საზოგადოება

უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ხატიაშვილს? _ სწორი პასუხი გამოქვეყნდება

რამდენიმე დღის წინ, პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები, რომელბიც, ცოტა ხნის წინ, ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ, ბევრ რამეს უმალავდნენ. ივანიშვილმა იფიცა და ირისხა, არ ვიცოდი, სიღარიბე საქართველოში თუ პიკს აღწევდა და ბანკები ხალხს აკოტრებდნენო. ამ ფაქტებით აღშფოთებული კი ის მაღალჩინოსნებიც დაასახელა, რომლებიც, თურმე, მისგან მალულად უთხრიდნენ ძირს ქვეყანასა და ხალხს, რათა თავად მოეპოვებინათ სიმდიდრე და მაქსიმალურად მიეღოთ ის სიკეთეები, რაც ხელისუფლების ზედა რგოლებში არსებობს. ბატონმა ბიძინამ ,,საქართველოს ბანკი“ და ,,თი ბი სი ბანკი“ ყოფილ პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და ექსპრემიერთან, ,,ბღუჯად“ წოდებულ დიმიტრი ქუმსიშვილთან ალიანსში დაადანაშაულა, თუმცა, რატომღაც არაფერი უთქვამს ,,ლიბერთი ბანკზე” და თავის ბანკზე ,,ქართუ“ , რომლებშიც სესხის პროცენტი ისეთივე მაღალია და საგანგაშოა, როგორც მის მიერ ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებულ ბანკებში. ანუ საქართველოში ,,მოღვაწე“ ყველა ბანკი ხალხის გაკოტრებას ემსახურება მაღალპროცენტიანი განაკვეთებითა და გაუგებარი სერვისებით.

ძალიან გვინდა დავიჯეროთ, რომ ივანიშვილი სიმართლეს ღაღადებდა პირველი არხის ეთერიდან, თუმცა რა ვუყოთ ფაქტებს, რომლებიც ძალიან ბევრია? აი, ერთ-ერთი:

2018 წლის 8 თებერვალს, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ადვოკატმა და ცნობილმა უფლებადამცველმა, ზაზა ხატიაშვილმა ,,ბადაგონის“ დირექტორთან, სალაყაიასთან ერთად ჩაატარა პრესკონფერენცია, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილი პირდაპირ დაადანაშაულა ბიზნესკომპანიაზე ზეწოლაში. მან თქვა:

,, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა გაუგონარი ძალადობა, ვანდალური აქტი, ყველაზე წარმატებული ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის “ბადაგონი” წინააღმდეგ, სადაც დასაქმებულია 600 ჩვენი მოქალაქე. ფინანსური პოლიცია შევარდა “ბადაგონში ” და სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარა საქმეზე, რომელიც ეხება წილზე პრეტენზიას ორ მოქალაქეს შორის. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, წილებთან მიმართებაში დავას განიხილავს სამოქალაქო სასამართლო, მაგრამ ფინანსური პოლიცია ვანდალურად შევარდა “ბადაგონში” და ამოიღო კომპანიიდან ყველა დოკუმენტაცია, რომ მიზანმიმართულად გააკოტროს კომპანია და ქუჩაში დატოვოს 600 დასაქმებული ჩვენი მოქალაქე, რომელთა საშუალო ხელფასი 800 ლარია. დღევანდელმა ხელისუფლებამ რაც წარმატებულად განახორციელა, ეს არის სააკაშვილის რეჟიმის კოპირება,რასაც მათ ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ ვაპატიებთ“.

ზაზა ხატიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ, ეს შევარდნა იყო დავით ბეჟუაშვილისა და დღევანდელი ეკონიმიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან კარგად დაგეგმილი, ძალიან ბინძური პროვოკაცია. დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის დროს არის შემოტანილი განცხადება, როცა ის ბრძანდებოდა ფინანსთა მინისტრი. დღეს ის აღარ არის ფინანსთა მინისტრი, დღეს არის ვიცე-პრემიერი და ეკონიმიკის მინისტრი. მე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, მივმართავ საქართველოს პრემიერ მინიტრს, გამოვიდეს, მოუხადოს ხალხს ბოდიში და იყოს გარანტი იმისა, რომ ,,ბადაგონი“ გააგრძელებს ძალიან მშვიდ გარემოში მუშაობასო. იმის დასადასტურებლად, რომ პრესკონფერენციის ეს მონაკვეთი მედიამ აქტიურად გააშუქა, ვაქვეყნებთ ,,იმედი“-ს სიუჟეტის ლინკსაც.

ახლა გვაინტერესებს, ბატონი ბიძინა ტელევიზორსაც არ უყურებს, ინტერნეტ და ბეჭდურ მედიას თუ არ ეცნობა? თუ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აღარ აინტერესებს? აბა, ყოველი არჩევნების წინ, ხალხს საკუთარ რჩეულებს რომ უქებს და ასე არჩევინებს, მერე, არ უნდა შეამოწმოს, საქმეს აკეთებენ თუ არა? არ უნდა აინტერესებდეს, ხალხი კმაყოფილია თუ მისი რჩეულით? ეს ალბათ, ის შემთხვევაა, როცა არ ვიცოდი დანაშაული უფრო არის, ვიდრე ალიბი.

როგორც ჩანს, ახლაც იგივე მდგომარეობაში ვართ. შემოდგომით ქართველი ხალხი პრეზიდენტს აირჩევს. როგორც ამბობენ, მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის რჩეულის მოლოდინშია. მართალია არ იციან, ამჯერად ვის ჩააცმევს ბატონი ბიძინა ფარჩის კაბას, მაგრამ იმას მაინც თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ მათ მიერ დასახელებული და მხარდაჭერილი ნებიმიერი კანდიდატი აუცილებლად გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ასე იყო მარგველაშვილის დროსაც, როცა საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ,,მარგველა“ , ბიძინამ ქვეყნის მეთაურად გამოაცხადა და ფაქტიურად, ხალხმაც ,,განდაგანა“ მის დაკრულზე იცეკვა. მერე კი, ჩვენი პრეზიდენტი ისევ ივანიშვილმა მიჯირყნა და კვლავ ხალხის დასაცავი გახადა. როგორც ჩანს, ახლაც იგივე გველის…

სიტყვებმა: ,,არ ვიცოდი“, ,,დამიმალეს“, პროკურატურაში დაიბარეთ“, ,,არ აპატიოთ“… დრო მოჭამა და წესით, აღარ უნდა გაჭრას. ქართულმა საზოგადოებამ უკვე არაერთხელ გამოსცადა დიდი იმედგაცრუება და ნიჰილიზმი, რომლებიც დიად დაპირებებს მოსდევს ხოლმე. მიხვდა ხალხი, როგორ ატყუებენ მათ ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც ღამის პეპლებივით დაჰქრიან ერთი პარტიიდან მეორეში და ბიუჯეტის ფულს სინათლესავით ეტანებიან. წესით, აღარ უნდა მოხდეს ისე, როგორც წინათ ხდებოდა, თუ …

ახლა კი კვლავ გადახედეთ პრესკომფერენციის ზემოთ გამოქვეყნებულ სიუჟეტს და მიპასუხეთ, იმის გამო, რომ ეუბნებოდნენ და არ ისმენდა, ჩასძახოდნენ, მაგრამ მისი ამოძახილი არ ისმოდა და ახლა გვეუბნება, არ ვიცოდიო, ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში თუნდაც ადვოკატ ზაზა ხატიაშვილს? კარგად დაფიქრდით ხალხო! სწორი პასუხი გამოქვეყნდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close