პოლიტიკა

,,ღია პუტინისტებო, რატომ ოცნებობთ ბავშვების მკვლელის გამარჯვებაზე?”

,,დაკარგული სახის მორგება მოგინდებათ, ომს რომ მოიგებს უკრაინა, ზუსტად ვიცი, მაგრამ გვიანი იქნება... მშვიდობა ჩამოგეტანოთ ყველას, ვინც უკრაინაში წახვედით!"

დღეს ის ბაზა დაბომბეს, სადაც მოხალისეები იყვნენ, მერე ჟურნალისტების მანქანას ესროლეს..
მერე ეკლესია დაბომბეს…
ამასობაში, გავიგეთ, რომ ვატო გელაშვილი იყო იმ ბაზაზე და არ ვიცოდით, როგორ იყო, სად იყო…
პარალელურად წერდნენ, რომ ათობით ადამიანი დაიღუპა.
გავიგეთ, რომ მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი…
ისევ არ ვიცოდით ჯერ, ვატოს რა სჭირდა…
გამახსენდა ყველა, ვინც ქართველობაზე დებს თავს და უკრაინაში დასახმარებლად წასულ ადამიანებზე ქილიკობს და იმ მომენტში, ვაღიარებ, ყველა მძულდა!
ჯერ იმას გაჰყვიროდნენ, თუ @რაკი აქვთ, წავიდნენო, წავიდნენ და აქედან დასცინიან…
ვინ ეკითხებათ მათ, ვინ სად წავა, როგორ აძლევენ თავს უფლებას ტყვიების ცეცხლში წასულ ადამიანებს დასცინონ?
ზოგს იარაღი აქვს ხელში და წინა ხაზზეა, ზოგი დაჭრილების გადაყვანაში ეხმარება, ზოგმა შეიძლება ბავშვებს ცხელი წვნიანი მოუმზადოს – მერე? რომელი არაა აქედან საჭირო? ვინ არიან ესენი, რა ჯიშისანი არიან, ვისზე ქილიკობენ, მათ უმეტესობას, გამზადებული, მაცივარში შენახული სადილის გამოღება, გაცხელება, თეფშზე დასხმა არ შეუძლია!
რა უფლება აქვთ, ათრიონ იმ ადამიანების ფოტოები, ვინც დღეს იქაა, იქ, არავისი სიცოცხლე არაა დაცული, არც იარაღიანის და არც უიარაღოს!
ღმერთმა ყველა მშვიდობით დაგვიბრუნოს, მაგრამ რომელიმეს რამე რომ დაემართოს, მერე ურცხვად დაიტირებენ, ზუსტად ისე, როგორ ურცხვადაც დაიტირეს კობა დავითაშვილი, რომელიც სიცოცხლის ბოლო თვეებში იძულებული გახადეს ღიად ეთხოვა წამლის ფული!
დაატარებენ ტყვიის ცეცხლში, ყინვაში, ომის საშინელებანანახი ადამიანების ფოტოებს და ქილიკობენ – არ არის ეს ქართველობა, არც კაცობა, არც ქალობა, ადამიანობა არ არის ეს, ძაღლი და კატა არ ტოვებს ომის დროს ხალხს, ადამიანის ოთხფეხა მეგობრებიც კი ხვდებიან რა არის დღეს მთავარი!
ოჰ, იმას, იქ რო წავიდა უკრაინაში, ომი არ შეუძლია, მე ვიცი ომიო… ვაი, შენ უპატრონობას, ვინც ამას წერ, ომი რომ არ იცის, იარაღი რომ არ იცის და მაინც წავიდა შიშველი ხელებით, ამიტოა ადამიანი!
აქეთ, გამოხტებიან ჭკუის დამრიგებლები, დაყაროს უკრაინამ იარაღი, ჩაბარდეს რუსეთს, ჩააბაროს ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი პუტინსო…
მიუყვანოს თავისი ხალხი, არ იწვალო, აჰა, ერთად ჩახოცეო?
პუტინს დანებდნენ კი არა, რაც მეტი დრო გადის, მით მეტად იკლებს რუსის შანსი .. უკრაინას კი არა, პუტინს შეეხვეწეთ, დაყაროს იარაღი, რადგან მას ახლა აქვს მოლაპარაკების რესურსის უმცირესი ნაწილი დარჩენილი და მალე ეს რესურსიც აღარ ექნება.
იქეთ, კიდევ უფრო ღია პუტინისტები.. მსგავსი არაფერი მინახავს, პუტინი ანგელოზია, ეგ რომ ცუდი იყოს, მეტ უკრაინელ ბავშვს დახოცავდაო – არ ჰყოფნით რაც მოკლა, ეცოტავათ – შევხედე ერთს და გულზე ამერიკა აწერია…. პუტინის ფოტოთი მაისური ვერ ნახა, ეტყობა…
რატომ გძულთ, ასე ძალიან ადამიანები?
პუტინს რატომ სძულს, ვიცით, მაგრამ თქვენ რატომ გძულთ?
რატომ ოცნებობთ ბავშვების მკვლელის გამარჯვებაზე?
მიწა არ გიდუღთ ფეხქვეშ, არ იძრა მიწა ეს საშინელებები რომ ამოთქვით, მაგრამ ღმერთმა და ადამიანებმაც რომ გაპატიოთ, მიწის სამართალი წამოგეწევათ და ნუ დგამთ საშვილიშვილო სირცხვილსა და ცოდვაში ფეხს!
ყველა ვინც წასულია უკრაინაში, ყველა ვინც წინა ხაზზეა, ან ზურგში – ადამიანია – ყველაზე რთული პროფესიაა ადამიანობა, ხომ იცით? ყველაზე რთულია იცხოვრო და ადამიანად დარჩე და ეს ადამიანები ცეცხლის და ბომბების ცეცხლში არიან, რის ფასად შეგიძლიათ მათი ქილიკი?
ის რამდენიმე საათი, სანამ გავიგებდი, რომ ვატო ცოცხალია, ყველანი, ვინც იქ წასულ ადამიანებს დასცინით, მძულდით… მერე გავიგე, რომ ვატო გადარჩა, დაჭრილია, მსუბუქად… მერე თავს ვუთხარი, რომ არ ხართ თქვენ ჩემი სიძულვილის ღირსნი და უბრალოდ, თქვენი წერილების, სახელების და გვარების დაკოპირება დავიწყე… რადგან ოდესმე, თქვენი შთამომავალის შთამომავალიც რომ შემხვდეს, ვუთხრა, რას აკეთებდით, როცა ადამიანები სიბოროტეს შიშველი ხელებით, თუ იარაღებით ებრძოდნენ…
ბოლოს, ფოტოებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა – ჯერ ერთი, ყველა წასული არ დებს ფოტოებს! მეორეც, მოხალისეების, თუ ჯარისკაცების უსაფრთხოება კონტროლდება და ყველას აქვს ინსტრუქცია, როდის რა შეუძლია დადოს! მესამე – მარტო ქართველი ავრცელებს ფოტოს და ვიდეოსო – რას გადაეკიდეთ, ხალხო, ამ ქართველებს? მოკლეს ამერიკელი ჟურნალისტი და მისი დაჭრილი კოლეგა, მეორე ამერიკელი ჟურნალისტი, პირდაპირ საავადმყოფოდან ავრცელებს ვიდეოს! რატომ? – იმიტომ რომ იმ საავადმყოფოს შესახებ ისედაც იცის რუსმა!
2022 წელია, ხალხო, მართლა გგონიათ, რომ პუტინი სელფით ადგენს ადგილმდებარეობას? 2022 წელია, ხალხო, ყველა უკრაინული ქალაქის გეგმა აქვთ, გამიზნულად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ეკლესიებს, საავადმყოფოებს… გამიზნულად გაუხსნეს ცეცხლი ჟურნალისტებს და არ სჭირდებათ მათ მოსაძებნად სელფი, სანგარში არ სხედან ზურგში მყოფნი, ქალაქში ეხმარებიან ხალხს, მოხალისეების ბაზებზე არიან… . მართლა გგონიათ, რომ კიევში, ლვოვში და სხვა ქალაქებში, ვიღაცამ სელფი გადაიღო და ასე იპოვა რუსმა, რა შენობა დაებომბა? ეკლესიაც ასე იპოვა? რაზეც არ აქვს ინფორმაცია რუსს, იმის ფოტოს არ დაადებინებენ უკრაინელები არავის, საინფორმაციო ომი, იმათ რომ აქვთ, ბევრს შეშურდება! ასეთი მაგრები რომ არიან საინფორმაციო ომში, იმიტომაც სულ ზეპირად იციან, ვინ რას წერს საქართველოში, როგორ, რომელი სამინისტროს პიარი ავრცელებს ცრუ ინფოს უკრაინაზე, როგორ დასცინიან ოცნების კარის ექსპერტები და ჟურნალისტები ომში წასულ საკუთარ მოქალაქეებს, რა წერილებს ავრცელებს სამთავრობო მედია გვერდი ზელენსკიზე და ისიც კარგად მოისმინეს, ჩვენმა პრემიერმა რომ თქვა, არ იმოქმედებს სანქციები რუსეთზეო… ამიტომ უწოდეს ამორალური მათ ქცევას და სიტყვას და ამორალური ყველაზე სუსტი შეფასებაა, ომის დროს, შენ მოქალაქეს რომ ზურგში ტალახს ესვრი და შენ მეგობარ ქვეყანას ზურგში დანას არტყამ, ამორალობაზე მეტია ეს!
ბი
მშვიდობა ჩამოგეტანოთ და მშურს თქვენი, თქვენ პირველები დაინახავთ პუტინის დამარცხებას!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close