სამართალი და კრიმინალი

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების, კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების, სამსახურებრივი სიყალბის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და იმერეთის რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი მოლაპარაკებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით მიღებული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მოწმობები დაამზადეს. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ადასტურებდა, რომ თითქოსდა სასაკლაოს ტერიტორიაზე დაიკლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფიქტიურად გაიცა ასევე ყალბი ვეტერინარული მოწმობები საქონლის შემოწმების თაობაზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე, 341-ე, 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით”- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close