საზოგადოება

,,ქვეყნიდან მიდის ძალიან ბევრი… _ მოიკელით ფული გაქსუებულებო და გაუნაწილეთ ეს ფული ახალგაზრდებს”

ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:

_ მარშზე მარშით რომ პასუხობს ერთი ნაწილი მეორეს და მორევაზეა საქმე მისული, იქნება ვინმე მაინც დასხდეთ მთავრობაში თუ ეკლესიაში და დაფიქრდეთ რა ხდება ქვეყანაში, რატომ ხდება. პრობლემა ყოველთვის უჩნდება დასუსტებულ ორგანიზმს, ხომ ასეა. ოჯახის სიწმინდის გარდა, კიდევ რას სთავაზობს დღეს ქვეყანა ახალგაზრდას, ეგება ტვინები გაანძრიოთ და დაფიქრდეთ? ჩამყაყებულ სოციუმს, სადაც ახალგაზრდას არანაირი შანსი არ აქვს თვითგამოხატვის. არ არსებობს ქვეყანაში თუხთუხი, არ არსებობს შემოქმედების ხელშეწყობა…შუაგულ პლანეტაზე ვართ რუქაზე და გეგონება ბორნეოს ტყეში ვცხოვრობთ. აქა იქ ახერხებენ ვიღაცეები რაღაცის კეთებას, თუმცა რის ფასად ეს მათ იციან მხოლოდ. არ უნდა ახალგაზრდობას სუფრაზე ჩაქაფულის ჭამა და ყანწის ტრიალი მხოლოდ, მუშაობა უნდათ, მუსიკა ხატვა კინო მწერლობა თეატრი არქიტექტურა მეცნიერება, არაფერი ეს არაა გარშემო, მითუმეტეს თბილისის გარეთ… ვისაც არ ხვდები, ახალგაზრდები მოწყენილი გპასუხობენ “… წასვლა მინდა აქედან…”… მიდის ძალიან ბევრი. დემნა გვასალია, სოხუმელი ბიჭი, უძნელესი ბიოგრაფიით, დღეს მსოფლიო მოდაში წამყვანია. ვინ იქნებოდა ის, რომ არ წასულოყო აქედან? დიზაინერი სადმე კომპიუტერთან მიზერული ხელფასით. ახალგაზრდობა დაიღალა ეკრანებზე ერთი და იგივე სიფათების ყურებით. მუდმივი ჩხუბით ეთერში. უფულობით და უიმედობით. და ამის ფონზე გაქსუებული და გამდიდრებული ელიტით, რომელიც თავზე აზის ამ ახალგაზრდობას…
ქვეყანა მარშებით არ შენდება. ძალით ვერ შეაყვარებ თავს შენს მომავალ თაობას.
ერთხელ მაინც დაჯექით და დაფიქრდით, იქნებ სხვა მიდგომაა საჭირო ახალ თაობასთან…მათი იდეების მხარდაჭერაა საჭირო მასიურად, უნდა მისცეთ თვითგამოხატვის საშუალება ამ ყველაზე ნიჭიერ ადამიანებს…. მოიკელით ფული გაქსუებულებო და გაუნაწილეთ ეს ფული ახალგაზრდებს….ამით უნდა ვებრძოლოთ ახალგაზრდების გადაბირებას სხვადასხვა სექტებში…… ეს თაობაა ქვეყნის ხვალინდელი პატრონი. ახალგაზრდებს სჭირდებათ ქვეყნისგან დახმარება და არა მარშების მოწყობა ქუჩებში……

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close