საზოგადოება

,,ხელისუფლების ამოცანა არის ის, რომ დისკრიმინაციის ბაცილა ჩანასახშივე მოსპოს”

დავით ზურაბიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი:

_ საკმარისია რამე კონფლიქტის მაგვარი მოხდეს ამ ქვეყანაში ქართველსა და არაქართველს შორის, მიუხედავად კონკრეტული მიზეზებისა, ამ ხელისუფლების მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობა იწყებს მართლაც ისტერიულ კივილს, რომ ეს არის პროვოკაცია და რომ საზიზღარ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოჰყავთ ქართველები სულ დამნაშავეებად და ა.შ. და ა. შ. ანუ ისეთი სურათის დახატვას ცდილობენ, თითქოს ჩვენთან არც რასიზმია პრობლემა, არც ქსენოფობია, არც ჰომოფობია, არც რელიგიური ფანატიზმი გვახასიათებს, რაც კარგები ვართ სულ ქართველები ვართ და ყველანი ვიქნებოდით მშვენივრად, ეს საკუთარი ერის გინებაში გრანტის ამღები არასამთავრობოები რომ არ ჰქმნიდნენ ბუზისგან სპილოს, რუსთავი-2-ის მეშვეობით, რასაკვირველია.

არ მივაქცევდი ამ ტრენდს ყურადღებას, მხოლოდ “ასავალ-დასავალის” ერთგული მკითხველები და ქართული მარშის სალდაფონები რომ ლაპარაკობდნენ ასე. სამწუხაროდ, მსგავსი განწყობები სერიოზულად გაცდა მარგინალური ექსტრემისტული ჯგუფების მასშტაბებს და ისეთებისგანაც მოვისმინე, სანდრო ბრეგაძეზე და ლადო სადღობელაშვილზე ცხვირს რომ იბზუებენ ხოლმე.

ჰოდა, მართლა აღარ ვიცი უკვე როგორ ავუხსნა ამისთანებს მათთვის გასაგებ ენაზე, რომ ეგაა სწორედ სანდრობრეგაძეობა და სადღობელაშვილობა! რომ ნებისმიერი ტიპის უმცირესობის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სრულიად ელემენტარული სამოქალაქო კულტურის ამბავია ყურადღების გამახვილება სწორედ იმაზე, რომ ხომ არაა ძალადობის ფაქტში დისკრიმინაციის შემადგენელი? რადგან დისკრიმინაციაა არა მხოლოდ ის, რომ ვიღაც ცემეს ზანგობის, არამართლმადიდებლობის, თუ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიზეზით, არამედ ისიც, რომ უმცირესობისადმი კუთვნილების გამო მათ მიმართ იყო ბევრად უფრო მეტი აგრესია, ვიდრე ეს უმრავლესობის წარმომადგენლის მიმართ იქნებოდა ანალოგიურ შემთხვევაში.

და ხელისუფლების ამოცანაც ამ შემთხვევაში არის ის, რომ დისკრიმინაციის ბაცილა ჩანასახშივე და ოპერატიულად მოსპოს და არ დაიწყოს დიდი იწილო-ბიწილო, რადგან ეს ბაცილა ძალიან გადამდებია. სანამ მეტასტაზებიან სიმსივნეში გადაიზრდება, მანამდე უნდა მიხედვა.

მაგრამ მთელი პრობლემა ხომ ის არის, რომ ამ ხალხს, ხელისუფლებიან-მხარდამჭერებიანად და გოგოსიან-ბიჭიანად, ეს საერთოდ არ ესმის, თორემ მარტო იმ ზანგების ცემის ვიდეოს ნახვა იქნებოდა სრულიად საკმარისი, რათა თავად ფაქტში დაენახათ რასისტული და ქსენოფობიური შემადგენელი და არ დაეწყოთ რაღაც სულელური მიზეზების ძებნა “ბავშვები არ ათამაშეს” და ა.შ. ან რა დიდი დანახვა იმას უნდოდა? თუმცა, როცა სერიოზულად ფიქრობს ადამიანი ისეთ კრეტინობას, რომ ქართველობის გინებაში ვიღაცეები (სოროსი?) გრანტს იძლევიან, იმას საერთოდ რა უნდა გააგებინო?

ძალიან ცუდი ტრენდია ეს. აშკარად რაღაც ზომებია მისაღები, თორემ მერე გვიან იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close