ჯანდაცვა

,,ფილტვების ანთებით ერთ დღეში 7 პაციენტი დაეღუპათ“-მაქინაციის ახალი სქემა სამედიცინო დაწესებულებებში

სკანდალი-ექსკლუზივი!

  ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მდგომარეობით, მედიცინის მუშაკების გარკვეული ნაწილი აღშფოთებას ვერ მალავს. ისინი ამბობენ, რომ პაციენტების მიმართ ექიმის დამოკიდებულება შეიცვალა და მათი კოლეგები ავადმყოფებში მხოლოდ ფულის, საკუთარი შემოსავლის წყაროს ხედავენ. ეს მიდგომა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ე.წ. ჯანდაცვის მამების ხელშეწყობით, რომლებიც, ამ მდგომარეობით ხელს დღემდე კარგად ითბობენ.
  ექიმები, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, ადრე თუ გვიან არსებულ მდგომარეობაზე პროტესტს საჯაროდ გამოხატავენ. ისინი აცხადებენ, რომ საკუთარი პროფესია სძულთ, რადგან ეს აღარ არის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა და არც ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულება.
 ,,ჩვენი პროფესიის ადამიანები ჰიპოკრატებს ფიცის ერთგულები აღარ არიან, გაიდლაინების სისტემა და ამ სფეროში შემოჭრილი ბიზნესი ექიმის მოწოდებას და არსს, ბოლომდე ანადგურებს“ _ გვითხრა ერთ-ერთმა. მეორე ექიმმა გაგვაცნო მეთოდი, რომლითაც ბიუჯეტის ფულს ითვისებენ ე.წ. მოდერნიზებული და ევროპული დონის, თუმცა მაინც ქართულ სტაციონარებსა და კლინიკებში. მისი თქმით, პროგრამის მიხედვით, რომელსაც საყოველთაო დაზღვევას ვუწოდებთ, კერძო დაზღვევის არმქონე ადამიანებს სახელმწიფოსგან, ყოველდღიურად ერიცხებათ თანხა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ეს არის სახელმწიფოს კეთილი ნება, თუმცა იგივე სახელმწიფო ჩინოვნიკების შექმნილი მაქინაციური სისტემით, ამ ფულს ვერ იყენებენ რიგითი მოქალაქეები და ის კვლავ ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება.
 რეგიონში მაცხოვრებლებს სახელმწიფოსგან, ჯანმრთელობისთვის გამოეყოფათ 1 ლარი, დედაქალაქში მცხოვრებლებს – 1.99 ლარი. ეს განკუთვნილი არის იმ მომსახურეობებისთვის, რომელზეც, სამედიცინო დაწესებულებებში გვეუბნებიან, რომ უფასოა. ფაქტია, ზოგიერთი ჩვენგანი ამ თანხას სიცოცხლის განმავლობაშიც ვერ ან არ იყენებს, ზოგიც, სრულად ვერ ხარჯავს. ფული კი მიედინება და მიედინება. საზოგადოებისთვის ამ თანხის მიმართულება უცნობია, თუმცა ჩინოვნიკთა სიმდიდრით შეიძლება ვივარაუდოთ, სად და როგორ დაილექა ჩვენი მილიონები.
 როგორც მედიცინის მუშაკებმა გვითხრეს, ბოლო პერიოდში, სტაციონარებში ფილტვების ანთების დიაგნოზით მოთავსებული პაციენტების რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა, რაშიც, თურმე, ავადობასთან ერთად, ჩვენი ,, ბრძენი“ ჩინოვნიკების ხელიც ურევია. ავადმყოფობის ეს კატეგორია, თურმე, ფინანსდება სახელმწიფოსგან, ამიტომ, ფული რომ მოხსნან, სხვა ჩივილებით შესულ პაციენტებსაც დიაგნოზში ფილტვების ანთებას უწერენ. სტაციონარების ექიმები ამის შესახებ გაფრთხილებულები ჰყავთ მენეჯერებს და ისინიც, მონურად აკეთებენ იმას, რასაც უკვეთავენ. ამის გამო, ძალიან ბევრს გაურთულდა ის დაავადება, რომელიც რეალურად ჰქონდა და ზოგიც, ამის გამო გარდაიცვალაო.
 ერთ-ერთი ექიმი მოგვიყვა, რომ მასთან მისულ პაციენტს, რომელსაც საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში ფილტვების ანთებაზე მკურნალობდნენ, რეალურად, გული აწუხებდა. ჩვენ ის რამდენიმე წამლით, სამ დღეში განვკურნეთ, ისინი კი ,,წყალწყალა“ ანტიბიოტიკებს უკეთებდნენ და მდგომარეობას ურთულებდნენო.
 ერთ-ერთი რეგიონის საავადმყოფოში, ერთ დღეში 7 პაციენტი გარდაცვლილა და თითქმის ყველას, დიაგნოზში ფილტვების ანთება წერებია. რეანიმაციაში კი არა, პალატაში ეღუპებათ პაციენტები და მომკითხავი, ან განმკითხავი არავინ არისო. იმ სტაციონარის ხელმძღვანელი, რომელშიც ერთ დღეს 7 პაციენტი გარდაიცვალა, იმის გამო, რომ პრობლემები არ შექმნოდა, თურმე მეზობელი მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქაურობას გაარიდეს. ექიმები კოლეგების არაპროფესიონალიზმითაც აღშფოთებულები არიან. გვითხრეს, წინათ კონსილიუმები იმართებოდა, სამედიცინო შეცდომების დროს გვიბარებდნენ და სირცხვილის ბოძზე გვაკრავდნენ. ეს ექიმისთვის თავის მოჭრად ითვლებოდა, ახლა კი, აღარც კონსილიუმებია და არავინ არაფერს კითხულობს. მთავარია, მედიცინის მუშაკს მომჩივარი არ ჰყავდეს, თუმცა ასეთ საქმეებსაც აგვარებენ. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ასეთი მომჩივრების გასანეიტრალებლად არის შექმნილი. თანაც, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში დაცვა დგას და პაციენტს შიგნით რომ შეიყვანენ, პატრონს საქმის კურსში არ აყენებენ. მერე კი, როცა ფატალური შედეგი დგება, რასაც უნდათ იმას წერენ ავადმყოფის ისტორიაში. აქედან გამომდინარე, დაზარალებულმა, ან ჭირისუფალმა რომც უჩივლოს ექიმს, ვერაფერს დაუმტკიცებსო. ანუ გამოდის, რომ ფულზე დახარბებული ადამიანები, რომელთაც ავადმყოფის მდგომარეობით უნდათ რომ ისარგებლონ და ფულის ტომრები გაავსონ, ხალხს სიკვდილისთვის სწინარავენ. ეს ყველაფერი კი ხდება ქვეყანაში, სადაც არსებობს გაბერილშტატიანი, წარმატებულად გამოცხადებული ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრითურთ და უამრავი სიპ-აიპით, რომლებიც, ასევე, სახელმწიფო ფულს ხვავრიელად ხსნიან, დაკისრებულ მოვალეობას საერთოდ არ ასრულებენ და, მაქინაციებით მიღებულ შემოსავლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაღალი ხელფას-დანამატებით ნებივრობენ. არსებობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მრჩევლებ-წევრებით, რომლებიც, იმიტომ რომ პროვილეგიები, ხელფასები და მომავალში მაღალი პენსიები ჰქონდეთ, მხოლოდ უსუსური, ხალხისთვის არაფრისმომცემი კანონების ჯღაბნით არიან გართულნი და მედიასაშუალებით გვეკეკლუცებიან. ასევე არსებობს სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ასევე ხალხის ფულს ჭამს, კომფორტს არ იკლებს და სინამდვილეში, პოლიტიკურ მანქანად არის ქცეული…
 ქვეყნის მჭამელთა სია რომ გავაგრძელოთ, ძალიან დიდი გამოვა… ამშენებელთა სია კი ცარიელი, რადგან დღეს, ეტყობა, საქართველოში ნგრევის დროა.

 ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close