პოლიტიკა

,,ამერიკელ კონგრესმენებს მოვუყევი, როგორ დაალევინეს რუსმა ოკუპანტებმა შვილის სისხლი მამას…”

შალვა ნათელაშვილმა ვიზიტის შედეგები ქართველ ხალხს, სიმბოლურად, ამერიკაში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან გააცნო, რამდენადაც ჩვენი ყველა უბედურება რუსეთიდან მოდის და ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლისთვის ამერიკის დახმარება უმნიშვნელოვანესია.

შალვა ნათელაშვილი: ,,დამთავრდა ჩემი ვიზიტი ამერიკაში. შეხვედრა მქონდა ოც კონგრესმენთან და სენატორთან..ამერიკული პოლიტიკური ელიტა ქართველი ხალხის მხარესაა, დემოკრატიისთვის ბრძოლაში და ამაზე განცხადებები თანდათანობით გაკეთდება. გამორიცხულია, რომ დემოკრატიის ბასტიონმა, ამერიკამ რუს გაკოტრებულ ოლიგარქს დაუჭიროს მხარი, რომელმაც ქვეყანა ბიზნესად და საბანკო წარმონაქმნად გადააქცია. ყველა ჩვენი უბედურება რუსეთიდან მოდის, მაგრამ რუსეთი ვერ აგვიშენებს სამხრეთის კედელს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რასაც ცდილობს. ყველგან დავსვი საკითხი, რომ თუ რუსეთის ფედერაცია არ შეწყვეტს აგრესიას, არ მიიღებს ზომებს, რომ ქვეყანა გაერთიანდეს, მაშინ მე გავაგრძელებ ბრძოლას, რომ საქართველოში გაუხსნას არა მარტო ამერიკული სამხედრო ბაზა, არამედ განლაგდეს ატომური იარაღიც. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთის ფედერაციას დაედოს სანქციები საქართველოს ოკუპაციისთვის. ნონსენსია, რომ უკრაინის ოკუპაციისთვის სანქციები დაადეს და საქართველოსთვის – არა. რა გამოდის, რომ უკრაინის ოკუპაცია არ შეიძლება და ამისთვის სანქციებია და საქართველოს ოკუპაცია კი არ შეიძლება, მაგრამ ამაზე მხოლოდ განცხადებია საკმარისი?! ყველა დამეთანხმა იმაზეც, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო რუსეთზე სანქციები, არ იქნებოდა ყირიმი, ლუგანსკი და ის უბედურებები, რაც შემდეგ მოხდა.

თუ გონს არ მოეგებიან, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რუსეთმა აიკიდოს გენოციდის ჩამდენი სახელმწიფოს სტატუსი, როგორც ჰიტლერმა ებრაელი ერის გენოციდისთვის და თურქეთმა სომხებისთვის. ქართველი ერის გენოციდზე პროექტი დავუდე კონგრესმენებს და შეძრწუნდნენ, როცა მოვუყევი, როგორ აჭრიდნენ რუსი ჯარისკაცები თავებს ქართველებს და ფეხბურთს თამაშობდნენ, როგორ დაალევინეს შვილის სისხლი მამას, როგორ ამოაცალეს გული ტატუნაშვილს. ჩვენი ქვეყნის ტანჯული ისტორია ჩვენი გალავანია, ჩვენი დაცვაა და ეს მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ. სომეხი და ებრაელი ერი ამან გადაარჩინა. როგორც კი ეს აღიარება მოხდება, მერე დაიწყება საქართველოს დეოკუპაცია, აღდგება, განვითარება. მერე გახდება ქართველი ერი ხელშეუხებელი, როგორც ებრაელები და სომხები. მაგრამ ვინ მიხედავს ამას? ივანიშვილი, რომელიც პუტინის მიერ მივლინებითაა გამოშვებული? ამიტომაა, რომ ამათი მოცილება ნიშნავს, რომ საქართველოს აღდგენა დაიწყება.

 გაგონილა?ვუთხარი კიდეც კონგრესმენებს, ქართველი გლეხი საქართველიში იძინებს და სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში იღვიძებს. ეს საშინელებები ხდება და არასოდეს გამხდარა გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამთავრდეს საქართველოს ოკუპაცია. ახლა შიდა ოკუპანტი, ივანიშვილი უნდა მოვიცილოთ და მერე, გარეს მივხედავთ.

Related Articles

Back to top button
Close