ეს შემზარავი თავდასხმა თბილისში, დიდუბეში მოხდა. 24 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად კი  ამოღებულია ბენზინის ბოთლი. როგორც გაირკვა, ბრალდებული შეყვარებულს დაშორდა, თუმცა შემდგომ, მას შერიგებას აიძულებდა. როდესაც ქალისგან  კატეგორიული უარი მიიღო, თავს დაესხა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა, რადგან, ექიმების თქმით, სხეულის 37 პროცენტი აქვს დამწვარი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები