,,ფინანსთა მინისტრის განცხადება ნიკიტა ხრუშჩოვის ნათქვამს ჰგავს _ ეს ხალხის გაწირვაა!”
შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურ ბრიფინგზე შეაფასა.
შალვა ნათელაშვილი:
_ პრემიერის ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგენს ამ ხელისუფლების უზნეობათა აპოთეოსს. ამით მათ ხალხს უთხრეს, ჩვენ ვიყოთ კარგად და თქვენ კისერიც გიტეხიათო. დამატებით, უცხოეთის ბანკებიდან ,,დაითრიეს” 10 მილიარდი ლარი, რომლის პროცენტები ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ეს არის მათი ანტიკორონული პოლიტიკა. შექმნილ ვითარებაში, გინდ მგელს შეუჭამიხარ, გინდ მგლისფერ ტურას. უნდა დამთავრდეს ყოველგვარი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ხალხი უნდა დაბრუნდეს თავის სამუშაო ადგილებზე, ბიზნესმა დაიწყოს მუშაობა, სანიტარული ნორმების დაცვით. ხოლო რამდენიმე თვეში, როგორც კი ივანიშვილის ხელისუფლებას მოვიშორებთ, მისი, ჩვენგან მოპარული ოცი მილიარდი თანაბრად გადანაწილდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ეს იქნება ღირსეული ხალხის ღირსეული პასუხი თავის მჩაგვრელისთვის. ყველაფერს წარმოვიდგენდი, იმის გარდა, რომ ეპიდემიის დროს რეჟიმი კიდევ დაიწყებდა მილიარდების კეთებას, ჩვენი გაჭირვებით და უბედურებით და ხალხს მხოლოდ ხახვის და კარტოფილის ფულს გადაუგდებდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ რეჟიმი უცხოეთის ბანკებიდან კიდევ აიღებდა ვალად 3 მილიარდ დოლარს და მიუმატებდა იმ 18 მილიარდს, რომელიც უკვე გვადევს კისერზე და აქედან ხალხს მხოლოდ თეთრებს გადაუგდებდა. ეს საარსებო თანხაც არაა. საარჩევნო ქრთამია. შეიძლება ითქვას, რომ გუშინ ანტიკრიზისული გეგმის მაგივრად, ბატონმა გახარიამ ხელისუფლების უზურპაციის და არჩევნების გაყალბების გრაფიკი წარმოგვიდგინა. ვინ დაიჯერებს, რომ სხვა პარტისს მხარდამჭერს დასაქმებულად ჩათვლიან და 300 ლარს მისცემენ?! ეს ფული თავიაანთ საარჩევნო კოორდინატორებზე აქვთ გათვლილი. ანუ, რასაც აქამდე ჩუმად აკეთებდნენ საარჩევნო მოსყიდვების და მანიპულაციების ფორმატით, ახლა კორონას სახელით გააკეთებენ. გაოცებას იწვევს ფინანსთა მინისტრის გუშინდელი განცხადებაც, ამერიკაზე მეტ თანხად ვაძლევთო. ნიკიტა ხრუშჩოვის ნათქვამი ჰგავს – დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს! 4 ტრილიონი გამოყო ამერიკის ხელისუფლებამ ეკონომიკის აღსადგენად, ბრიტანეთმა თავის ქვეშევრდომებს ხელფასის 80 პროცენტი შეუნარჩუნა და 25000 სტერლინგიც დაამატა, ესპანეთი 1000 ევროს გადაუხდის თავის მოქალაქეებს, ყოველი თვე, ეპიდემიის შემდეგაც, 800 ევროს არიგებს საბერძნეთის მთავრობა. ჩვენ თითო ოჯახზე 1000 ლარს და 500 ლარიან საგაზაფხულო პაკეტს ვითხოვდით სოფლებში, რომლებსაც ,,ქართული ოცნება” თავისი აფერისტი მსახიობების პირით 5 მლნ- ს პირდებოდა და ამათ წუწაობა დაიწყეს. ყველაფერს თავი დავანებოთ, ტესტები მაინც შემოეტანათ, რომ ვირუსის აღრიცხვა მომხდარიყო. არაფერი გაკეთდა იმის გარდა, რომ მილიარდებს მილიარდები დაამატეს და ხალხი უფრო გააღატაკეს. ასეთ მდგომარეობაში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის შენარჩუნება ხალხის გაწირვაა. ივანიშვილის ყველა ბიზნესი რომ მუშაობს ბანკებით დაწყებული, ოქროს საბადოთი და საერთაშორისო გადაზიდვებით გაგრძელებული, იქ რატომ არ მოქმედებს კარანტინი? იქ არაა ეპიდემიის საშიშროება?!