უმძიმესი ტრაგედია გუდაურში
„12 ადამიანია გარდაცვლილი, ეტყობა, ერთი ცუდად გახდა, მაგრამ გარეთ გამოსვლა მაინც ვერ შეძლო“
გუდაურში, ერთ-ერთ კოტეჯში 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან 11 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ერთი კი საქართველოსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი დათვალიერებით ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.
.
ყაზბეგის მერს, ბაკურ ავსაჯანიშვილი ამბები.ჯი-ის ამ ტრაგედიის დეტალებს უამბობს:
– უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გუდაურში, ინდოეთის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები, სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან ერთი ქართველია, დანარჩენები ინდოელები არიან. მათ ნაქირავები ჰქონდათ კოტეჯი, როგორც ვიცი, ეს კოტეჯი არის ადგილობრივის, გვარად მარსაგიშვილის. თვითონ ეს ადამიანი სხვაგან ცხოვრობს და ეს კოტეჯი მიქირავებული ჰქონდა მათთვის. როგორც შევიტყვე, მათ პატარა ბიზნესი ჰქონდათ, ამბობენ, კაფეს ამუშავებდნენო და ნაქირავები ჰქონდათ როგორც კომერციული ფართი, ასევე კოტეჯი, სადაც ღამით იძინებდნენ.
გუშინ იყო ძლიერი ქარი მთელ საქართველოში, ასევე გუდაურშიც და გარკვეული პერიოდით გაითიშა ელექტროენერგია. როგორც ირკვევა, მათ ჩართეს შიგნით, შესასვლელ ოთახში გენერატორი და თავიანთი ოთახების კარები ღია ჰქონდათ. როგორც ამბობენ, ნახევარი საათი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ამ გამონაბოლქვით მოწამლულიყვნენ.
ამ დროის ინფორმაციით, სწორედ ამით არიან გარდაცვლილები. ყველანი ადგილზეა დაღუპული. გარდაცვლილებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. ეტყობა, ერთი ცუდად გახდა, მაგრამ მან გამოსვლა გარეთ მაინც ვერ შეძლო და გონება დაკარგა. ბინაში სულ ორ ადამიანს აერია გული, ცუდად გახდა. შიგნით არის გენერატორი ჩართული, ერთი მაინც როგორ ვერ მიხვდა, რომ ეს კატეგორიულად არ შეიძლებოდა. რაც შეეხება ქართველს, ქალბატონია. როგორც ჩანს, ისიც მათთან მუშაობდა. მიმდინარეობს გამოძიება.
AMBEBI.GE