ასე გამოიყურება ჯანდაცვის გასხვისებული ობიექტი დღეს _ ვინ ისარგებლა ოზურგეთში რეფორმით?
ექსკლუზივი
ოზურგეთში, დიდი ხანი არაა, რაც ადგილობრივი არჩევნები გააცილეს, მაგრამ ძველ მერთან ერთად მასთან დაკავშირებული ძველი პრობლემებიც რომ გაეცილებინათ, უკეთესი იქნებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ოზურგეთელთა პრობლემები მხოლოდ ბეგი სიორიძესა და მის მართლაც რომ შესაშურ მადასთან არის დაკავშირებული. ამ მუნიციპალიტეტში მადას სხვებიც არ უჩივიან, მაგრამ როგორც ადგილობრივები ამბობენ,რომ ბეგის მოთხოვნილებები მეტისმეტია ( იმასაც ამბობენ, ახლა გუბერნატორის მოადგილის სკამის მოსაპოვებლად ჩალიჩობსო).
რატომ? ახლავე გეტყვით. ოზურგეთში უამრავ შენობას, „შენობაყოფილსა“ თუ, უბრალოდ, უკვე „მოსწორებულ ადგილს“ ადევს გრიფი: „გაყიდულია“! ამ შენობების დიდი ნაწილი განადგურებული, ამორტიზირებული და გამოსაყენებლად უვარგისია. ჩვენ აუცილებლად წარმოგიდგენთ ყველა მათგანს, მაგრამ ამჟამად, ერთ-ერთზე _ ყოფილი ბავშვთა სტომატოლოგიურზე გვინდა ვისაუბროთ.
წლების წინ ხმა გავარდა _ და ეს მაშინ, როცა დაწესებულება ფუნქციონირებდა _ სტომატოლოგიურის შენობა გაყიდულიაო. სამედიცინო ობიექტების გაყიდვა-გასხვისება ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ,,ნათელი სხივი” გახლდათ. როგორც ამბობდნენ, ეს ყოველივე ხალხისთვის კეთდებოდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ,,ხალხში” ბობოლა ადამიანები იგულისხმებოდნენ. ოზურგეთის ბავშვთა სტომატოლოგიურ ცენტრს ჯერ დასახელებაში_ „ბავშვთა“ მოაშორეს და მერე „კანონის დაცვით“, როგორც ამორტიზებული შენობა, ისე გაყიდეს.
ნელ-ნელა შეაპარეს ქალაქს უმისობა და შენობის გარეშე დატოვეს ექიმები, რომელთაც, ახლა, ბავშვებთან მუშაობის უფლებას ართმევენ. მათ ამისათვის, სპეციალურ ლიცენზიას სთხოვენ, რომლის მოსაპოვებლადაც ექიმი თავის საქმეს უნდა მოსწყდეს, თბილისში გადაბარგდეს და ლიცენზიისთვის იბრძოლოს. აღარაფერს ვამბობთ პატარებზე, რომელთაც, ასეთი მდგომარეობა, თავის მხრივ, ჯამრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. როგორც ერთ-ერთი ბავშვების ბედზე შეწუხებული ექიმი ამბობს: ან უნდა გაწირო, ან _ გარისკო (ვისაც ლიცენზია არა აქვს, ჯარიმას უწესებენ _ კომენტარი, ვფიქრობთ, ზედმეტია!).
ცხადია, გაინტერესებთ, ვის აქვს ეს შენობა, ანუ ვინ არის მისი მფლობელი ამჟამად და რისთვის იყენებს? აქვე გეტყვით და ფოტოზეც ხედავთ, რომ შენობა დაკეტილია და მოუვლელობისგან გაპარტახებული. ოზურგეთში ყველამ იცის მისი მფლობელის ვინაობა და პირადადაც იცნობენ მას. როგორც გვითხრეს, ეს გახლავთ ოზურგეთის ყოფილი მერი _ ბეგლარ სიორიძე. როდის, რა ფასად და პირობებით შეიძინა ყოფილმა მერმა სახელმწიფოსგან ჯანდაცვის ობიექტი, euronews.ge აუცილებლად დაადგენს და გაგაცნობთ. აქვე გეტყვით, რომ ოზურგეთში, ამ შენობის გარდა, ყოფილ მერს სხვა შენობებიც ჰქონია სახელმწიფოსგან შესყიდული. კონკრეტულად ვისზე აფორმებდა ბეგლარ სიორიძე ნაყიდ შენობებს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხალხის თვალსა და ყურს რას გამოაპარებ?!
მარიამ რამიშვილი