სიღნაღის ამბები

ღია წერილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, მის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარეს

ამ ღია წერილის მთავარი არსი თქვენ მიერ ხალხზე უზრუნველობის ერთ-ერთ ფაქტთან არის დაკავშირებული

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილს, მერის მოადგილე დავით დურგლიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილს!

გილოცავთ შობა-ახალ წელს! გასულმა წელმა ნამდვილად გაგიმართლათ და გაგახარათ მაღალი თანამდებობებით. მე არ ვიცი, ეს ჩინ-მედლები რისთვის გჭირდებოდათ, პირადი კეთილდღეობისთვის თუ მართლაც გსურდათ, რომ მუნიციპალიტეტისთვის, სიღნაღის მოსახლეობისთვის ბედნიერი ცხოვრება შეგექმნათ ან ცოტათი მაინც გაგეუმჯობესებინათ მათი ყოფა. წესით, თქვენი მისია ხომ ხალხზე ზრუნვა უნდა იყოს და თანამდებობაზეც ამ მრწამსით მოდიოდეს ყველა, მაგრამ, რადგან ყოველთვის რეალისტი ვარ, არსებულ მდგომარეობას თვალს გავუსწორებ და ვიტყვი, რომ, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, ჩინოსნები საკუთარ ჯიბეებზე ზრუნვას არიან გადაყოლილნი.

ცხადია, ამ წერილს ვინმეს დასამოძღვრად არ ვწერ, რადგან მოძღვარი არ ვარ. არც ფილოსოფოსი ვარ, თქვენი ქმედებების ფილოსოფიური ანალიზი რომ გავაკეთო, თუმცა ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა მიბიძგებს, ყოველთვის ვიდგე სიმართლის სადარაჯოზე, მიუხედავად იმისა, ვინმეს ეს სწყინს, აწუხებს, საქმეს უფუჭებს, ამუნათებს თუ უბრალოდ, დისკომფორტს უქმნის. სიმართლე კი ყოველთვის მწარეა და მიუღებელი უსამართლოსთვის, მიკერძოებულისთვის, კორუმპირებულისთვის და ხალხის ფულით გაზულუქებულისთვის.

რამდენი თვეა, რაც მუნიციპალიტეტს მართავთ? მესამე, ხომ? კი, ნამდვილად ცოტაა, არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ სამი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რომ გეზრუნათ, ხალხზე ზრუნვის ნაცვლად.

ცხადია, ხალხმა იმიტომ არ მოგცათ ხმა, რომ რბილ სავარძელში ჩაბრძანებისთანავე ხელფასები გაგეორმაგებინათ და ნეპოტიზმით მორწყულ სიპ-აიპებში დასაქმებული თქვენი ახლობლებისთვის საახალწლო პრემიები დაგერიგებინათ. თუ ასე გეზედმეტებოდათ ბიუჯეტის ფული, ხალხისთვის გამოგეყენებინათ, კომუნალურების 20 % დაგეფარათ მათთვის ან სულაც გაჭირვებული ოჯახებისთვის საახალწლოდ ერთი ბოთლი ზეთისა და ერთი კილოგრამი ლობიოსთვის, ერთი კილო ხორციც დაგემატებინათ. თქვენი ახლობლები სიპ-აიპებში ხომ ისედაც არაფრის კეთებაში იღებენ ჩვენგან შეგროვილ ფულს?!

ამ ღია წერილის მთავარი არსი თქვენ მიერ ხალხზე უზრუნველობის ერთ-ერთ ფაქტთან არის დაკავშირებული. ახალი წლის წინ, ორი კვირის განმავლობაში (შეიძლება მეტიც) ვაქირში, გოგაანთ უბანში (მგონი, ასე ეძახიან) ბურღის წყალი დაწყდა, რადგან დაახლოებით 600-700 მეტრზე მილები მიწის ზემოთ ყრია, ზედ ათასი საშინელებაა წაყრილი და გაიყინა. დაახლოებით 30 ოჯახი დარჩა წყლის გარეშე. ამ წყლის სისუფთავეზე აღარაფერს ვიტყვი, რადგან  ჭაბურღილებზე ფილტრების დაყენების მოთხოვნით არაერთხელ მივმართე მერის წარმომადგენელს ვაქირში და, ბატონო მალხაზ, თქვენც გითხარით, როცა ჩემი თხოვნით მობრძანდით ჩვენს უბანში წყლის პრობლემებთან დაკავშირებით. მაშინ მერის მოადგილე იყავით და თხოვნის არშესრულება იმით ახსენით, რომ მუნიციპალიტეტში თქვენ მხოლოდ ფინანსები გეხებოდათ, სხვა არაფერი. ახლა ხომ გადიდკაცდით და ყველაფერი გეხებათ, ჰოდა, რატომ არ ეხმარებით ხალხს, როგორც საჭიროა?!

ახალი წლის წინა დღეებში, უბნის მოსახლეობამ მიმართა მერის წარმომადგენელს ვაქირში, თამაზ ხელაშვილს და სთხოვა, ერთი საათით გამოეყოთ ტრაქტორი და მიწის ზემოთ დაყრილი მილები მიწაში ჩაეწყოთ, რათა ყინვების დროს მოსახლეობა წყლის გარეშე კიდევ არ დარჩენილიყო.

10 დღე საახალწლო არდადეგები რომ გქონდათ და ხალხისთვის არ გეცალათ არც თქვენ და არც ტრაქტორისტს, გასაგებია, მაგრამ ახლა რაღას ელოდებით, აღდგომას ხომ არა? არაფერია საჭირო, გარდა ტრაქტორისა, ისიც ერთი საათით, მაგრამ თამაზ  ხელაშვილის თქმით, თურმე ტრაქტორზე  მუნიციპალიტეტში რიგია. ის მაინც გვითხარით, რიგში მერამდენე ვართ ან რას თხრით ამდენს, რომ ტრაქტორს ხალხის პრობლემის მოსაგვარებლად თვეობით ვერ მოუცლია? თუ მთელ მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი ტრაქტორი ემსახურება, რა პრემიები და მეცამეტე ხელფასები აგიტყდათ, თქვე ოჯახაშენებულებო, ადექით და ამ ფულით მეორე ტრაქტორი იყიდეთ, რომ ხალხს დროულად დაეხმაროთ.

მოკლედ, არ ვიცი, პოზიტიურად შეხედავთ ამ წერილს თუ ,,დაიგრუზებით” და ჯიბრით, ჯიუტად არასდროს გვაღირსებთ 600 მეტრზე მიწის ამოთხრას, ყინვაში დაგვტოვებთ წყლის გარეშე და თავად იქნებით მშვიდად, მაგრამ ჩემი სიმართლე მლიქვნელთა ხოტბა-დიდებას გერჩივნოთ. მე ,,დათვის” მეგობარი არასდროს ვიქნები, მაგრამ სიმართლის სარკეში ჩახედებას  არავის დავამადლი, რადგან  უფსკრულში გადასაჩეხად, არავინ მემეტება.

პატივისცემით, ნელი ვარდიაშვილი, euronews.ge-ს მთავარი რედაქტორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close