„ქალები კაცებს კონკურენციას უწევენ“
გვანცა დარასელია: „შეიძლება, რომელიმე მამაკაცს უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდა, ვიდრე მე“
ტელეწამყვანმა გვანცა დარასელიამ რადიო სივრცეში გადაინაცვლა და ის „ქალების რადიოს“ ხელმძღვანელი გახდა. მან მედიასივრცეში გენდერულ პრობლემებზე „გზასთან“ ისაუბრა.
.
-წლებია, მედიასივრცეში მუშაობთ. როგორ ფიქრობთ, ამ ხნის განმავლობაში, მედიაში ქალების როლი როგორ შეიცვალა?
– საერთოდ, ეს სფერო ქალებს “მიჰყავთ” (იღიმის). მედიაში ყოველთვის მამაკაცების დეფიციტი (ვგულისხმობ ადამიანებს, ვინც ეკრანზე ჩანან) იყო. მგონი, ქალებმა თავისი ორგანიზებულობით და გამბედაობით, ბევრ სფეროში დიდი ცვლილებები მოახდინეს, მათ შორის – მედიაში. ვფიქრობ, გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ქალები უნდა მუშაობდნენ. მათ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა უფრო მალე და ორგანიზებულად შეუძლიათ. ამას უფრო ფემინისტური გაგებით კი არა, თანასწორობის პრინციპის გამო ვამბობ.
– რა სირთულეებს აწყდებოდი, როგორც ქალი?
– შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში გენდერული ნიშნით პრობლემა არ შემქმნია. ალბათ თავიდანვე ისეთ კომპანიასა და ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი, რომ ეს კომფორტი ყოველთვის მქონდა. ჩვენს სფეროში ქალები უფრო უწევენ კონკურენციას კაცებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის პრობლემებს ვიცნობ. არ ვიცი, შეიძლება, რომელიმე მამაკაცს უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდა, ვიდრე მე, ჩვენში რომ დარჩეს (იცინის). ჩვენს ქვეყანაში თანასწორობის პრობლემა ყოველთვის არის. ჩემი ამჟამინდელი საქმე მინდა, რომ ზუსტად ამ საკითხსაც ემსახუროს – რაღაცნაირად ქალებს ბიძგი და მოტივაცია მივცე, რომ კონკურენციას არ შეუშინდნენ, უფრო წინ და წინ წავიდნენ…
„გზა“