ცოდვის შვილები

ღმერთო ჩემო, რამდენ სისულელეს ჯღაბნიან და ბოდავენ ამ ე.წ. სოციალურ ქსელებში… მტერმა იკითხოს და ისმინოს ეს ყველაფერი, მაგრამ თვალის ერთი შევლებითაც ხომ ჩანს დაცემის, გადაგვარებისა და დეგრადირების რა მასშტაბებთანაც გვაქვს საქმე, თანდათანობით იხრწნება ერი…

ღვინოს და ნარკოტიკულ საშუალებებს ერთ სიბრტყეში განიხილავენ ეს უბედურ დღეს გაჩენილები.

– ღვინო საერო სანთელია! – ბრძანებდა ვახტანგ გოგუაძე. ღვინის ჭიქით ხელში, ისევე როგორც წმინდა სანთლით ხელში, ლოცულობს ქართველი კაცი. ღვინო ადამიანთა გულებს შორის გადებული ხიდია, ურთიერთობებისა და სიყვარულის გაღვივების ღვთაებრივი საშუალებაა, ნარკოტიკი კი მკვლელობისა და თვითმკვლელობის იარაღია, ადამიანის გაპირუტყვების საშუალებაა. ღვინო წამალია, ნარკოტიკი საწამლავია. ღვინო საკვები პროდუქტია, ნარკოტიკი შხამია.

– ღვინოც ხომ ათრობს?! – ხითხითებენ ისინი. კულტურა სჭირდება ყველაფერს, ზომას და დოზას თუ დაარღვევ, შესაძლებელია, ელარჯის ჭამითაც მოკვდე. ღვინო აღმაფრენისკენ სავალი კულტურული და კეთილშობილური გზაა, ნარკოტიკი გამოლენჩების, გამოთაყვანებისა და გამოცარიელების გზით სიკვდილისკენ სავალი გზაა.

ვაზი და ღვინო ქართველისათვის ადამიანური ბედნიერების მუდმივი თანაზიარი და უბედურების შემამსუბუქებელია, ნარკოტიკი კი ყოველგვარი ბედნიერების წამრთმევი და უბედურების მომტანია.

“ცოდვის შვილები”, ასე ერქვა საბჭოთა პერიოდში ნარკომანიის წინააღმდეგ მომზადებულ შესანიშნავ სატელევიზიო გადაცემას, რომლის ავტორი დიდებული ჟურნალისტი ალექსანდრე შენგელია იყო. საბჭოთა პერიოდში, რა თქმა უნდა, ებრძოდნენ ამ უმძიმეს სენსა და სოციალურ უბედურებას.

– საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით საბჭოთა კავშირიდან გამოვედით, პატრიარქი კი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლით, საბჭოთა კავშირში გვაბრუნებსო, – ლუღლუღებს ეს ვიღაცა ჯაფარიძეა თუ ეშმაკის მოციქულია და, იმდენს ვერ ფიქრობს, თუ რა უზარმაზარ რეკლამას ეწევა საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური სისტემისა, რომლის ვითარებაშიც მისი და მისთანათა ცოდვიანი ლუღლუღი არ ისმოდა, ვინაიდან მაშინ სახელმწიფოც, სასამართლოც, ინფორმაციის საშუალებებიც და ყველა სხვა სტრუქტურაც ხალხის სამსახურში იდგა.

გაიმარჯვეს ოკეანის გაღმელმა ძაღლისშვილებმა და მოგვისიეს აქაური ძაღლისშვილები. ესენი იმიტომ აკანონებენ ნარკომანიას, რომ სულ მალე ერთეული ჯაფარიძეები კი არ ლუღლუღებდნენ, არამედ მთელი ერი ამგვარ ჯაფარიძეებად იქცეს (ამ გახრწნილ-გადაგვარებულ, კონკრეტულ ჯაფარიძეზე ვსაუბრობ თორემ ჯაფარიძეების ულამაზესი გვარის საწინააღმდეგო რა შეიძლება მქონდეს).

გაიფურჩქნება და აყვავდება ნარკომანია საქართველოში. იმ სულაძაღლებულ ალენ დალესისა არ იყოს, აღაღანდება ბნელი ფერები. ფრთებს გაშლის ნარკობიზნესი და ყოველი გახრწნილი ახალგაზრდა გვამი თითო ნულის სახით მიემატება სადღაც დაგროვებულ მილიარდებს. ქართველი ახალგაზრდის ნარკოტიკებით გამოცარიელებული სულისა და შიგნიდან გამომპალი სხეულის ყოველი ჩაქრობისას, მრავალმილიარდიანი კაპიტალის ოდენობის აღმნიშვნელი ელექტრონული ტაბლო ახალ იმპულსს იგრძნობს შემომატებული თანხის შესახებ. ასე დაიწვებიან და დაიფერფლებიან ქართველი ახალგაზრდები არა შრომის გზით სახალხო დოვლათის შესაქმნელად, არა შემოქმედების გზით მწვერვალების დასაპყრობად, არა მტერთან ბრძოლაში ღირსეული გამარჯვების მოსაპოვებლად და სამშობლოს დასაცავად, არამედ რომელიმე დამპალის საფინანსო-საინფორმაციო ელექტრონულ ტაბლოზე, მჭახე ფერებით, ავად მოკიაფე ნულების გასამრავლებლად. ხალხის ყურთასმენას კი მუდმივად შეაწუხებს მათივე ამქრიდან ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილთა სიმღერამიბაძვითი ზმუილი დემოკრატიასა და თავისუფლებაზე.

ასე იქნება ეს!

ვალერი კვარაცხელია

კომენტარები
Загрузка...