საზოგადოება

ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში სალოცავად მოქალაქეები არ მივიდნენ

ცარიელი ტაძარი და საღამოს ლოცვა მრევლის გარეშე, – მარტვილში მედია უჩვეულო სურათის მომსწრე გახდა. სინოდის ხმაურიანი სხდომისა და გადაწყვეტილების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში სალოცავად დღეს მოქალაქეები არ მივიდნენ. საღამოს ლოცვებს დაესწრო ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. მან კიდევ ერთხელ განმარტა სინოდის გადაწყვეტილება, თქვა, რომ ინვენტარიზაცია და გადაბარების პროცესი ეტაპობრივად მოხდება და ამაში მეუფე პეტრეს დახმარების იმედი აქვს.

“ხვალ ჩამოდიან ეკონომისტები, იურისტები და დიდი პროცესი იქნება, იმიტომ რომ დიდი მეურნეობაა ამ ეპარქიაში,” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მეუფე პეტრე ცაავა გაათავისუფლეს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და სინოდის წევრობიდან, მას ასევე აუკრძალეს მღვდელმსახურება. სინოდის გადაწყვეტილების მიზეზად მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები სახელდება, რომელიც მღვდელმთავრების და პატრიარქის შეფასებით, საქართველოს საპატრიარქოს შეურაცხყოფას აყენებდა, თავად პეტრე ცაავა კი მიიჩნევს, რომ ის საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრისთვის დაისაჯა და სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს.

წყარო: რუსთავი 2

Related Articles

Back to top button
Close