საზოგადოება

,,ხვალ აქციაა დაგეგმილი_ ეს პერიოდი დაგვამახსოვრდება დაუსაბუთებული შეზღუდვებით, განუკითხაობითა და შერჩევით სამართლით”

საგანგებო მდგომარეობის დასრულების მოთხოვნით ხვალ,  22 აპრილს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.

სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია 12:00 საათზეა დანიშნული.

„უკვე ერთი თვეა, რაც ჩვენს მთავრობას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ეს პერიოდი დაგვამახსოვრდება მხოლოდ სრულიად დაუსაბუთებული შეზღუდვებით, განუკითხაობითა და შერჩევით სამართლით.

უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი, არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმები და მთავრობის უპასუხისმგებლო ქცევა – ეს ყველაფერი ამ უკონტროლო ძალაუფლების შედეგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა და ღია გამოძიება!

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მივიჩნევთ, რომ მიღებული ზომები არის არაპროპორციული!
ჩვენ გვგონია, რომ ასე თავს ვიღუპავთ და ვერც ვირუსს დავამარცხებთ. დაგვიბრუნეთ თავისუფლება და არჩევანის უფლება! გააუქმეთ საგანგებო მდგომარეობა!

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროტესტი არა მხოლოდ მთავრობის ქმედებებს შეეხება. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციასაც, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს საკუთარ ვალდებულებებს და გამოიყენოს მათ ხელთარსებული ყველა რესურსი, რათა გაძლიერდეს კონტროლი მთავრობაზე.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში. ჩვენ სოციალური დისტანციისა და კანონების სრული დაცვით  მივაწვდენთ პოლიტიკოსებს (მმართველ პარტიასა და ოპოზიციას) ჩვენს ხმას.

ამისათვის საგანგებო მდგომარეობის პარლამენტში განხილვის მომენტში ჩვენ ვირტუალურად შევიკრიბებით პარლამენტის წინ. Check-in-თან ერთად, დავაფიქსირებთ თითოეული ჩვენგანის პოზიციას!

როგორც ყოველთვის, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მოგვისმენენ.
ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და – არა მთავრობის!  #არაუკონტროლომმართველობას“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close