ქართულ-ებრაული
,, ჩვენ გავაღვიძებთ სოხუმის ძველ სინაგოგას!”_ მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2019/08/1.png)
მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის სიტყვას ვუსმენდი – წარმოთქმულს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2019 წლის 20 ივნისი იყო. ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნავად, სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, რეკორდსმენ კომენტატორს, ბრწყინვალების ორდენის კავალერს და არაერთი აღიარების მფლობელს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს შეხვდნენ. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებად მიწვეულნი იყვნენ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი შაბთაი ცური და მსოფლიო ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იაკობ გაგულაშვილი. რაბი იაკობის გამოსვლამ სოხუმის, აფხაზეთის და მშობლიური ეზო-კარის მონატრების საოცარი ემოცია შემოიტანა დარბაზში:
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2019/08/2-233x300.jpg)
ქალბატონებო და ბატონებო, მადლობას გეუბნებით ამ მშვენიერი საღამოს მოწყობისათვის, მადლობა თქვენ ახალგაზრდებო, თქვენ ქართველო ხალხო! სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ჩვენს ჯამლეტს მინდა განსაკუთრებულად მივესალმო, ჩვენს ელჩს, ბატონ შაფთაი ცურს და მადლობა გადავუხადო მათ ბევრი კარგი საქმისთვის, რამაც კიდევ უფრო დააახლოვა ორი მეგობარი ქვეყანა. უნდა გითრათ, რომ ჯამლეტი მაინც ჯამლეტია. არიან ადამიანები, რომლებსაც რეკლამა არ სჭირდებათ, რაც არ უნდა ქება შევასხათ, რაც არ უნდა მოვეფეროთ, მოვამაღლოთ – ის მაინც ძველი ჯამლეტია, ხმაურიანი სახელით, გვარის დასახელებაც კი არაა საჭირო, ჰოდა, გაუმარჯოს ღმერთმა!
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი ემოცია გაგიზიაროთ. ჩვენი ერი ლოცულობდა 2600 წელი, რომ დავბრუნებულიყავით იერუშალაიმში, მე ვთხოვ ღმერთს, თქვენი ლოცვა ღმერთმა უფრო ადრე მიიღოს და ვთხოვ გამჩენს, მომავალ წელიწადს დაუბრუნდეთ სოხუმს. არ გასულიყოს ასობით წელი და არც ათობით წელი. ბავშვებო, ახალგაზრდებო, შეიძლება თქვენს შორისაა მომავალი პრემიერი, ან შეიძლება პრეზიდენტიც, იცოდეთ, ცხოვრება გრძელდება, თქვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ყველაფერი მშვიდობიანი გზებით, მოლაპარაკებებით, სიფხიზლით, მეორე მხრის მონაცემების და სისუსტის სწავლით უნდა გააკეთოთ – რომ იცოდე, ვისთან გაქვს საქმე. ჩვენ რომ ჩავედით ისრაელში, გვახსოვს კარგად, ხრიოკი მიწა დაგვხვდა. უდაბნო ავაყვავეთ – უდაბნო. და ახლა გვაქვს ისრაელის სახელმწიფო გამწვანებული, აშენებული, აყვავებული, ქვეყანა საუკეთესო განათლებით, კულტურით – მე სხვანაირ გზას ვერ ვხედავ. ქართველი ხალხი უნიჭიერესი, უძლიერესი ხალხია, მდიდარი კულტურით, თქვენც შეძლებთ ამას. ვისაც ახსოვს თავის წარსული, ის თავის მომავალსაც კარგად დააწყობს, ჩვენ კი არსად წავსულვართ, ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოში.