იყო სახელმწიფო,
საქართველო ეხლა არის პროვინცია…” _ წერს ბელა ჩხარტიშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close