„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დიდი ტალღისთვის არ არის მზად. დიდი თუ იქნება, ამას ვერ გავუძლებთ.

ერთადერთი წამალი საქართველოსთვის არის სოციალური დისტანცირება“ , – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ, ვახო ხუზმიაშვილის  „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მსოფლიო, მათ შორის საქართველო 3 ტიპის ტალღას გადაიტანს. ყველა ექსპერტები ვთანხმდებით, რომ ეს ეპიდემია არის ანარეკლი ე.წ. ისპანკის პანდემიის. გვექნება სამი ტალღა პირველი – საშუალო დონის ტალღა, მეორე ძალიან დიდი და მტკივნეული და მესამე იქნება ბოლო ტალღა, რომელიც იქნება დამარცხება ამ ვირუსის“, – აღნიშნა ექსპერტმა

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის პირველი ტალღა ზაფხულამდე მორჩება და შემდგომ სავარაუდოდ მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრიდან. ექსპერტის თქმით, ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მომზადებულები დავხვდეთ.

„ყველა ქვეყანას სხვადასხვა სტრატეგია აქვს. ალბათ ჩვენ გვექნება ზაფხულამდე პირველი ტალღა და მეორე ტალღა დაიწყება ოქტომბრის თვისთვის. ეს ზაფხულის დერეფანი უნდა გამოვიყენოთ და მოვმარაგდეთ“ , – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ

კითხვაზე, რას ნიშნავს მეორე ტალღა და რატომ იქნება უფრო მძიმე, ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ხალხის გადაღლა იქნება, რომლებსაც გარეთ გასვლა მოუნდებათ.

„ხალხი დაიღლება და დაიწყებს გარეთ გამოსვლას. ეს არის ადამიანი ბუნება. აქედან გამომდინარე იქნება დამოკიდებულება „მე კარგად ვარ, არაფერი მჭირს“. ნახეთ რა ხდება სინგაპურში, იქ წავიდა მეორე ტალღა. თავიდან კონტროლი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ისევ დაიწყეს გარეთ გამოსვლა“ – განაცხადა გაეროს გენმდივნის ექსპერტმა.

გიორგი ფხაკაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ ეტაპამდე სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა ეს მომავლისთვის არ არის საკმარისი.

„ძალიან მიხარია რომ სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ რომ კიდევ უფრო მკაცრი ზომებია გასატარებელი. მე ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე სანამ არ გვაქვს დიდი აფეთქება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავაძლიეროთ ჩვენი საკარანტინო საშუალებები.

პირველი არის – სოციალური დისტანცირება. თუ გავდივართ გარეთ, შევეცადოთ 2 მეტრის დისტანციით არ გვქონდეს კონტაქტი არავისთან.

მეორე საკითხია ტესტირება – უნდა მოხდეს მიზნობრივი და არა მთელი მოსახლეობის ტესტირება, რადგან რადგან ჩვენ არ ვართ სამხრეთ კორეა, ირლანდია და სხვა ქვეყნები. ჩვენი რეალურად ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების, არ გვაქვს რომ ეს გავაკეთოთ, ამიტომ მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება აბსოლიტურად ყველგან უნდა იყოს“, – აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი და დიდი ეპიდაფეთქების შემთხვევაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უბრალოდ ვეღარ გაუმკლავდება ეპიდემიას.

„ჯანდაცვის სისტემა არ არის ძალიან მყარი. ბოლო 15 წელი ჩვენ ვმუშაობდით პროექტებზე, მაგრამ გვაკლდა დიდი სტრატეგიული ხედვა, ვთქვათ, იყო ერთი პროექტი, მუშაობდნენ ამაზე, მაგრამ არ იყო ხედვა, რომ აგვეშენებინა მყარი ჯანდაცვის სისტემა.

საქართველომ დრო მოიგო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი კარგად არ არის, გადავხედოთ ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სამედიცინო პერსონალს, მათ აღჭურვილობას, პერსონალური დაცვით ბარიერებს, პირბადეებს და ა.შ. ამისი ნაკლებობა არის“ , – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ვირუსის შესაჩერებლად უპირველეს ყოვლისა საქართველოში უნდა დაიწყონ ყველა სამედიცინო მუშაკის ტესტირება.

„რეალური სურათი რომ დავინახოთ ყველა ჩვენი სამედიცინო მუშაკი უნდა დავტესტოთ, განსაკუთრებით საგანგებოს ექიმები. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ, უკვე გვექნება ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩვენი ექთნები არიან რისკ ჯგუფში. ძალიან ბევრ საავადმყოფოებში ექიმების და ექთნების საშუალო ასაკია 60 წელი“, – განაცხადა გაეროს გენმდივნის მრჩეველმა.

წყარო: https://primetime.ge

 

კომენტარები