ტკივილიანი წარსული
„დედაჩემს ექიმები ეუბნებოდნენ, აბორტს ვერ გადაიტანსო, ის კი იმეორებდა, მოკვდეს, ეს ბავშვი არ უნდა გაჩნდესო“

„მინდა, ჩემი ისტორია გიამბოთ, ოღონდ ერთს გთხოვთ, ამ სტატიის ქვეშ უარყოფით კომენტარებს ნუ დაწერთ, ეს არის ერთი ჩვეულებრივი გოგონას ამბავი, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს და რომელსაც სინდისი აწუხებს.
მას შემდეგ, რაც ამდენ ამბავს ვისმენ, საერთოდ მოსვენება დავკარგე. ვხვდები იმასაც, რომ ეს მარტო მე არ ჩამიდენია და ჩემსავით ბევრი გოგონა აიძულეს, გაეშვილებინა თავისი პატარა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი სისუსტის ბრალი იყო. იმ საზოგადოების ბრალი იყო, რომელ საზოგადოებაშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ”, – ამბობს ქალი „კვირის პალიტრასთან“. მისი დრამატული ისტორია ასეთია:
.
-სამი და ვართ და მშობლები მზრუნველობას არ მაკლებდნენ. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და რომ დავამთავრე, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. მშობლებმა ბინა დამიქირავეს, მაშინ ეკონომიკურად ძალიან ჭირდა და ჩემთან ერთად ბინაში ჩემი თანაკურსელი გოგო ცხოვრობდა. ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. რადგან ბინის ცალკე დაქირავების საშუალება არც მის მშობლებს ჰქონდათ, ერთად ვიქირავეთ და თანხასაც ვიყოფდით.
მშობლები იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. ეს გოგოც იმერელი იყო, ჩვენს მშობლებს საერთო ნაცნობებიც აღმოაჩნდათ და მშვიდად იყვნენ. სოფლის პროდუქტებს გვიგზავნიდნენ და ძირითადად, ამით გაგვქონდა თავი, მაშინ ფულის შოვნა იოლი არ იყო. საბურთალოზე, კერძო სახლში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, კიდევ რამდენიმე ოთახი იყო გაქირავებული და იქაც სტუდენტები იყვნენ.
ნაქირავებ ბინაში ყოფნის დროს გავიცანით ბიჭი, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობდა. ისიც სტუდენტი იყო, რაიონიდან იყო ჩამოსული. დედამისი ვაგზალზე ვაჭრობდა და სახლში ღამით მოდიოდა. ისიც კარგად მიცნობდა. დავუახლოვდით ერთმანეთს და შემიყვარდა. ბიჭი ცოლობას მპირდებოდა, მეგონა, მასაც ძალიან ვუყვარდი. მეოთხე კურსზე ვიყავი, მისგან ფეხმძიმედ რომ დავრჩი.
მერე გავიგე, რომ მისი ოჯახი ჩვენი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, განსაკუთრებით დედამისი.
შეყვარებულმა რომ გაიგო, ორსულად ვიყავი, სერიოზულად ვიჩხუბეთ, აბორტის გაკეთება მომთხოვა, ამის გამო დავშორდით ერთმანეთს. როცა დავრწმუნდი, ის ბიჭი არ დაბრუნდებოდა, ბავშვის მოშორებაზე ბევრჯერ მეც ვიფიქრე, მაგრამ ვერც ეს გადაწყვეტილება მივიღე.
კარგა ხანს ჩემს მეგობარ გოგოსაც არ ვეუბნებოდი ფეხმძიმობის ამბავს. მესამე თვეში ვიყავი რომ ვუთხარი და მანაც ძალიან ინერვიულა, დამპირდა, რომ მოძებნიდა ამ ბიჭს და თვითონ დაელაპარაკებოდა, მამშვიდებდა, რომ ის არ დამტოვებდა და ცოლად მომიყვანდა. იმ წელს ამთავრებდა სწავლას ის ბიჭი. ჩემმა მეგობარმა ჯერ დედამისი გამოძებნა ბაზარში და მას უამბო, თუ როგორ განვიცდიდი ამ ამბავს. მეორე დღეს, ეს ქალი ბინაში მოვიდა, მოითხოვდა გავყოლოდი და აბორტს გამიკეთებდა, მაგრამ ვერ დამიყოლია.
მერე მაგიდაზე დამიდო ფული და მითხრა, ასე ჯობია შენთვის, შვილიანად გათხოვება უფრო გაგიჭირდებაო. ისიც კატეგორიულად თქვა, ჩემი შვილი პასუხისმგებლობას ვერ აიღებსო. მაშინ სახლიდან გავაგდე, სახეში მივაყარე ის ფულიც. არაფრის გაგონება არ მინდოდა…
ჩემი დაქალი ჩემს სოფელში ჩავიდა და ეს ამბავი დედაჩემს უამბო. ახლაც თვალწინ მიდგას დედაჩემის განრისხებული სახე, რომ ჩამოვიდა და ჩხუბი დამიწყო. რომ იტყვიან, სისხლი გადმოდიოდა თვალებიდან, მლანძღავდა, მცემა კიდეც, ისიც მოითხოვდა ნაყოფი სასწრაფოდ მომეცილებინა. მამაშენი მოგკლავსო.
მოკლედ დიდი ამბები იყო, სასწრაფოდ წამიყვანა ექიმთან, მასაც უმტკიცებდნენ მოკვდება, აბორტი არაფრით არ შეიძლებაო, მაგრამ ჯიუტად იმეორებდა, მოკვდეს, ეს ბავშვი არ უნდა გაჩნდესო. ყველამ უარი თქვა აბორტზე. იმას ვნატრობდი, ამ ფეხმძიმობას გადავყვებოდე-მეთქი.
– გააჩინეთ პატარა?
– სწავლის თავი სად მქონდა, აკადემიური ავიღე, ორსული ხომ არ ვივლიდი უნივერსიტეტში, ეს ამბავი გახმაურდებოდა. მეცხრე თვეში ვიყავი, როცა დედამ თბილისიდანაც წამიყვანა, კახეთში, სადაც დედაჩემის ბიძაშვილი იყო გათხოვილი. ეს ქალი მარტო ცხოვრობდა, მისი ქმარი რუსეთში იყო სამუშაოდ წასული. მთელი ორსულობა სრული ტანსაცმელი მეცვა და ვიზუალურად ძალიან არ მეტყობოდა. ძალიან არ გამზრდია მუცელი.
საქმის გარჩევებიც იყო, იმ ბიჭსაც სთხოვდნენ, რომ მე ცოლად მოვეყვანე, მაგრამ მალე გავიგე, რომ თურმე დედამისმა სასწრაფოდ ცოლი მოაყვანინა, ოღონდ ჩემზე არ ექორწინა. გადაწყდა, შვილი უნდა გამეჩინა და ბავშვს გააშვილებდნენ.
კახეთში ისე ვიმშობიარე, რომ ეს ამბავი მამაჩემს არც გაუგია. მამაჩემი ძალიან მკაცრი იყო, რომ გაეგო, შეიძლება ტყვიაც ესროლა ჩემთვის. კახეთის სამშობიაროში ვიმშობიარე და დაიბადა გოგონა, რომელიც იქ დავტოვეთ. ვიცი, რომ ეს ბავშვი გააშვილეს. ამ საქმეში ვინც იყო ჩარეული, იმან იპოვა წყვილი, რომელსაც შვილი უნდოდა და გაყიდეს.
1990-იანი წლები იყო, მგონი 1000 დოლარი აიღეს. მე იმ ფულს არ შევხებივარ, ის ფული დედაჩემმა იმ ნათესავს გაუნაწილა. ჩვენს სოფელში ბევრს არ გაუგია ეს ამბავი, მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ არაფერი იცოდა. რამდენიმე ახლობელმა იცის მხოლოდ.
– მერე სხვა ოჯახი შექმენით?
– კი, ქმარი და ორი შვილი მყავს… ჩემს გაშვილებულ შვილს ბოდიშს ვუხდი, რომ ვერ შევძელი მისი მიღება და გაზრდა. იმაზეც მიფიქრია, რომ მოხდეს სასწაული და გამოჩნდეს ჩემი გოგონა, მერე რა მოხდება. შეიძლება მოძებნა გენეტიკური მამა, მასაც სხვა ოჯახი აქვს შექმნილი როგორც ვიცი, მან შეიძლება უთხრას, რომ მისი არსებობის ამბავი არ იცოდა, არადა, ძალიან კარგად იცოდა და თვითონ მაიძულებდა, მომეშორებინა ნაყოფი.
ამიტომ ნუ ენდობით ასეთ მამებსაც, რომლებიც ხელს მხოლოდ ქალების დასადანაშაულებლად გაიშვერენ. მარტო ქალების ბრალი არ არის. არც იმ ზღაპრების მჯერა, რომლებიც ამბობენ, რომ მათ შვილები მოჰპარეს. ბევრი ახლა ასე ფუთავს ამ ამბავს, არადა, ყველამ იცის, რომ მაშინ თავისუფლად ყიდდნენ საკუთარ შვილებს. ეს არის მწარე რეალობა. მინდა, მივმართო ჩემს შვილს, მაპატიე, ამდენი წლის მერეც არ ვარ მზად შენს მისაღებად. იმედი მაქვს, რომ კარგი ადამიანი ხარ, კარგი ოჯახი გაქვს. ალბათ ჯობია, ასე გავაგრძელოთ და ეს ამბავი ასე ბოლომდე საიდუმლოდ დარჩეს.
კვირის პალიტრა