საზოგადოება

“რუსეთის ციხეში სიკვდილი მელოდება” _ კადიევი ქართველ ხალხს დახმარებას სთხოვს

დაღესტნელი უფლებადამცველი მიკაელ კადიევი ქართველი ხალხისგან თანადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ რუსეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კადიევის თქმით, მას გააჩნია ყველა მტკიცებულება, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს.

„მივმართავ ქართველ ხალხს, რადგან მე აქ უკვე დავკარგე ყველა ინსტანციის იმედი. აპირებენ ჩემს გაგზავნას და დაპატიმრებას რუსეთში, მაგრამ მე გამაჩნია მტკიცებულებები, რომ უდანაშაულო ვარ. რუსეთის ციხეში სიკვდილი მელოდება. ამ წლის განმავლობაში რუსეთის ციხეებში გაურკვეველი სიკვდილით  19 მუსულმანი ჩრდილოკავკასიელი გარდაიცვალა. მეც იგივე მელოდება, ამიტომ მივმართავ ქართველს ხალხს, რომ მოახდინონ გავლენა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. ასეთ შემთხვევაში აღარ მოხდება ჩემი ექსტრადირება რუსეთში”, – აცხადებს მიკაელ კადიევი.

აღნიშნული განცხადება დაღესტნელმა უფლებადამცველმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთან ნუგზარ წიკლაურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. წიკლაურის თქმით, მათი პოლიტიკური ძალა დაუშვებლად მიიჩნევს კადიევის რუსეთისთვის გადაცემას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არ გადასცენ კადიევი რუსეთს.

დაღესტნელი უფლებადამცველის მიკაელ კადიევის მოთხოვნა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა. სამინისტროს უარი კადიევმა სასამართლოში გაასაჩივრა და დავა წააგო.

რუსეთის პროკურატურა კადიევს მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც 2009 წელს მოხდა. ბრალდებული აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. 2013 წელს კადიევი საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. თუმცა, ტერორიზმის ნაწილში ბრალი მალევე მოუხსნეს. სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close