საზოგადოება

,,ჩვენ გვინდა მთავრობა, რომელიც იცხოვრებს საქართველოთი, იცოცხლებს საქართველოთი და მოკვდება საქართველოსთვის!”

   საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შალვა ნათელაშვილმა ხალხს წიწამურიდან მიულოცა.
 შალვა ნათელაშვილი:
_ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მესაძირკვლის, დიდი ილიას ფუძიდან, წიწამურიდან გილოცავთ დღევანდელ დღეს, მაგრამ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა ჩვენ ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 102 წელი გავიდა და ნახევარი საქართველო ტერიტორიულად დავკარგეთ. წავიდა ჩვენგან ტაო-კრაჯეთი, შავშეთი, ართვინი, სოჭი… ჩვენს თვალწინ იღობება აფხაზეთი, სამაჩაბლო და დავით გარეჯი.
  ქვეყანაში ბობოქრობს ოლიგარქია, რომელმაც მიიტაცა ხალხის, ქვეყნის, ეროვნული სიმდიდრე და შვილებს გადაუფორმა. საქართველოს მთავრობაში ფრიალებს რუსეთის დროშა, იმ რუსეთის, რომელმაც ოლიგარქიული ხელისუფლება მოგვიყვანა, დაგვისვა და რომლის გაშვების შემდეგაც დაიწყება ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მოძრაობა და საქართველოს სვლა და აყვავება იმ მიწაზე, რომელიც მას ეკუთვნის. ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ მტრული პოლიტიკური ელიტით. ძალიან კარგი ხალხი გვყავს მეზობლად, მაგრამ მათი პოლიტიკური ელიტები ორიენტირებულნი არიან იმაზე, რა წაგვართვან, რა მიითვისონ. მათთვის ჭკუის სასწავლებელი ცივი შხაპი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების გახსნა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, საჰაერო, ატომურ-ბირთვული კომპონენტებით. ეს იქნება ის, რაც მოგვცემს საშუალებას, დავიწყოთ დიდი საქართველოს აღდგენა, ჩამოვაყალიბოთ ნამდვილი სახელმწიფო, მივიღოთ ძლიერი ეკონომიკა, მოვიზიდოთ ინვესტიციები, შევქმნათ ნამდვილი, სამართლიანი სასამართლო, მივცეთ ხალხს შრომის, განათლების, ჯანდაცვის, არსებობის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური გარანტიები. ამის გარეშე, დამერწმუნეთ, საქართველო შაგრენის ტყავივით გაილევა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს.
 დღეს საქართველოს მმართველი ელიტა შეკეტილია რომელიღაც ქართულ სამხედრო ბაზაზე. სიტყვით ულოცავენ ხალხს, გულში კი იმას ფიქრობენ, რა წაიღონ, მოიპარონ, რომელ ოფშორებში გახსნან ანგარიშები. მათი დღეები დათვლილია, ისტორიის მსვლელობას ვერ გააჩერებენ. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ერთი საპროტესტო ნოტა არ გაუგზავნია გაეროს უშიშროების საბჭოში ბორდელიზაციაზე, მათი ხელშეწყობით რუსმა ჯარისკაცებმა გადაგვიღობეს შიდა ქართლი და ენგურის ზოლი; ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ხმა არ ამოიღო, როცა რამდენიმე დღის უკან, წაგვართვეს გარეჯი; ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ხალხს აუკრძალა მუშაობა, არსებობა, გადაადგილებაც კი; გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც სიტყვა და საქმე სხვადასხვა მცნებებია.
 ჩვენ გვინდა მთავრობა, რომელიც იცხოვრებს საქართველოთი, იცოცხლებს საქართველოთი და მოკვდება საქართველოსთვის! ჩვენ წინ გველოდება დიდი საქართველო! წინ გველოდება ოშკი, ბანა, ხახული, ილორი, ბედია, გარეჯი! წინ გველოდება ბედნიერი თაობა, ძლიერი ეკონომიკა, დასაქმებული, წელში გამართული ხალხი! ჩვენ წინ გველოდება ოლიგარქების მიერ მიტაცებული სიმდიდრის უკან დაბრუნება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. უნდა მოვახდინოთ დეოლიგარქიზაცია, განვდევნოთ ფულის მონები და ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, ისე, როგორც ჩვენმა წინაპრებმა აიღეს პასუხისმგებლობა დიდგორზე და დიდ საქართველოს ჩაუყარეს საფუძველი.

Related Articles

Back to top button
Close