შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შსს-ს განმარტება თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:
პოლიცია, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნის შესაბამისად, განლაგებულია თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საკრებულოს შენობაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. ამ მიზნით, პოლიციას კანონით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილებები, კერძოდ: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით
დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად“. იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მომართვა, ასევე, ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტების საკრებულოს შენობაში შეშვებას, შესაძლოა,
გამოეწვია ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება და საფრთხე შეექმნა მოქალაქეებისთვის, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების თაობაზე.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრების არშეშვების საკითხს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი
შემთხვევებისა“. შესაბამისად, კანონი, რომელიც ამ უფლებას ანიჭებს
პარლამენტის წევრს, თავადვე ადგენს შეზღუდვასაც სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გარემოებების სასარგებლოდ.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში,
პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.
მივმართავთ ყველა მოქალაქეს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ პოლიციაზე თავდასხმისა და პროვოკაციებისგან და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.