სიღნაღის ამბები

,,დროულად მოგვხედონ, თორემ, მერე გვიან იქნება“ _სიღნაღელი მაღალჩინოსნები ხალხს დაპირებებით კვებავენ

   ,,ქვეყანას პატრონი არ ჰყავს” _ ბოლო დროს ხშირად გვესმის ეს გულსატკენი ფრაზა, რომლის არგუმენტადაც მისი ავტორები სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ. ამჯერად, ერთ-ერთზე გვინდა მოგითხროთ და პასუხიც მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებიც, ოფიციალურად, ხალხის სამსახურში ითვლებიან, საოცნებო ხელფასებს იღებენ, დანამატებზეც არ ამბობენ უარს, მაგრამ მოსახლეობის სასარგებლოდ ჩხირს ჩხირზე არ დებენ.
 სხვანაირად ვერ იფიქრებთ, როცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირის მკვიდრის, გიორგი შოშიაშვილის გასაჭირის ამბავს მოისმენთ ან საკუთარი თვალით ნახავთ მის ეზო-ყურეს, რომელსაც მიმდებარე ხევი წალეკვით ემუქრება. გიორგი ინვალიდ, ასაკოვან დედასთან ერთად სოფლის განაპირად, ანაგა-ვაქირის ხევის გვერდით, მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. პრობლემა, რომელსაც თითქმის წელიწადია ვერ აგვარებს, გასული წლის ზაფხულში წარმოიშვა. ერთ-ერთი ძლიერი წვიმის დროს ხევი ადიდდა და კომუნისტების პერიოდში აშენებული ჯებირები დაანგრია. იმ სტრუქტურებმა, რომელთაც აღნიშნული პრობლემის გამოსწორება ევალებათ, საქმეს არ მიხედეს და შოშიაშვილების სამოსახლოსაც საფრთხე დაემუქრა. როგორც გიორგის დედამ, ეთერ შოშიაშვილმა გვითხრა, ყოველდღე შიშით შეჰყურებენ ცას, რადგან ხევის მორიგმა ადიდებამ, შეიძლება, სახლ-კარი ხელიდან გამოაცალოთ და ოჯახი მთლიანად დაღუპოს.
  შოშიაშვილები დახმარებას სახელმწიფო სტრუქტურებს ერთი წელია სთხოვენ, მაგრამ ჯერჯერობით არც მშველელი გამოჩნდა და არც კიდევ ქვეყნისა ან მათი პატრონი.
  გიორგი შოშიაშვილი:
 _ ჩვენი სახლი ანაგა-ვაქირის გამყოფ ხევს ესაზღვრება. ამ ტერიტორიაზე ჩემი მშობლები 40 წლის წინ დასახლდნენ. კომუნისტების დროს, ჩვენს სახლთან, ხევში ჯებირი გააკეთეს და წყლის მოვარდნა ჩვენს ეზო-კარმიდამოს ვერაფერს აკლებდა. გასული წლის ივლისში უხვი ნალექი მოვიდა, ხევი ადიდდა და ჯებირი ნაწილობრივ დაანგრია. წყლის ასეთი მოვარდნა ხევში, რაც აქ ვცხოვრობთ, არ მომხდარა. ამ დღიდან დაიწყო ჩვენი გასაჭირი და უბედურებაც. მას შემდეგ ჯებირი ნელ-ნელა ინგრევა და ხევი განადგურებას ჩვენს ეზოსაც უქადის.
  _ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსში არ ჩააყენეეთ?
 _ მაშინვე მივედი სოფელში, სიღნაღის მერის წარმომადგენელთან და განვაცხადე. ვუთხარი, გვიშველეთ, დახმარეთ, საშინელი მდგომარეობაა მეთქი. მოვიდნენ, დაათვალიერეს და მითხრეს, შესაბამის სამსახურს გადავცემთ და გააკეთებენო, მაგრამ მას შემდეგ არავინ მოსულა. ეს ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და ხევის მოვარდნის შემდეგ ყოველდღიურად ინგრევა გამყოფი კედელი. ჩემს სახლში შემოყვანილ გაზგაყვანილობასაც ძირი აქვს გამოთხრილი და ჰაერშია დარჩენილი. მალე ჩავარდება და ყველაფერი ხელახლა გასაკეთებელი გახდება. ერთხელაც რომ ადიდდეს ხევი, ჩემს ეზოს მთლიანად გაანადგურებს და სახლსაც დაემუქრება საფრთხე.
  ყურადღება რომ არ მომაქციეს, კიდევ მივედი სოფლის ხელმძღვანელობასთან. ამას წინათ კი, სოფელში თავად ჩამოვიდა სიღნაღის მერი და შევხვდი, პირადად მოვუყევი ჩემი გასაჭირის შესახებ. კიდევ დამაიმედა, გადავცემ თქვენი პრობლემის შესახებ შესაბამის სამსახურს, მოვლენ და გააკეთებენო, მაგრამ ესეც ტყუილი აღმოჩნდა, არავინ მოსულა და არც გაუკეთებიათ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარემაც იცის ჩვენი გასაჭირის ამბავი, მაგრამ ყველა მხოლოდ დაპირებით გვკვებავს და თავიდან გვიცილებს. ამას წინათ წერილი მომიტანს საგზაო დეპარტამენტიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით მწერენ. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, საგზაო დეპარტამენტი რა შუაშია ჩვენ პრობლემასთან? ეს ხომ სოფლის ტერიტორიაა, მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და საგზაოს რატომ ევალება მისი შეკეთება? ეს კითხვა სოფელში მერის რწმინებულსაც დავუსვი, მაგრამ ამომწურავი პასუხი ვერ გამცა. მანაც მითხრა, იმათ ეკუთვნით გაკეთებაო. ასე მგონია, თავიდან მიცილებენ და როგორ მოვიქცე, აღარ ვიცი.
  ეთერ შოშიაშვილი, 84 წლის:
 _ გასული წყლის ზაფხულში მოვარდა ხევში წყალი. საშინელება იყო, გული კინაღამ გამისკდა. მეგონა, წაიღებდა ჩემს სახლს. ზღვის ტალღებივით ღელავდა მოვარდნილი წყალი. მას შემდეგ ყოველი წვიმის დროს ვლოცულობ, რომ არ ადიდდეს და ეზოში არ შემოგვივარდეს. გამყოფი ჯებირი აღარ არსებობს და ადიდებულ ხევს რა შეაკავებს.? სანამ ჯებირი არსებობდა, შიში არ გვქონია, მშვიდად ვცხოვრობდით და ახლა საშინელ მდგომარეობაში ვართ. მუდმივად შეშინებულები და არავინ არ გვეხმარება, ჩვენი დარდი არავის აწუხებს. ივლისში დიდი წვიმები იცის და მსგავსი რამ რომ განმეორდეს, ჩემი ხელჯოხებით, სახლიდან ვეღარ გავასწრებ. თქვენს წერილს ალბათ წაიკითხავენ, ვისაც ეს ეხება და მინდა, მათ კიდევ ერთხელ ვთხოვო, დაგვეხმარონ, გვიშველონ, ნუ გაგვწირავენ გასანადგურებლად და ნუ დაგვტოვებენ უსახლკაროდ. დროულად მოგვხედონ, თორემ, მერე გვიან იქნება.
  …
   თამაზ ხელაშვილი, სიღნაღის მერის წარმომადგენელი ვაქირში:
 _ გიორგი შოშიაშვილმა წერილით მომმართა. მერე მე მივმართე წერილით სიღნაღის მერს, მან კი წერილი გაუგზავნა საგზაო – საავტომობილო გზების დეპარტამენტს. ამ პრობლემის მოგვარება ეკუთვნით მათ. ამ უწყებიდან წერილი უკვე მოგვივიდა და გიორგის გადავეცით. მასში წერია, რომ პირველი კვარტლის განმავლობაში მოვლენ და შეისწავლიან.
 _ პირველი კვარტალი ხომ გასულია? გიორგი ამბობს, რომ არავინ ინტერესდება მათი პრობლემით?
 _ არ ვიცი. მას შემდეგ კიდევ მივმართე. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზურა კახეთელიძე იყო ჩამოსული და გვითხრა, მთავრობას გამოყოფილი აქვს თანხები სტიქიისგან მიყენებული ზარალის პრევენციისთვის და და გვითხრა, მთავრობას გამოყოფილი აქვს თანხები სტიქიისგან მიყენებული ზარალის პრევენციისთვის, იმ თანხიდან გამოვყოფთ 50 ათას ლარს და გავაკეთებთ დამცავ ჯებირსო. როგორც ვიცი, პროექტი იწერება. მერე ტენდერი უნდა განმოცხადდეს და სხვა ორგანიზაციას უნდა დაუკვეთონ სამუშაოების შესრულება.
 _ ჩვენ გვაინტერესებს ჯებირი როდის გაკეთდება? ერთი წელია გიორგის ოჯახს ეს პრობლემა აწუხებს, ეშინიათ, წყალი კიდევ არ მოვარდეს და სახლი მთლიანად არ გაუნადგუროთ.
 _ არ ვიცი, ყველაფერს დრო სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთდება.
 ამის შემდეგ სიღნაღის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, ზურაბ კახეთელიძეს დავუკავშირდით.
   _ მთავრობამ ნახევარი მილიონი გამოყო სტიქიისგან მიყენებული ზარალის პრევენციისთვის და ერთ-ერთი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაა გეგმაში. საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი. დაახლოებით 2-3 კვირაში პროექტი გვექნება და ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი ძირითადი სამუშაოს შესრულებისთვის.
 _ ეს ყველაფერი ხანგრძლივ დროს მოითხოვს?
 _ დაახლოებით 2-3 კვირაში პროექტი მზად იქნება. რა ვქნათ, პროცედურებია გასავლელი, რომლებიც გარკვეულ პერიოდს საჭიროებს. თუ მოგვცეს პირდაპირი შესყიდვის საშუალება, უფრო ადრე შეკეთდება ხევის ეს ნაწილი. გაბიონები უნდა გაკეთდეს და დაცული იქნება წყლის მოვარდნებისგან.
 _ თქვენ პროცესი გაწელეთ, შოშიაშვილების ოჯახს კი შიში აქვს, რომ ზაფხულის წვიმები ხევის წყალს აადიდებს და მათ სახლს წალეკავს. ერთი წელი რას ელოდებოდით?
 _ აქამდე თანხები არ გვქონდა. ახლაც მთავრობამ გამოგვიყო და იმით ვაკეთებთ.
.
.
.
.
.
.
  
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close