კატეგორიის გარეშე

ხეებზე, ფესვებთან ახლოს, პატარა წრეებია ამოჩეხილი და … _ რა ხდება სურამის ტყეში?

ჯერ  კიდევ  გასული  საუკუნის  90 – იანი  წლებიდან  მოყოლებული,  მაშინ  როდესაც საქართველოში  ბუნების  დაცვაზე  ფიქრის  ნაცვლად,  ადამიანებში  თვითგადარჩენის ინსტიქტი  მძლავრობდა,  ჰექტრობით  ტყე  გაიჩეხა; – მათ  შორის  იშვიათი  ჯიშის  ჯანმრთელი  მცენარეები.  გაჩეხილი  ხის  მასივები  უკანონოდ  გაყიდეს,  ზოგიც გათბობის  მიზნით  შეშად  აქციეს  და  ღუმელებში  შეუკეთეს.

გასული  ათასწლეულის  შემდეგ,  გათბობის  და  გაზმომარაგების  პრობლემა  ასე  თუ ისე,  ქვეყნის  მასშტაბით  თითქმის  ყველგან  მოგვარდა,  თუმცა  ხეების  უკანონოდ მოპოვება  კვლავაც  ხდება,  რაც  ერთ-ერთ  მოუგვარებელ  პრობლემად  რჩება.

ჩვენი  რედაქცია  ყურადღებით  ადევნებს  თვალს  ისეთ   თემებს,  რომელი  თემებიც ქართული  საზოგადოებისთვის,  ( აუდიტორიისთვის )  აქტუალურია  და  მტკივნეულ საკითხებს  ეხება.  შესაბამისად,  უკვე  დღეს,  როდესაც  ეკოლოგიის  და  გარემოს დაცვის  მიმართულებით  გარკვეული  პროგრესი  შეინიშნება,  ( პირველ რიგში საზოგადოების მხრიდან რეაგირების თვალსაზრისით )  მაშინ  როდესაც ინტერნეტ მედიის  ეპოქაში,  თითოეულ  მოჭრილ  ხეზე  დისკუსიები  არ  ცხრება,  საინტერესოა ვიცოდეთ,  თუ  რა  ხდება  საქართველოს  ერთ-ერთ  საკურორტო  ზონაში – სურამის ტყეში ?

ნინა  ილურიძე  –  ფიტნეს  ტრენერი,  ბლოგერი;

–  2015  წლიდან  მოყოლებული  ხშირად  ჩავდივარ  სურამში  დასასვენებლად,  მაგრამ წელს  ყველაზე  ცუდი  სიტუაცია  დამხვდა,  არ  მოველოდი  ასეთ  სურათს…

–  რა  ნახეთ  სურამში ისეთი, რაც  წინა  წლებში  არ  შეგინიშნავთ ?

–  სურამის  ტყეში  ვარჯიშისას,  ძალიან  ბევრი  ხე  შევნიშნე ისეთი, რომელსაც   გვერდები  უცნაურად აქვს მოჩეხილი.  ასე  ორი – სამი  მეტრის  სიმაღლეზე,    გარშემოწერილობა  თითქმის განახევრებულია, ხეები  ძირშია  ჩაჩეხილი,  რის  გამოც ზოგიერთი  მათგანი  გადახრილია,  რაც სამომავლოდ  საფრთხეს  შეუქმნის  არა მხოლოდ  ჩვენს  ეკოსისტემას,  არამედ  ტყეში  მოსეირნე  ადამიანებსაც.

–  თქვენი  დაკვირვებით,  კიდევ  რა  ტიპის  დაზიანებები  აღენიშნებათ  მცენარეებს ?

–  ხეების  რაღაც  მასივს ძირები  აქვთ  შემომწვარი.  ეს  წლევანდელი  ან შარშანდელი  ხანძრის  შედეგი  არ  იქნება,  წელს  ამ  ადგილას  არც  ყოფილა  ხანძარი, როგორც  ვიცი.  ისე,  არც  წინა  წლის  ნახანძრალი  ეტყობა, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა. როგორც  წესი,  ასეთი  კვალი  მიწაზეც  არ  ჰქრება  უკვალოდ  და  რადგან  ამ  ხეების ირგვლივ   ბალახია  გარშემო  და  არა  ნაცრის  ნარჩენები,  ამიტომაც  მაქვს  ლოგიკური ეჭვი,  რომ  ხეები  მიზანმიმართულად,  ნაწილობრივ  დაწვეს  გარედან, რომ  გახმეს  და  შემდეგ  მოჭრან…  და  აქვე,  კიდევ  ერთი  ტიპის  დაზიანებაზეც  უნდა მოგახსენოთ,  რომელიც  ასევე  ნათლად  ჩანს, ჩემს მიერ  გამოქვეყნებულ  ერთ-ერთ ფოტოზე;  ხეებს,  ფესვებთან  ახლოს,  პატარა  წრეები  აქვთ  ქერქზე  ამოჩეხილი  და ზედ  სპეციალური, სანიშნე  ნომრები  აწერიათ.  შეიძლება  მოსაჭრელად  გამზადებული  ხეებია,  რომლებიც  დაზიანებულია?  თუმცა  გარეგნულად  არც  ეს  ხეები  განსხვავდება  იქვე  მდგარი  სხვა  მცენარეებისგან,  ანუ  ჩემი  დაკვირვებით, დანომრილი მცენარეები  არ   არის  გამხმარი   და   რაც   თვალში   მომხვდა,  ეს  ხეები მიწის  გზის  გასწვრივ  არის  მონიშნული.  ალბათ  თუ  მოჭრიან  ასეთ  ხეებს,  მათი გადატანა,  რა  თქმა  უნდა,  უფრო  ადვილი  იქნება,  მანქანას  იქვე  მიაყენებენ  და  ტყის სიღრმეში შესვლა  არ  დაჭირდებათ.

.

–  როგორც  პასუხისმგებლიან  მოქალაქეს  შეეფერება,  საკმაოდ  საინტერესო  დაკვირვება  გიწარმოებიათ,  ყოველივე  ზემოთ  აღნიშნულიდან  გამომდინარე,  თუ ჰკითხეთ  ადგილობრივებს  ტყეში  ნანახის  შესახებ ?  რა  გიპასუხეს ?

–  არა  ჯერ  არა,  ცოტა  ხნის  წინ  ვნახე  ეს  ყველაფერი  და  მათაც  აუცილებლად გამოვკითხავ.  შესაბამისად,  თქვენც  შეგატყობინებთ  თუ  რასთან  გვაქვს  საქმე. მართალია  მე  გარემოს  დაცვის  ხაზით  ექსპერტი  არ  გახლავართ,  თუმცა  ჯანსაღი ცხოვრების  წესის  მიმდევარი  ვარ  არაერთი  წელია;   ვწერ  ბლოგებს,  ვვარჯიშობ, ვმოგზაურობ  და  ამა  თუ  იმ  ტყეში  წელიწადში  ერთხელ,  ერთი  დღით  არ  მიწევს გავლა,  შესაბამისად  კარგად  შემიძლია  გავარჩიო,  მცენარეებზე  ადამიანებისგან მიყენებული  ზიანი,  ბუნებრივი  კატაკლიზმების  შედეგებისგან.

EURONEWS.GE   გთავაზობთ  იმ  ფოტომასალას,  რომელიც  ქალბატონმა  ნინა ილურიძემ  თავის  პირად  ფეისბუქ  გვერდზე  გამოაქვეყნა.  უკვე  ხვალიდან,  ჩვენ შევეცდებით  შესაბამის  უწყებებთან  დაკავშირებას  და  იმის  გარკვევას,  თუ  რა  ხდება სურამის  ტყეებში ?

ზაზა სვანაძე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close